ფერადი სამყაროდან - ინტერვიუ მხატვარ ალექსანდრე ანთაძესთან

ფერადი, დადებითი ენერგიებით დამუხტული სამყარო მხატვარ ალექსანდრე ანთაძის შემოქმედების განმსაზღვრელია. ყველაფერი მხიარული ცხოველების ნამუშევრებით დაიწყო, რომლითაც ლონდონში გაემგზავრა და საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ პირველ ჯგუფურ გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა. თუმცა გარდა მხატვრობისა, მის სახელს ბევრი მრავალფეროვანი პროექტი უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთი თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის მნიშვნელოვანი ნაწილი “კაფე-გალერეაა”. ჟურნალი Hammock გთავაზობთ ინტერვიუს მხატვარ ალექსანდრე ანთაძესთან, რომელმაც მისი შემოქმედებისა და მრავალფეროვანი საქმიანობის შესახებ ბევრი საინტერესო დეტალი გაგვიზიარა.




სანდრო, ბევრ მრავალფეროვან პროექტსა თუ საქმიანობაში ხარ ჩართული, როდის და როგორ აღმოაჩინე საკუთარი თავი ხელოვნებაში?


ბავშვობიდან სულ რაღაც შემოქმედებით პროცესებში ვიყავი ჩართული, ვხატავდი, თუმცა ამავდროულად, მაინტერესებდა უამრავი რამ. ამ ყველაფრის პარალელურად ჩემ ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა მთას და თხილამურს, ინგლისში გამგზავრებაც ამ სპორტს უკავშირდება, როდესაც გუდაურში ერთ-ერთ შეჯიბრზე საპრიზო ადგილზე გავედი და ლონდონისკენ მიმავალი ბილეთი მოვიგე. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს აქტიურად ვხატავდი, საკუთარ თავს მხატვრად მაინც ვერ აღვიქვამდი, რატომღაც ამ პროფესიის ადამიანებზე “სტერეოტიპული” წარმოდგენები მქონდა. თუმცა სამეგობრო წრეში ერთგვარი რიტუალი არსებობდა, რომ ჩემს ნამუშევრებს ჩემთვის საყვარელ ადამიანებს ვაძლევდი საჩუქრად და ასე ვაზიარებდი ემოციებს. 2000-იანი წლების პერიოდი იყო, გარშემო დეპრესიული განწყობა იდგა, მე კი ლონდონში გამგზავრებამდე ამ ნეგატივის ასარიდებლად მხიარულ ცხოველებს ვხატავდი. რამდენიმე ნამუშევარი თან წავიღე, იმ იმედით, რომ იქ თავის ადგილს იპოვიდნენ და ასეც მოხდა. ლონდონში ჩემს ახლობლებს ვაჩვენე ეს ნახატები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მითხრეს, რომ ახლო მომავალში საქრთველოს საელჩო აპირებდა ქართველი მხატვრების გამოფენის გაკეთებას, სადაც აუცილებლად უნდა მეცადა ბედი. თავიდან ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა ჩემი ნამუშევრები ამ გამოფენაზე მოხვედრილიყო, თუმცა გალერისტებთან და კურატორთან კონსულტაციის შემდეგ, როდესაც მათაც მოიწონეს ჩემი შემოქმედება და გამოფენის ოფიციალური მონაწილე გავხდი, დავიჯერე, რომ საქმე სასაცილოდ აღარ იყო. თურმე შეიძლება აკეთო ის, რაც გიყვარს და ამით იცხოვრო. გამოფენაზე ჩემი ყველა ნამუშევარი გაიყიდა, რაც კიდევ უფრო გრანდიოზული მოვლენა იყო ჩემთვის. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი, როგორც მხატვრის კარიერა, რადგან ამის შემდეგ უფრო სერიოზულად აღვიქვი საკუთარი შემოქმედება. 





შენი ნამუშევრები ნაივური სტილის ფერად სამყაროს აზიარებს, თავად როგორ დაახასიათებდი საკუთარ ხელწერას? 

პირველი ეტაპი სოციუმში არსებული ნეგატიური განწყობების მოგერიების ერთგვარი შედეგი იყო, როდესაც გაღიმებულ, მხიარულ და ფერად ცხოველებს ვხატავდი. მინდოდა, შემექმნა ბედნიერი სამყარო, რომელიც მნახველს დადებითი ენერგიით დამუხტავდა. ამ მიმდინარეობას ჩემთვის პოზიტივიზმი დავარქვი. დღემდე ბევრი ადამიანი, ვისაც სახლში ჩემი ნამუშევარი აქვს, მეუბნება, დილით როდესაც ვიღვიძებ და შენს ნახატს ვუყურებ, მაშინვე კარგ ხასიათზე ვდგებიო. ეს ერთგვარი თერაპიული პროცესიც იყო, ახლა ცოტა სხვა მიმართულებით ვვითარდები, თუმცა ეს სურვილი დღემდე მომყვება.




რა არის შენი შემოქმედებითი მუხტის ყველაზე დიდი წყარო?


ყველაზე დიდ მუხტს და ენერგიას ემოციებისგან ვიღებ, რომელიც როგორც მუშაობის პროცესში, ისე შედეგის გაზიარებისას მეუფლება. 




რას ნიშნავს შენთვის ხატვა? 


