CES Records ნიკა მაჩაიძის მუსიკალური ანთოლოგიის სერიას გამოაქვეყნებს

ძალიან მალე CES Records-ზე ნიკა მაჩაიძის მიერ 1996-2021 წლებში შექმნილი და საზოგადოებისათვის უცნობი მუსიკალური ნამუშევრების სერია სხვადასხვა ფორმატის სახით გამოვა. პირველი სინგლის - სახელწოდებით Lam-a-97-ის - მოსმენას ელექტრონული მუსიკის მოყვარულები ლეიბლზე 25 ივნისიდან შეძლებენ.

„ნიკას 1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც მუსიკის წერა დაიწყო, დღემდე აქვს დაახლოებით ათასამდე ფართო საზოგადოებისათვის უცნობი ტრეკი, რომლებსაც CES Records არჩევს და 25 ივნისიდან ამ მუსიკალური ნამუშევრების სხვადასხვა ფორმით გამოქვეყნებას ვგეგმავთ. ნიკა მაჩაიძის ეს მუსიკალური სერია ძალიან ექსპერიმენტული და თავისუფალია: გვხვდება როგორც IDM-ის, ასევე Ambient-ის ჟანრის ნამუშევრები, საინტერესოა ისიც, რომ ნიკას მიერ მუსიკა შექმნილია როგორც მოდის ჩვენებების, ასევე თეატრებისთვისაც. ეს ყველაფერი ლოგიკურად შეიკვრება -  ვფიქრობთ, რომ იქნება 10-ზე მეტი სინგლი, მინიალბომები,  წლების მიხედვით დალაგებული კომპილაციები და ასევე ალბომებად დახარისხებული მოდის ჩვენებისა თუ სპექტაკლებისათვის დაწერილი მუსიკა“. - გვიყვება CES Records-ის დამფუძნებელი ნასტია სართანია.


ვინაიდან ნიკა მაჩაიძე პირველი  მუსიკოსია, რომელმაც ქართული ელექტრონული მუსიკა საზღვრებს გარეთ გაიტანა და ერთ-ერთი პიონერია ამ ჟანრში, CES Records-ისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ საინტერესო და უცნობი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა - ეპოქის გაცოცხლება. 

ნასტია სართანია: „იმის გამო, რომ CES Records სკოლის, CES-ის ლეიბლია, ჩვენთვის რელიზის მომზადებისას ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საგანმანათლებლო საკითხებია, შესაბამისად, ძალიან გვახარებს, რომ შეგვიძლია ახალგაზრდებს ნიკას ძალიან საინტერესო და უცნობი მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა მივცეთ. ახლა თითქოს ჩვეულებრივი რამეა, რომ ჩვენს ქვეყანაში დიდი რაოდენობით ელექტრონული მუსიკა იქმნება, ადრე კი ასე არ იყო. 90-იანების ბოლოს ამ ჟანრის ნამუშევრების შექმნა ნიკას მიერ რევოლუციური გახლდათ, შესაბამისად, ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ შეგვიძლია ახალგაზრდები დროში ვამოგზაუროთ და ეპოქა გავაცოცხლოთ“.



ავტორი : ანი კლდიაშვილი