ეს ყველაფერი შეიძლება სიზმარი იყოს - ინტერვიუ მარიამ ნატროშვილთან

ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, მაშინ როცა თითოეული ჩვენგანი გაურკვეველი ვადით სახლში გამოკეტილები აღმოვჩნდით, ჩვენმა ცხოვრებამ თავიდან ბოლომდე ინტერნეტსივრცეში გადმოინაცვლა. ჩვენ მსგავსად ახალ რეალობაზე გადაეწყვნენ საგანმანათლებლო და სახელოვნებო ინსტიტუციებიც, რომლებიც ყოველდღიურად ახალი ვირტუალური სასწავლო კურსებისა და  გამოფენების შესახებ გვატყობინებენ. 

სულ ცოტა ხნის წინ ქართულ ინტერნეტრეალობაში ახალი ციფრული პროექტი - “ეს ყველაფერი შეიძლება სიზმარი იყოს” გაჩნდა, რომლის იდეა მარიამ ნატროშვილს და დეთუ ჯინჭარაძეს ეკუთვნით. ვიდეოთამაში, რომელშიც მოქმედება “არტ ვილა გარიყულას” ციფრულ ასლში მიმდინარეობს, ერთ სივრცეში ოცდათორმეტი ქართველი ხელოვანის ნამუშევარს აერთიანებს, “მოთამაშე” დამთვალიერებელს კი საშუალება აქვს თითოეული მათგანი ვირტუალურ სამყაროში თავადვე აღმოაჩინოს.

Hammock Magazine წარმოგიდგენთ ინტერვიუს პროექტის თანაავტორ მარიამ ნატროშვილთან.


პროექტის იდეა ალბათ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გიკარნახათ, მოგვიყევით, რაზეა ეს გამოფენა და რა არის მისი მთავარი კონცეფცია?

ზოგადად, ციფრული  ხელოვნება და ხელოვნებისა და ტექნოლოგიების კავშირი ყოველთვის მაინტერესებდა, მე და დეთუ 2011 წლიდან ვმუშაობთ ერთად და ერთ-ერთი პირველი საკურატორო პროექტი, რომელიც ამ მიმართულებით განვახორციელეთ, SOU ფესტივალის ფარგლებში ზურა ჯიშკარიანის გამოფენა  “ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს”იყო. ამის შემდეგ ყოველთვის ვადევნებდით თვალს ციფრულ, პოსტ ინტერნეტის ხელოვნებას, თუმცა გაკეთებით არაფერი გაგვიკეთებია. რაც ეს ამბები დაიწყო და სახლში აღმოვჩნდით გამოკეტილები, დავიწყეთ ფიქრი რა შეიძლება გაგვეკეთებინა. რასაც აქამდე ვაკეთებდით, ყველაფერი ძირითადად ადამიანებთან, საჯარო სივრცესთან, გამოფენებთან და კომუნიკაციასთან იყო დაკავშირებული. ბოლო ერთი წელია დეთუ თამაშების მიმართულებით თავისთვის მუშაობდა, რეალურად "კარგად დაემთხვა" ის, რომ ტექნიკური მხარე ვიცოდით და შეგვეძლო პროგრამა ჩვენით გაგვეკეთებინა. ვთქვით, რომ მოდი გავაკეთოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით, ოღონდ ეს ყველაფერი ინტერნეტსივრცეში გადავიტანოთ. 

დღეს სამი სამყაროდან  - რეალური, სიზმრების და ციფრული სამყაროებიდან ერთ-ერთი გადაიწვა, რეალობა გაფუჭდა და სიზმრები და ციფრული სამყაროღა დაგვრჩა. ბევრი ძილი არ მიყვარს, ამიტომ ციფრული სამყარო გახდა ის სამყარო, რომელშიც თამაშის გაგრძელება გადავწყვიტე. მობილიზება  და უცბად ერთი რეალობიდან მეორეზე გადართვა ადვილი არ იყო. თავიდან ვფიქრობდი, ახლა როცა სახლში ვარ, შემიძლია წიგნები წავიკითხო, დასამთავრებელი პროექტები ბოლომდე მივიყვანო და ა.შ., თუმცა აღმოჩნდა, რომ შეუძლებელია, რადგან ვერაფერზე ვკონცენტრირდები და არაფერი მაინტერესებს, გარდა იმისა, რაც დღევანდელ რეალობას ეხება.  ორ ხაზს ვერ ვკითხულობდი, ერთ წინადადებას ვერ ვწერდი. ციფრულ სამყაროში მიგრაცია, ვირტუალურ რეალობაში გაქცევა, გადარჩენის გზად იქცა. როდესაც ეს რეალობა შეუძლებელი, აუტანელი გახდა, მოვიგონეთ ახალი რეალობა - ვიდეო თამაში, რომელიც შეიძლება სხვებისთვისაც საინტერესო იყოს. 


