Crosty - თავისუფლების იდეით შთაგონებული ქართული ბრენდი

Hammock Magazine კომპანია Meama-სთან ერთად წარმოგიდგენთ სტატიების სერიას იმ ადამიანების შესახებ, ვინც საკუთარ სფეროში ქმნიან მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლეს, პროგრესს და ამ ყველაფრით ცვლიან ყოველდღიურობას. ამჯერად ფეხსაცმლის ქართული ბრენდის, Crosty-ს დამფუძნებლებს - გიორგი და შოთა მიქაიებს გაგაცნობთ,  რომელთა მიზანი თავისუფლების იდეით შთაგონებული  ქართული ბრენდის საერთაშორისო წარმატების მიღწევაა.


მოგვიყევით, როგორ გაჩნდა "ქროსთის" დაარსების იდეა და რა გზა გაიარეთ მანამდე, სანამ ამ ბრენდს შექმნიდით?

გიორგი: მარკეტინგსა და გრაფიკულ დიზაინში მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, საიდანაც “ქროსთის” მოთხოვნილებებზე ადაპტაცია რთული არ აღმოჩნდა, შოთა ელექტრონული კომერციის სპეციალისტია, რაც ასევე ძალიან გვეხმარება. მთავარი მოტივაცია იყო შეგვექმნა ჩვენი პროდუქტი, რომელსაც გლობალური ზრდის პოტენციალი ექნებოდა.

სრულიად შემთხვევით ეს პროდუქტი სნიქერებიღმოჩნდა, რომელშიც შესაძლებლობა დავინახეთ და მივხვდით,  რომ ეს ის არის, რისი კეთებაც გვინდა. მიზანიც ასეთივეა, მოვნიშნოთ საქართველო სნიქერების მსოფლიო რუკაზე.

მოგვიყევით სამუშაო პროცესის შესახებ, ვინ  ქმნის  “ქროსთის” ფეხსაცმლის დიზაინს და რას ანიჭებთ ყველაზე დიდ მნიშვნელობას მთელ ამ პროცესში?

 გიორგი: “ქროსთის” დიზაინზე მე ვმუშაობ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა  პროდუქტი საკუთარ კონცეფციას და გზავნილს ატარებდეს, რომლებიც  ჩვენი ბრენდის მთავარ ღირებულებებს ეხმიანება. ყოველთვის ვცდილობთ, ეს  გზავნილები დიზაინის დეტალებით  იყოს გადმოცემული. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი ასეთი მოდელია „DRO”, რომლის კონცეფციაცაა  დააფიქროს ადამიანები თავისუფლებაზე, დროის ჭრილში. დრო არის ყველაზე თავისუფალი რამ, რასაც ვერაფერი შეაჩერებს. ყველა სნიქერს აწერია ის უნიკალური დრო, როცა ფეხსაცმელი იფუთება.

Every shoe has a sole. Every soul has a story. 

დაგვიხასიათეთ, როგორია  ადამიანი, ვისთვისაც “ქროსთი” შეიქმნა?

გიორგი: “ქროსთი” თავისუფლებით შთაგონებული ადამიანებისთვის შეიქმნა, მათთვის, ვინც მუდმივად მოძრაობს და არ ჩერდება. არ ეშინია სიახლეების და ცვლილებების. ჩემი აზრით, თავისუფლება სწორედ მუდმივ მოძრაობაშია.

რა არის დღეს ამ ბრენდის მთავარი ღირებულებები, რა მესიჯებით მიდის “ქროსთი” მომხმარებლამდე?

 გიორგი: “ქროსთის” მთავარი ღირებულება თავისუფლებაა და ყველა ურთიერთობა  ამის გარშემოა აგებული. ბრენდის მისიაა, მისცეს ადამიანებს შთაგონება თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ყველა გზავნილი და სიტყვა, რომელსაც ეს ბრენდი ატარებს, აუცილებლად სწორედ ამ იდეასთან არის დაკავშირებული.


მაინც რა არის თავისუფლება “ქროსთის” ხედვით?

