დევიდ ჰიქსის დიზაინი - ძველისა და ახლის სინთეზი

ინტერიერის დიზაინერ დევიდ ჰიქსს უბრალოდ არ დაურღვევია ჟანრის ტრადიციები და კანონები, მან შექმნა ახალი სტილი, ბრიტანული ინტერიერის ახალი პალიტრა. მან ცხოვრება მთლიანად მიუძღვნა დეკორაციებს, დიზაინში ახალი იდეების ძიებასა და ექსპერიმენტებს. დევიდ ჰიქსის დიზაინი გამოირჩევა კაშკაშა ფერების შეხამებითა და გეომეტრიული ფიგურების უხვად გამოყენებით. მის დიზაინში სიმდიდრე და უბრალოება ყოველთვის ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. 




დაიბადა 1929 წელს, ესექსის პატარა სოფელ კოგგეშალში. სკოლის დასრულების შემდეგ  სასწავლებლად გაემგზავრა ლონდონის სენტ-მარტინის სკოლაში, მაგრამ 18 წლის ასაკში, ჯარში გაწვევის გამო, იძულებული იყო სკოლისთვის თავი დაენებებინა. ჯარმა ჰიქსს საშუალება მისცა სხვადასხვა ადგილებში ემოგზაურა, სადაც იგი გადააწყდა მრავალფეროვან ინტერიერებსა და ექსტერიერებს, ასეთ გამორჩეულ ადგილებს მომავალი დიზაინერი ყოველთვის ესკიზების სახით იხატავდა. ჯარიდან დაბრუნებულ ჰიქსს უნდა აერჩია,  რა პროფესიას გაჰყვებოდა მომავალში - გახდებოდა ილუსტრატორი, გრაფიკული დიზაინერი თუ დეკორატორი.






ჰიქსის პირველი შემოქმედებითი ნამუშევარი იყო მარცვლეულის ყუთები ჯ. ვალტერ ტომპსონისთვის, რომელიც მან შექმნა სარეკლამო სააგენტოში მუშაობის დროს. ხოლო დეკორატორად მუშაობა ჰიქსმა დაიწყო 1954 წელს ლონდონში, როდესაც მშობლების სახლს რეკონსტრუქცია ჩაუტარა. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ფოტოები დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა ჟურნალ Home and Garden-ში. ამ დროს მან პირველად დაიწყო შპალერების, ხალიჩებისა და ქსოვილების დეკორაციების შემუშავება.






დევიდი მიზნად ისახავდა საკუთარი სტილის შემუშავებას, რომელიც იქნებოდა სრულიად გამორჩეული სხვა დიზაინერებისგან. მან უარი თქვა ინგლისურ ინტერიერში გაბატონებულ ტრადიციონალიზმზე და თავისუფლად შეურია თანამედროვე ავეჯი ანტიკვარულ ნივთებს. იგი ქმნიდა ყველაფერს, კლიენტის ოთახის პატარა დეტალიდან დაწყებული, დამთავრებული თმის ვარცხნილობით, ერთადერთი, რაც მას არ შეუქმნია,  მისივე ბრენდის სიმბოლო იყო, ნიშანი "H"; იგი ფერმერის ვაჟმა შექმნა, რომელსაც სურდა დევიდისთვის მადლობა გადაეხადა. ეს ლოგო ყველგან იბეჭდებოდა: ფურცლებზე, ხალიჩებზე, ქსოვილებზე, ბლოკნოტებსა და ქოლგებზე. 1966 წელს დევიდმა გამოსცა თავისი პირველი წიგნი (ის  ცხრა წიგნის ავტორია). წიგნში “Living with taste” ჰიქსი წერს: ”მე, როგორც ინტერიერის დიზაინერს, უდიდესი წვლილი მიმიძღვის ხალხისთვის იმის ჩვენებაში, თუ როგორ შეიძლება გამოიყენო თამამი ფერები, როგორ შესძინო ოთახებს განათება და როგორ შეურიო ძველი სტილი ახალს”. დევიდ ჰიქსის დიზაინით დაინტერესდა ინგლისის არისტოკრატია, მისი დიზაინით შეიქმნა ბუკინგემის სასახლის საძინებლები, თანდათან ჰიქსის დიზაინი აიტაცეს სხვა გავლენიანმა პირებმაც და მისი შემოქმედება ინგლისის საზღვრებს გარეთაც გახდა ცნობილი.





სახლების, ბინებისა და საცხოვრებელი ოთახების გარდა, იგი მუშაობდა ოფისების, სასტუმროების, ბიბლიოთეკებისა და კლუბების ინტერიერებზე. კარიერის ბოლო წლებში იგი განსაკუთრებით დაინტერესდა არქიტექტურით, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და დასამახსოვრებელი ფაქტი მისი მრავალფეროვანი ბიოგრაფიიდან მისივე პანაშვიდი იყო, რომელიც ინტერიერის დიზაინერმა თვითონ მოიფიქრა. სიკვდილის წინ დევიდ ჰიკსმა საკუთარი კუბოს პროექტი  შეიმუშავა.  ეს მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - ჰიკს სამგლოვიარო სცენარიც მოუვიდა თავში: მან გასცა დავალება, რომ დაჭრილი გაზეთებისა და ჟურნალების ნაჭრები კუბოში და პიჯაკის ჯიბეებში ჩაეყარათ და შეიმუშავა დაკრძალვის ”დრეს კოდი”. დევიდი გარდაიცვალა 1998 წლის 29 მარტს, ოჯახის გარემოცვაში. ახლა მის ბიზნესს  მისი ვაჟი, ეშლი ჰიქსი აგრძელებს.

ფოტოების წყარო:
1. Architecturaldigest.com
2. ashleyhicks.com
3. interiorsicons.com



ავტორი : ანი შოთაძე