დევიდ ბოუის შესახებ ახალ ფილმს იღებენ

ამერიკელი რეჟისორი ბრეტ მორგენი, რომლის ფილმოგრაფიაში Nirvana-ს მთავარი ვოკალისტის, კურტ კობეინის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმსაც შეხვდებით, დღეს დევიდ ბოუის პროექტზე მუშაობს. ჟურნალ Variety-ის მიხედვით, ფილმის რეჟისორი, რომლის ვინაობა ახლახან გახდა ცნობილი, პროექტზე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. რეჟისურასთან ერთად მორგენის მოვალეობა დევიდ ბოუის პროექტის მონტაჟის, სცენარისა და პროდიუსინგის ნაწილსაც მოიცავს. როგორც ცნობილია, ფილმი არც დოკუმენტურია და არც ბიოგრაფიული. პროექტი მუსიკოსის  “ნაკლებად ცნობილი პერფორმანსების ათასობით საათს” ეფუძნება.


ფილმის მუსიკის პროდიუსერი ტონი ვისკონტია, რომელსაც ბოუის მრავალ ალბომზე  უმუშავია. აღსანიშნავია ისიც, რომ დევიდ ბოუის პროექტის ხმოვან მხარეზე ოსკარის მფლობელი გუნდი ზრუნავს, რომელიც რამდენიმე წლის წინ Queen-ის მომღერლის, ფრედი მერკურის ბიოგრაფიულ ფილმზე - “ბოჰემურ რეფსოდიაზე” მუშაობდა.



ფილმის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა დაანონსებულია პრემიერის თარიღი - 2022 წლის იანვარი, რომელიც სანდენსის კინოფესტივალზე, მუსიკოსის გარდაცვალებიდან 6 წლისთავზე გაიმართება.




ავტორი : ანა გაბისიანი