 შოთა: გვჯერა, რომ თავისუფლება ინდივიდუალური ცნება და იდეაა. “ქროსთის” ხედვით, თავისუფლება არის პოტენციალი, ენერგია, პროგრესი. ის გვაძლევს შანსს გავცდეთ ფიზიკურ და მენტალურ საზღვრებს, შევიცნოთ და შევქმნათ ისეთი რამ, რითაც მთელ სამყაროს სასიკეთოდ შევცვლით. ჩვენი მისია თითოეული ადამიანის შთაგონებაა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, სწორედ ამიტომ ბრენდის დაარსებიდან თითოეული ნაბიჯი ამ ღირებულებასთან არის დაკავშირებული. თავისუფლება არ არის ეგოისტური ცნება, ის გვაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს, თუმცა ამასთან გვაკისრებს პასუხისმგებლობას ჩვენს ნებისმიერ   ქმედებაზე.

ზოგადად, რა გზებს მიმართავთ მუდმივი განვითარებისთვის, სად პოულობთ შთაგონებას?

 შოთა: მუდმივი განვითარებისთვის აუცილებელია ყოველთვის ახალი ცოდნისა და ინფორმაციის მიღება, განსაკუთრებით დღეს, როდესაც დღის წესრიგი ძალიან სწრაფად იცვლება და მუდმივად საჭიროა ახალ რეალობას მოვერგოთ როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი იდეები და პროდუქტი. შთაგონების წყარო შესაძლოა იყოს ნებისმიერი რამ, მაგალითად, საქართველოს მთების სილუეტები, მუსიკა, ხელოვნება და ადამიანების ენერგია. ყოველი შთაგონების წყარო განსაკუთრებულ ემოციას აღძრავს ჩვენში და გვაძლევს ძალას, რომ შევქმნათ რაღაც ახალი და განსაკუთრებული, იმ ღირებულებებთან თანხვედრაში, რომლებსაც  ჩვენი იდეები აერთიანებს.

 როგორ გესახებათ “ქროსთის” მომავალი, რა მიმართულებით გსურთ განავითაროთ თქვენი საქმიანობა და ფართო ხედვა?

 შოთა: “ქროსთი” მისი დაარსების დღიდან წარმოდგენილი გვქონდა როგორც გლობალური ბრენდი, თუმცა დღეს ვფიქრობთ, რომ მას აქვს პოტენციალი გახდეს არამხოლოდ ბრენდი, არამედ იდეა, რომლის გარშემოც ის გააერთიანებს ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მისცემს მათ ენერგიას, შთაგონებას გადადგან გარდამტეხი ნაბიჯები ცვლილებებისთვის და მათთან ერთად შეცვლონ სამყარო უკეთესობისკენ. დაგეგმილი გვაქვს უახლოეს მომავალში გავხსნათ კონცეპტუალური მაღაზიები მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ბრენდის იდეას და მის ღირებულებებს, ასევე სივრცეს, სადაც თავისუფალი ადამიანები სხვადასხვა ფორმით შეძლებენ საკუთარი თავის გამოხატვას.


რა გზებს მიმართავთ იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობა ინოვაციური ფორმით წარმოადგინოთ, ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ახალი გზების ძიება და სიახლეებისკენ სწრაფვა?

 შოთა: სიახლეებისკენ  სწრაფვა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ განვავითაროთ როგორც პროდუქტი, ასევე მომსახურების ხარისხი. სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება და მათ შორის ურთიერთობის  მეთოდებიც მუდმივად იცვლება, განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, როდესაც პანდემიამ დიდი ბიძგი მისცა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას. დაარსებიდან დღემდე ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ციფრულ არხებს, მათ შორის  ვებგვერდს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს მომხმარებლებთან გვქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია და მათ მივაწოდოთ ინფორმაცია სწორედ იმ იდეების და ღირებულებების შესახებ, რომელზეც  ბრენდია დაფუძნებული.

განსაკუთრებული მადლობა:
Sense Concept Store, Toibox, Buyers

 


ავტორი : გვანცა ჩანადირი, ფოტო: ლაშა ბაკურაძე, ფოტოსესიის იდეის ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე