ფილმები, რომლებსაც 2021 წელს ვიხილავთ

პანდემიის გავრცელებასთან ერთად დაიხურა კინოთეატრები, ბევრი ისეთი ფილმის გამოსვლა, რომელთაც მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდა, გაურკვეველი ვადით გადაიდო… თუმცა, კინომოყვარულების სასიხარულოდ, ამ ყველაფერმა მაინც ვერ მოახერხა თანამედროვე კინემატოგრაფის შეჩერება და რეჟისორებმა მუშაობა განაგრძეს. წარმოგიდგენთ იმ ფილმებს, რომლებსაც 2021 წლის განმავლობაში ვიხილავთ.

The French Dispatch


უეს ანდერსონის  მეათე ფილმი სამ ისტორიას აერთიანებს და იგი საფრანგეთში მცხოვრები ამერიკელი ჟურნალისტის შესახებ მოგვითხრობს. როგორც ანდერსონი ამბობს, სცენარის დაწერაში მას „ნიუ-იორკერში“ გამოქვეყნებულმა სტატიებმა შეუწყო ხელი და ზოგიერთი პერსონაჟი თუ ამბავი სწორედ ამ სტატიებში ხსენებულ ფიგურათა პროტოტიპებია. ფილმში ტიმოთი შალამე, ტილდა სუინტონი, ედრიენ ბროუდი, ლეა სეიდუ, ფრანსის მაკდორმანდი და სხვები მონაწილეობენ.

Gucci


რიდლი სკოტის ბიოგრაფიული ფილმი სარა გეი ფორდენის რომანზე არის დაფუძნებული, სახელწოდებით „გუჩის სახლი: მკვლელობის, სიგიჟის, გლამურისა და სიხარბის გამაოგნებელი ისტორია“. იგი პატრიცია რეჯიანის, მაურიციო გუჩის ყოფილი ცოლის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც, არსებობს მოსაზრება, რომ მისი ქმრის სიკვდილში მიიღო მონაწილეობა. პატრიცია რეჯიანის როლს ლედი გაგა, ხოლო მაურიციო გუჩისას - ადამ დრაივერი ასრულებს. ფილმში ასევე ჯარედ ლეტო, ალ პაჩინო, ჯერემი აირონსი, ჯეკ ჰიუსტონი და სხვები თამაშობენ. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში 24 ნოემბერს გამოვა.

Dune 


ფილმი ამერიკელი მწერლის, ფრანკ ჰერბერტის 1965 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანის ადაპტაციაა; მისი რეჟისორი დენის ვილნევია, ხოლო მთავარ როლებს ტიმოთი შალამე და ზენდაია ასრულებენ. Dune ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 ოქტომბერს, ხოლო დიდ ბრიტანეთში 17 სექტემბერს გამოვა. აღსანიშნავია, რომ რომანის ადაპტაცია ცნობილმა კინორეჟისორმა დევიდ ლინჩმაც გადაიღო 1984 წელს.

French Exit 


French Exit აზაზელ ჯეიკობსის მეექვსე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია და იგი პატრიკ დევიტის რომანის მიხედვით არის გადაღებული. ფილმი ფრანსის პრაისის, ნიუ-იორკის ელიტური საზოგადოების წარმომადგენელი ქვრივი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც გარდაცვლილი ქმრის მემკვიდრეობით ირჩენს თავს და მალევე აღმოაჩენს, რომ გაკოტრების ზღვარზეა. ფრანსის პრაისის როლს მიშელ პფაიფერი ასრულებს.  იგი მრავალწლიანი შესვენების შემდეგ კინოს უბრუნდება და მაყურებელს კიდევ ერთ დასამახსოვრებელ პერსონაჟს სთავაზობს. მთავარ როლშია ასევე ლუკას ჰეჯესი, რომელიც ფილმში ფრანსის პრაისის შვილს, მალკოლმს თამაშობს. French Exit ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 აპრილს გამოვიდა, ხოლო დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში მისი გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

Shiva Baby 


Shiva Baby კინორეჟისორ ემა სელიგმანის სადებიუტო ფილმია. მთავარი პერსონაჟი ებრაელი, ბისექსუალი ქალი, სახელად დანიელია, რომლის როლსაც ამერიკელი მსახიობი და კომედიანტი, რეიჩელ სენოტი ასრულებს. კომედიური დრამა იუმორის ენით მოგვითხრობს სიკვდილისა და ოჯახური ურთიერთობების შესახებ. ფილმი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 აპრილს გამოვიდა.

Voyagers


სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში, რომლის რეჟისორიცა და სცენარისტიც ნილ ბერგერია, ტაი შერიდანი, ლილი-როუზ დეპი, კოლინ ფარელი და სხვები  მონაწილეობენ. ფილმში მოქმედება მომავალში ხდება და ადამიანთა ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც შორეული პლანეტის კოლონიზაციის მისიით ექსპერიმენტში ჩაერთვებიან. ბერგერის ფილმებს შორის არის „ილუზიონისტი“ (2006), „განსხვავებული“ (2014) და სხვ.

