ერნსტ ჰაასის შთამაგონებელი ფოტოგრაფია

დამწყები ფოტოგრაფები ხშირად ჩივიან,  რომ მათ  გადაღებულ ფოტოზე ობიექტები ერთმანეთშია გადახლართული. შესაბამისად, მიღებული გამოსახულება საგნების რეალურ ფორმებს კი არ ასახავს,  მხოლოდ მათი ლაქების ფერად პალიტრას ააშკარავებს. ამ ე.წ. გადღაბნილი კადრის  მიზეზი ძირითადად დაყოვნების რეჟიმია, ხოლო სხვა შემთხვევებში მიღებული არაზუსტი გამოსახულება გადაღების პროცესში კამერის არასასურველ მოძრაობას მიეწერება.

 

 

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ კადრებს შემოქმედებითად შევხედავთ,  შევამჩნევთ, რომ “გადღაბნილი” გამოსახულება შესაძლოა ავტორის დამახასიათებელ ხელწერადაც იქცეს და გამოფენაზე ყველაზე განსაკუთრებული ყურადღებაც კი დაიმსახუროს. თუ ამ ფაქტმა თქვენი გაოცება გამოიწვია, დამატებით იმასაც გეტყვით, რომ ეს დაუმორჩილებელი გამოსახულებები, რომლებიც დამთვალიერებლებს გაქცევის ილუზიასაც უქმნის, ბევრი ცნობილი ფოტოგრაფის შემოქმედების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი გამხდარა.

 

 

კარგად აღიქვით ერნსტ ჰაასის ფოტოსურათი და დაფიქრდით, თუ რას უმზერთ კონკრეტულ მოცემულობაში. თქვენ წინაშეა 1950-იანი წლების ნიუ-იორკი, სადაც ჰაასმა მეგაპოლისის ყოველდღიურობის ამსახველი, ქაოსით მოცული თავბრუდამხვევი გარემო გადაიღო. პიჯაკებში გამოწყობილი ქვეითები, წითელი ავტობუსის მგზავრები, ავტომანქანების მძღოლები… ისინი სადღაც მიიჩქარიან,  აქვთ თავიანთი გეგმები და გზას უკანმოუხედავად აგრძელებენ. ეს გამოსახულება რომ “გადღაბნილია”, სადავო  ნამდვილად არ არის.  თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა იმ კადრთან, რომელიც გაფუჭდა, არამედ იმ ნამუშევართან, რომელმაც ფოტოგრაფიის ისტორიაში ინოვაციური ცვლილებები დანერგა და ჰაასის, როგორც ფოტოგრაფის თვითმყოფადობაც განსაზღვრა. 

 

 

ამ და სხვა დანარჩენ კადრებს შთამბეჭდაობას ის ფაქტიც მატებს, რომ ნამუშევრების კომპოზიცია ჰაასის მიერ საგულდაგულოდ მოწყობილი სულაც არ ყოფილა, იგი მის წინ მდგომ პირებსაც კი არ იცნობდა, თუმცა ჰაასის საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნითა და ფოტოაპარატის “ფარდის” ნელი მოძრაობით  შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ავსტრიელ-ამერიკელმა ფოტოგრაფმა უკვდავი კადრები დაგვიტოვა. 

 

 

ჰაასის შემოქმედების უნიკალურ სტილს ფოტოგრაფის ინტუიციაც ერთვოდა თან. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჰაასი ნამუშევრებს ხანგრძლივი ექსპოზიციის ხარჯზე ქმნიდა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო წარმოედგინა, თუ როგორი იქნებოდა ვიზუალურად მისი საბოლოო კადრი. მაშინ როცა ფოტოგრაფი გადასაღებ ღილაკს თითს დააჭერდა,  კადრისათვის სასურველი პოზიცია  რამდენიმე წამში იქმნებოდა.  ასე მაგალითად, როდესაც ჰაასი დოღზე იყო,  მან იცოდა, როგორ მიეღო  მორბენალი ცხენის  სასურველი გამოსახულება.  ამიტომაც  ღილაკს თითს მაშინ  აჭერდა, როდესაც ფოკუსში იმ ტერიტორიას მოაქცევდა, რომელიც ცხენს აუცილებლად უნდა გაევლო. ღილაკზე თითის დაჭერიდან წამის მეათედებში კი ცხენიც გამოჩნდებოდა და მოძრავი საგნის ასახვით ჰაასი  შთამბეჭდავ კადრს აფიქსირებდა.

