ფილიპ პანტონეს ფერადი ინსტალაცია ლონდონში

არგენტინული წარმოშობის ესპანელი არტისტი ფილიპ პანტონე ცნობილია მასშტაბური ფერადი ნამუშევრებით. ამჯერად მან ლონდონში, გრინვიჩის ნახევარკუნძულზე მდებარე მიწისზედა გადასასვლელი აქცია ფერად ინსტალაციად. 

ინსტალაციას Quick Tide ეწოდება, რომლითაც ფილიპ პანტონე ფერის უსაზღვრო შესაძლებლობებს წარმოგვიდგენს. მან მუშაობისას სპექტრის მხოლოდ სამი ფერი - ყვითელი, ცისფერი და იასამნისფერი გამოიყენა, თუმცა სინათლისა და ფერების შერევით სრულიად ახალი კომბინაციები მიიღო. როგორც არტისტი აღნიშნავს, მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა დაკვირება, თუ როგორ იცვლება ხილული სპექტრის კონკრეტული ფერი სხვა ფერთან შერევისას ან კომბინაცისას.

Quick Tide პირველი ნამუშევარი არ არის, სადაც არტისტი ამ საკითხს იკვლევს. პანტონეს შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანია და აერთიანებს: კინეტიკურ ხელოვნებას, ოპ-არტს, სტრიტ-არტსა და დიზაინს, მუშაობს როგორც ინსტალაციებზე, ასევე მოძრავ ქანდაკებებზე. მისი ნამუშევრები მუდმივად გვიჩვენებს კავშირს ხელოვნებასა და ფიზიკას შორს. 

მისი უკანასკნელი ნამუშევარი Quick Tide ინტერაქციულ ინსტალაციადაც შეიძლება აღვიქვათ, რადგან ხიდის გადაკვეთისას ადამიანი პანტონეს კვლევის ნაწილი ხდება და საშუალება ეძლევა დააკვირდეს, თუ როგორ იცვლება გადასასვლელი ხიდი სხვადასხვა განათების პირობებში და როგორ გავლენას ახდენს თვითონ, საკუთარი ჩრდილითა და ტანსაცმლის ფერით ნამუშევარში გამოყენებულ ტონალობებზე.

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Colossal