Gunda

შავ-თეთრი  ამერიკულ-ნორვეგიული ფილმი ცხოველებისა და მათი თვალთახედვის შესახებ მოგვითხრობს. მისი რეჟისორი ვიქტორ კოსაკოვსკი, ხოლო პროდიუსერი კი ყველასთვის კარგად ცნობილი მსახიობი ხოაკინ ფენიქსია. ფილმის პრემიერა  ამერიკის შეერთებულ შტატებში 16-ში , დიდ ბრიტანეთში კი 11 ივნისს შედგება.

About Endlessness 


კინომოყვარულები შვედ რეჟისორ რეი ანდერსონს კარგად იცნობენ. მის ფილმებს შორისაა „მტრედი იჯდა ტოტზე და ყოფიერებაზე ფიქრობდა“ და „შვედური სიყვარულის ისტორია“. რაც შეეხება მის ბოლო ფილმს, სახელწოდებით About Endlessness,  იგი ადამიანზე  და იმ წვრილმან მომენტებზე რეფლექსიაა, რაც ცხოვრებას განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს. ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე „ვერცხლის ლომი“ მოიპოვა საუკეთესო რეჟისურისათვის და იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში 30 აპრილს გამოვა.

Last Night in Soho



ედგარ რაითის ფსიქოლოგიური ჰორორის ჟანრის ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ანია ტეილორ-ჯეი ასრულებს, რომელსაც მაყურებელი კარგად იცნობს სერიალიდან „ლაზიერის გამბიტი“. ფილმში ასევე მატ სმიტი, ტერენსი სტემპი და სხვები მონაწილეობენ. იგი დამწყები მოდის დიზაინერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თანამედროვე დროიდან 1960-იანი წლების ლონდონში ტრანსპორტირდება, რათა თავის კერპს შეხვდეს. ფილმი 22 ოქტომბერს გამოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 29 ოქტომბერს - დიდ ბრიტანეთში.

Nightmare Alley


ცნობილი მექსიკელი კინორეჟისორის, გილერმო დელ ტოროს ფსიქოლოგიური თრილერი ცნობილი მანიპულატორის (ბრედლი კუპერი) შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ფსიქიატრს (კეიტ ბლანშეტი) გაიცნობს და მასთან ურთიერთობას დაიწყებს. ფილმი უილიამ ლინდსი გრეშემის იმავე სახელწოდების  რომანზეა  დაფუძნებული და მასში ბრედლი კუპერი, კეიტ ბლანშეტი, უილიამ დეფო, ტონი კოლეტი, რუნი მარა და სხვები მონაწილეობენ.

West Side Story


სტივენ სპილბერგის ფილმი 1957 წლის ბროდვეის იმავე სახელწოდების  მიუზიკლზეა დაფუძნებული. ფილმში მთავარ როლებს ენსელ ელგორტი და რეიჩელ ზიგლერი ასრულებენ. ფილმი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში 10 დეკემბერს გამოვა.

The Green Knight


დევიდ ლოვერის ფანტასტიკის ჟანრის ფილმი მეთოთხმეტე საუკუნის რომანზე არის დაფუძნებული, სახელწოდებით „სერ გავეინი და მწვანე რაინდი“. სიუჟეტი მეფე არტურის ძმისშვილის, სერ გავეინის (დევ პატელი) გარშემო ვითარდება, რომელიც გიგანტური მწვანე რაინდის საძებნელად, მასთან დასაპირისპირებლად გაემართება. ფილმში დევ პატელი, ალისია ვიკანდერი, კეიტ დიკი, შონ ჰარისი და სხვები  მონაწილეობენ. ფილმი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში 23 ივლისს გამოვა.

The Eternals


ფილმი მარველის კომიქსებში ასახულ იმავე სახელწოდების მქონე ხალხზე (Eternals) მოგვითხრობს, უკვდავი ადამიანების შესახებ, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობდნენ და მის განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს. ფილმის რეჟისორია ქლოი ჟაო, რომლის ყველაზე ცნობილი ნამუშევარიც 2020 წელს გამოსული „მომთაბარეთა მიწაა“. The Eternal-ში ანჯელინა ჯოლი, რიჩარდ მედენი, სელმა ჰაიეკი, კიტ ჰარინგტონი და სხვები მონაწილეობენ. ფილმი  ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში 5 ნოემბერს გამოვა.

The Matrix 4

დები ვაჩოვსკების ლეგენდარული ფრენჩაიზის, „მატრიცას“ მეოთხე ნაწილის რეჟისორი ლანა ვაჩოვსკია, ხოლო მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი მსახიობები ისევ იმავე პერსონაჟებს ითამაშებენ - კიანუ რივზი ნეოს როლში, ქერი-ენ მოსი - როგორც ტრინიტი, ჯადა პინკეტი - როგორც ნიობე და ა.შ. ფილმში, ძირითადი მსახიობების გარდა, ასევე პრიანკა ჩოპრა, ნილ პატრიკ ჰარისი, ჯესიკა ჰენვიკი და სხვები მიიღებენ მონაწილეობას. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში 22 დეკემბერს გამოვა.

ფოტოების წყარო:
1. nytimes.com
2. irishtimes.com
3. indiewire.com
4. vanityfair.com



ავტორი : ანი შამათავა