ხელოვნება ციფრულ სამყაროში დიდი ხანია უკვე არსებობს,  თუმცა მგონია, რომ დღეს მისმა ციფრულ რეალობაში გადასვლამ, სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა, ისე თითქოს სხვა გზა აღარ აქვს. როგორ ფიქრობთ ეს შეცვლის თავად ხელოვნებაში რამეს?

ვიდეოთამაშების გამოყენება ხელოვნებაში არ არის ახალი ამბავი, სიმართლე გითხრათ, ვიდეო თამაშში გამოფენა ესეთი სახით არ შემხვედრია, თუმცა ხელოვანები ხშირად იყენებენ მას, როგორც ერთ-ერთ მედიას. საქართველოში არათუ თამაშის ხელოვნებაში გამოყენება, თვითონ თამაშების ინდუსტრიაც კი არ არის განვითარებული. არიან არტისტები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, თამაშებსაც აკეთებენ, თუმცა ეს ყველაფერი მართლა ზღვაში წვეთია. არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც კი ნაკლებადაა ხელოვნებაში ეს მიმართულება განვითარებული. ერთი მხრივ, ეს ალბათ ფინანსებთანაა დაკავშირებული - თუ ხელოვანმა თავადვე არ იცის პროგრამირება, მისი შექმნა იაფი ნამდვილად არ ჯდება. მეორე მხრივ კი, ალბათ იმიტომ რომ გამოფენები ადამიანებისთვის, როგორც წესი, სოციალიზაციის ერთ-ერთი გზაა, აქამდე ალბათ ერჩიათ გახსნაზე წასულიყვნენ, მეგობრები ენახათ, ღვინო დაელიათ... მაგრამ დღევანდელი მოცემულობა შეიძლება გარდამტეხი მომენტი იყოს. სულ ვფიქრობ ამაზე, მარტო ხელოვნება კი არა, ზოგადად, შეიცვლება  სამყარო ამ ყველაფრის შემდეგ? თუ ისევ ისე გავაგრძელებთ? არავის აქვს ამაზე პასუხი. მომავალი არ ვიცით როგორი იქნება, მაგრამ ვიცით როგორია აწმყო და ვფიქრობ, რომ აწმყოში ეს მიმართულება განვითარდება და ბევრი ახალი პროექტი გაჩნდება. შეიძლება სწორედ ეს არის დრო, როდესაც ხელოვნება უფრო მეტად ტექნოლოგიური, ციფრული გახდება და შეიცვლება როგორც შინაარსით, ასევე ფორმით. მატერიალური, ხელშესახები ხელოვნების უმეტესობა უკვე ისედაც ძალიან მოსაწყენი და ერთფეროვანი იყო. ვფიქრობ, ციფრულ სამყაროსთან დაბრუნებით, ხელოვნება დაიბრუნებს ჯადოსნურობას და ადამიანზე ზემოქმედების ძალას. 


მუზეუმები, გალერეები, სკოლები ყველაფერმა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა, სხვების მსგავსად თქვენც შეგეძლოთ, რომ გალერიის ელექტრონული ვერსია წარმოგედგინათ, რატომ ვიდეოთამაშის მედიუმი, ეს რა მნიშვნელობას ანიჭებს შინაარსს?

ვფიქრობ, რომ  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანამონაწილეობას. თვალს ვადევნებდი სხვადასხვა მუზეუმებისა და გალერეების გვერდებს და ვხედავდი, რომ ყველაფერი მაინც ერთ სიბრტყეზე რჩება და ყველაფერი ისევ და ისევ რეალობის დოკუმენტაცია გამოდის. მესმის, რომ ინსტიტუციებისთვის ეს კარგი გამოსავალია,  თუმცა ჩემთვის არ არის საინტერესო, რადგან დაახლოებით ინსტაგრამის ან ფეისბუქის სქროლვას ჰგავს - რა მნიშვნელობა აქვს სად ვნახავ ნამუშევრის ფოტოს, სოციალურ ქსელში თუ მუზეუმის საიტზე. ამიტომ იყო თამაშის მედიუმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თამაში ჩვენ ახალი რეალობის შექმნის შესაძლებლობას გვაძლევდა. დამთვალიერებელს კი ამ რელობაში მოხვედრის, სიარულის და ნამუშევრების აღმოჩენის გამოცდილებას. ვისაც ვიდეო თამაშები დიდ ხანს უთამაშია, იცის როგორ კარგავ რაღაც დროის მერე რეალობას და როგორ ანაცვლებს თამაში სინამდვილეს. 

თავიდან ვფიქრობდი, რომ თამაშში ისრების მითითება აუცილებელი იყო, შემდეგ ესეც გადავიფიქრეთ და თამაშის ელემენტი შევინარჩუნეთ, ისე რომ, სივრცეების აღმოჩენაც კი თვითონ გამოფენის ნაწილია.  თამაშში საიდუმლოც კი დავმალეთ, რომელიც უნდა იპოვნო. მგონია, რომ ეს სულ სხვა შეგრძნებას აძლევს დამთვალიერებელს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს პროექტი ძალიან სწრაფად გავაკეთეთ და დროის სიმცირის გამო გადავწყვიტეთ, გამოფენისთვის მხოლოდ ფერწერა, გრაფიკა და ფოტო გამოგვეყენებინა, ანუ ის, რაც კედელზე “დაიკიდებოდა”. თუმცა, ვიდეოთამაშების სამყარო უსასრულო შესაძლებლობებს იძლევა და მომავალში ვფიქრობთ, რომ მოვიწვიოთ ხელოვანები, რომლებიც სპეციალურად ამ რეალობისთვის სპეციფიკურ ნამუშევრებს შექმნიან.


თამაშის ადგილი არტ ვილა გარიყულაა, ამასაც ექნება თავისი ახსნა...

აქამდეც ვფიქრობდით, რომ გარიყულაზე თამაში გაგვეკეთებინა, დეთუს ნაწილობრივ აზომილიც კი ჰქონდა შენობა, ასე რომ,  რადგან ეს წინა სამუშაოები შემთხვევით გაკეთებული გვქონდა, ვიფიქრეთ, რომ ეს პროექტიც გარიყულას ვირტუალურ ასლში განგვეხორციელებინა.  ეს ის ადგილია, რომელიც აგერ უკვე ოცი წელია თანამედროვე ხელოვნებისთვის არსებობს და ჩვენს ციფრულ რეალობაში კარგ დასაწყისად იქცა. 

არსებობს წარმოდგენა, რომ ყველა ქალაქს და თავისი ზეციური ასლი, თავისი პირველადი აბსოლუტი აქვს. ძალიან მომწონს სამყაროს ასეთი აღქმა და ვფიქრობ, რომ ამას ძალიან ბევრი რამ აკავშირებს ციფრულ რეალობასთანაც. მე თვითონ სანამ პროგრამირებასთან შეხება მექნებოდა, არ ვიცოდი, რომ პროგრამის შექმნის დროს წერ კოდს და რასაც იმ კოდში ჩაწერ, შემდეგ ის ხდება. ქართულ მითოლოგიაშიც გვაქვს მსგავსი წარმოდგენა. არსებობდნენ ბედის მწერლები, რომლებიც ბავშვის დაბადების დროს მოდიან და მის ბედს წერენ. სიტყვა ბედისწერაც - წერასთან, სიტყვებთანაა კავშირში. ეს პარალელი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რეალობის ციფრული ასლის შექმნაც თითქოს მსგავსი პროცესია,  წერ კოდებს და შემდეგ ზუსტად ის ხდება, რასაც დაწერ. ისე გამოვიდა, რომ ზეციური ასლი არა, მაგრამ გარიყულას ვირტუალური ასლი გავაკეთეთ, მით უმეტეს, რომ ამ სოფლის სახელიც ძალიან ემთხვევა დღევანდელ რეალობას, დღეს ყველანი გარიყულები ვართ. ისე ვინ იცის, დღეს იქნებ ვირტუალური სამყარო არის თანამედროვე ზეცა. 