 

 

სწორედ ამგვარი შემოქმედებითი მეთოდით  შეიქმნა ისეთი ნამუშევრები, რომლებშიც არსებულ გარემოებას დამთვალიერებელი ბოლომდე შეიგრძნობს. შესაბამისად, მისი ფოტოსურათების ნახვისას ხშირად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჰაასთან ერთად ჩვენც ვართ ნიუიორკული ყოველდღიურობის ნაწილი, ჩვენც დავინახეთ მანქანები, რომლებმაც რამდენიმე წამის წინ ჩაიარა და ჩვენც დავესწარით იმ დოღს და ვუყურებდით, თუ როგორ მირბოდნენ ცხენები გამალებით. ერნსტ ჰაასი ზუსტად იზიარებდა ფოტოგრაფების დაუწერელ კანონს, რომლის მიხედვითაც შენ უნდა ამჩნევდე, თუმცა მათი თვალები ვერ უნდა აღგიქვამდეს.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ერნსტ ჰაასის ბევრ ფოტოსურათში გამოსახულებათა ზუსტი კონტურები არ იკვეთება, მცირე ამბები, რომლებსაც მისი თითოეული კადრი გვიამბობს, მაინც გასაგებია, ხოლო ჰაასისათვის დამახასიათებელი ინოვაციური მიდგომები ამ ნამუშევრებს ბევრად მეტ რიტმულობას სძენს, რაც ფოტოსურათების ხასიათსაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

 

 

რომ წარმოვიდგინოთ ისეთი ალტერნატიული სამყარო, რომელშიც მიღებულ “გადღაბნილ” კადრებს გაცოფებული ჰაასი დანახვისთანავე გაანადგურებდა, მართალია, იგი ფოტოჟურნალისტური მიღწევებით მაინც იქნებოდა ცნობილი, თუმცა ხელოვნების ისტორია ბევრ გამორჩეულ და ამასთან ნოვატორული იდეების მქონე  კადრს დაკარგავდა. ხელოვნების ისტორია შთამბეჭდავ ნამუშევრებს ვერც იმ შემთხვევაში შეინარჩუნებდა,  ჰაასს კომპოზიციურად იგივე კადრების “წმინდა” ვერსიებიც რომ გადაეღო. 

 

 

შესაბამისად, მხოლოდ მის შემოქმედებაზე დაყრდნობითაც შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ხელოვნებაში შეზღუდვები არ არსებობს და ნებისმიერი საშუალება, რომელიც საზოგადოების მხრიდან შესაძლოა არაესთეტიკურად ან სულაც დიდ შეცდომად აღიქმებოდეს, სინამდვილეში ხელოვანის შემოქმედებით არჩევანს წარმოადგენდეს.

 

 

ერნსტ ჰაასი 1921 წელს ვენაში დაიბადა და რაც  უნდა გასაკვირი იყოს, სამედიცინო მიმართულებით სწავლობდა. როგორც ჰაასის შვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, მამამისი არც ისე კარგი მოსწავლე ყოფილა და მისი ინტერესის მთავარი წყარო მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნება იყო. ჰაასის შემოქმედებითი კარიერა დაახლოებით ოთხ დეკადას მოიცავს. მის ფოტოებს  აქვეყნებდნენ მასშტაბური ჟურნალები Life და Vogue. ჰაასის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ფოტოსააგენტო მაგნუმის  პრეზიდენტობაც გახლდათ. მან თავისი ავტორობით გამოსცა ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წიგნიც (The Creation), რომლის 350 000 ეგზემპლარი  გაიყიდა. 

 

 

ერნსტ ჰაასი, რომელიც ფერადი ფოტოგრაფიის პიონერად არის მიჩნეული, დღესაც აქტუალურია და ბევრი ხელოვანის შთაგონების წყაროდაა ქცეული. არცაა გასაკვირი,  რატომ.



ავტორი : ანა გაბისიანი