CES Records-ზე ნიკა მაჩაიძის აქამდე უცნობი ალბომი D_00 გამოიცემა

დამოუკიდებელი ქართული ლეიბლი CES Records ნიკა მაჩაიძის, იგივე Nikakoi-ს მუსიკალური ანთოლოგიის გამოცემას აგრძელებს. ანთოლოგიის მეორე სეზონი სამ ალბომს მოიცავს, რომელთაგან პირველი -  “D_00” 3 დეკემბერს გამოიცემა. 




“ეს არის ნიკას 1997 წლის მუსიკა, რომელსაც დღის შუქი არასოდეს უნახავს და აქამდეც არავის მოუსმენია,”  - ამბობს CES Records-ის დამფუძნებელი ნასტია სართანია Hammock Magazine-თან საუბრისას. “ “D_00” უშუქობის პერიოდში შეიქმნა, მაშინ, როცა ნიკას მუსიკის წერა ახალი დაწყებული ჰქონდა. ვფიქრობ, ანთოლოგიის ეს ნაწილი არა მხოლოდ Nikakoi-ს გულშემატკივრებს, არამედ ყველა მელომანსაც დააინტერესებს. კარგია ვიცოდეთ, როგორ მოვედით იქამდე, სადაც ახლა ვართ. განსაკუთრებით დღეს, როცა ელექტრონული მუსიკა, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი სწორედ ნიკა მაჩაიძეა, ასეთი პოპულარულია. ამიტომაც მგონია, რომ Nikakoi-ს ეს მუსიკალური მოგზაურობა ყველა ტიპის მსმენელისათვის საინტერესო გამოცდილება იქნება.”


 

შეგახსენებთ, რომ CES Records-მა ნიკა მაჩაიძის ბოლო 25 წლის განმავლობაში შექმნილი მუსიკის გამოქვეყნება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. თითოეული მუსიკალური ანთოლოგია სეზონებად არის დაყოფილი. პირველი სეზონი 2021 წლის ზაფხულში გამოვიდა, რომელშიც შვიდი სხვადასხვა გამოცემა შევიდა. ნასტია სართანიას სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მაჩაიძის კომპოზიციათა ნაწილი ინტერნეტსივრცეში არაოფიციალურადაა გამოქვეყნებული, ქართული ლეიბლის მიერ გამოცემული მუსიკალური ანთოლოგია ბევრად მეტ, Nikakoi-ს აქამდე უცნობ ნაწარმოებებს გააერთიანებს.

 

 



ავტორი : ანა გაბისიანი