პირველ რიგში, ძალიან სასიამოვნო პროცესია. განათლებით არქიტექტორი ვარ, თუმცა ჩაბარებამდეც და შემდეგ უკვე სწავლის პერიოდშიც ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო, რომელიც უამრავ დეტალზე პასუხისმგებლობას მოითხოვს. ხატვის დროს ყველაზე მეტად ის მხიბლავს, რომ საკუთარ თავზე ვარ დამოკიდებული, მედიტაციას ჰგავს, სამყაროსგან ითიშები და თავს შენს ემოციებს უძღვნი. ის მომენტი, რომ ჩემი საქმე თავისუფლებას მანიჭებს, უდიდესი ბედნიერებაა.





ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ გაიხსნა “კაფე-გალერეა”, სადაც ხშირად შენს ნამუშევრებსაც შევხვდებით, როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?


ლონდონში ცხოვრებამ დიდი გამოცდილება შემძინა, გამიჩნდა ბევრი საინტერესო იდეა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი სწორედ “კაფე-გალერეას” უკავშირდება. თავდაპირველად გადავწყვიტე, მხოლოდ გალერეა ყოფილიყო პატარა სახელოსნოთი, სადაც მნახველები ჩემი ნამუშევრების დათვალიერებას შეძლებდნენ. მინდოდა ჩემი პროფესიის განვითარებისთვის მეც შემეწყო ხელი. თუმცა შემდეგ უფრო მრავალფეროვან კონცეფციაზე დავიწყე ფიქრი, მსურდა ისეთი სივრცე შემექმნა, სადაც ბევრი საინტერესო ადამიანი შეიკრიბებოდა, ნახატებს დაათვალიერებდა და ერთმანეთს საკუთარ შეხედულებებს თავისუფლად გაუზიარებდა. 





მალე “კაფე-გალერეა” ელექტრონული მუსიკის კლუბადაც ჩამოყალიბდა, რომელიც ახალგაზრდების შეკრების საყვარელ ადგილად გადაიქცა. როგორ ფიქრობ, რა გახდა ამ ყველაფრის მიზეზი? 


ერთ მშვენიერ დღეს მუსიკოსი გიო ბაქანიძე ესტუმრა “კაფე-გალერეას”, ჩემი ნამუშევრები მოეწონა და ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. უეცრად მითხრა, რომ სივრცე ძალიან მოსწონდა და შემომთავაზა პირველი მუსიკალური ღონისძიების ჩატარება. ასე დაიწყო “კაფე-გალერეას”, როგორც ღამის კლუბის ცხოვრება. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ იმ პერიოდში სწორედ ის ადამიანები აღმოვაჩინე, ვინც ძალიან მჭირდებოდა და მინდოდა ჩემ გვერდით ყოფილიყვნენ. შემოქმედი ადამიანები, რომლებსაც თავიანთი საქმე უყვარდათ და უყვართ, სურდათ განვითარება და წინ, პროგრესისკენ სიარული. ამ ხალხის აღმოჩენამ განაპირობა სწორედ “კაფე-გალერეის” იდეის ჩამოყალიბება და გაზრდა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო თავისუფალი ადგილი, დაცლილი იმ აგრესიისგან, ჩაგვრისა და ჰომოფობიისგან, რაც იმ პერიოდში ტრიალებდა და დღესაც არსად გამქრალა. ვფიქრობ, “კაფე-გალერეამ” თავისი პატარა მინი სამყარო შექმნა, სადაც თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა დომინირებს. 





“კაფე-გალერეას” მოჰყვა მეორე შედარებით მასშტაბური კლუბი “დიდი გალერეა”. რა მიზანს ისახავდა და როგორ ფიქრობ, რა მნიშვნელობა ჰქონდა მის გამოჩენას ქართული საკლუბო სცენისთვის? 


რაღაც მომენტში მივხვდით, რომ უფრო მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების საჭიროება და სურვილი გაჩნდა, “კაფე-გალერეა” კი, მისი სივრციდან გამომდინარე, ამის საშუალებას არ გვაძლევდა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ გაგვეხსნა “დიდი გალერეა”, სადაც შევძლებდით ღონისძიების უფრო პროფესიულ დონეზე ტექნიკურად გამართვას და დიდი მასშტაბებზე გასვლას. “დიდი გალერეა”  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო  ქართული საკლუბო კულტურის განვითარებისთვის, რადგან მის შემდეგ შეიქმნა ჩვენთან საკმაოდ მასშტაბური, საინტერესო, პროფესიული და მრავალფეროვანი სივრცეები. 





პანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა თანამედროვე საკლუბო სცენა, თუმცა შენ აქტიურად დაგაბრუნა ხატვასთან…

აღაც პერიოდი აღარ ვხატავდი, საკლუბო სცენას ვუთმობდი მთელ დროს, თუმცა პანდემიამ უეცრად უფრო მეტი დრო გააჩინა და ხშირად რომ ვიძახდი, ხვალიდან ხატვას ვიწყებ-მეთქი, მართლაც ავასრულე. მონატრებული საქმე დავიბრუნე და გამახსენდა, როგორ მყვარებია.
 




ამჟამად რაზე მუშაობ?


ამჟამად ახალ პროექტზე ვმუშაობ - ღია სივრცეში გავხსენით ახალი კაფე, ელბაქიძის დაღმართზე. ამასთან, მსურს დავიწყო ქანდაკებებზე მუშაობა, არასდროს მიცდია, თუმცა დიდი სურვილი მაქვს ამ მიმართულებითაც ვცადო საკუთარი შესაძლებლობები. რაც შეეხება “კაფე-გალერეას”, იმედი მაქვს, მალე დაბრუნდება ის მუხტი და ენერგია, რაც პანდემიამდელი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო.



ავტორი : ქეთევან ბარბაქაძე