რაც შეეხება თვითონ ნამუშევრებს, ვინ არიან არტისტები და რა პრინციპით შეირჩა ეს კონკრეტული ნამუშევრები?

გამოფენის სახელია "ეს ყველაფერი შეიძლება სიზმარი იყოს". მის შესავალ ტექსტს, დღიურის ფორმა ჰქონდა  და უფრო ემოციებზე, მარტოობაზე, სიცარიელეზე გამოვიდა, იმაზე, რასაც დღეს ყველა განვიცდით. სწორედ ეს ტექსტი გახდა ნამუშევრების შერჩევის გზაც. ზოგ მხატვარს ვინცობდი და ძალიან მომწონდა მათი ნამუშევრები, ზოგი ახლა აღმოვაჩინე. შესავალი ტექსტი მკარნახობდა ვისი ნამუშევარი შეძლებდა ჩვენი მდგომარეობის ვიზუალური ენით აღწერას. 


მოგვიყევით თვითონ პლატფორმის - "მარტო სახლში" შესახებ,  როგორ აპირებს მომავალში არსებობის გაგრძელებას?

რადგან ვიფიქრეთ, რომ ეს პირველი სატესტო გამოფენა იყო და მომავალში შეგვიძლია, თუნდაც სხვა არტისტები მოვიწვიოთ და სპეციფიკური გამოფენები გავაკეთოთ, ბუნებრივად მოხდა ისე, რომ სივრცე დაგვჭირდებოდა, სადაც ამ ყველაფერს თავს მოვუყრიდით. აქამდე გვქონდა პროექტი "მუზეუმი გამოძახებით", რომელმაც ისედაც ამოწურა თავისი თავი და ფეისბუქზე მისი გვერდის სახელიც კი პირდაპირ ამ ახალ ელექტრონულ პლატფორმად გადავაკეთეთ. რაღაცნაირად  თითქოს იმ ძველი პროექტის ბუნებრივი გაგრძელება იყო, თუ აქამდე სახლებში მივდიოდით და ადამიანებს ხელოვნების შესახებ პირდაპირ ვესაუბრებოდით, ახლა ეკრანიდან ვაჩვენებთ. "მარტო სახლშიც" ის მდგომარეობაა, რომელშიც ადამიანები დღეს ვიმყოფებით. სიტყვა "ონლაინ პლატფორმა" კი იმიტომ შევარჩიეთ და არ დავარქვით, მაგალითად, "ვიდეოთამაშების ხელოვნების პლატფორმა", რომ ერთ შემთხვევაში ვაჩვენებთ ნამუშევრებს, რომლებიც რეალურადაც არსებობენ, თუმცა, მეორე მხრივ, ნამუშევარი შეიძლება ამ ვირტუალური ვიდეოთამაშისთვისაც  იყოს შექმნილი. არ ვიზღუდებით მხოლოდ ციფრული ხელოვნებით, კი საბოლოოდ მაინც ციფრულდება, მაგრამ ეს ნამუშევრები რეალურადაც არსებობს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ნეიტრალური სიტყვა "ონლაინ" გამოგვეყენებინა, რომელიც თავის თავში რეალურ და ციფრულ ხელოვნებას მოიცავდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უკვე დავიწყეთ სხვა, ახალი სამყაროს შექმნა და ვფიქრობთ, რომ თუ სურვილი გაჩნდება, შეიძლება ინსტიტუციებთანაც ვითანამშრომლოთ და ერთობლივი პროექტებიც ვაკეთოთ. მალე ჩვენი მეორე ნამუშევარიც იხილავს სოციალური ქსელების მზის სინათლეს. 


ყველაფერი რომ დამთავრდება, მერე როგორ წარმოგიდგენიათ ამ პლატფორმის არსებობა?

საერთოდ აღარ მაინტერესებს სხვა არაფერი. რასაც აქამდე ვაკეთებდით, ისიც მგონია რომ წლების, საუკუნეების წინ იყო და ვეღარ წარმომიდგენია დაბრუნება. ბევრი გეგმა გვაქვს, რომელიც იზოლაციაში თუ იზოლაციის გარეშე, დამთვალიერებლის ეკრანებს კარად აქცევს ახალ სამყაროში. 





ავტორი : გვანცა ჩანადირი