ფრენკ გერის არქიტექტურა და „ბილბაოს ეფექტი“

„ფრენკის არქიტექტურა აფეთქებას ჰგავს. ის ენერგიაა, სიხარულია, გაყინული მოძრაობაა“, - ამბობს იტალიელი არქიტექტორი რენცო პიანო და მას ფრენკ გერის ნამუშევრების მოყვარულთა უსასრულო რიგი ეთანხმება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მისმა იდუმალმა, მოულოდნელი ფორმების მქონე შენობებმა და შემოქმედებამ, რომელიც მოდერნისტული არქიტექტურის სისადავეს, მისთვის დამახასიათებელ მინიმალიზმს დაუპირისპირდა, საზოგადოებას მარტივად დაამახსოვრა თავი. გერის პოპულარობას კომუნიკაბელურმა და გახსნილმა ხასიათმაც შეუწყო ხელი და მალევე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არქიტექტორი გახდა. მიუხედავად მოდერნიზმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებისა, გერიმ მოახერხა, რომ გაჰქცეოდა პოსტმოდერნულ ტრენდებს და ჩამოეყალიბებინა საკუთარი, უნიკალური და გულწრფელი ენა. მის მიერ შექმნილი შენობები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არის გაფანტული.



გერი 1949-1951 წლებში არქიტექტურას სწავლობდა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში, ხოლო 80-იან წლებამდე ნეიტრალურ, სასარგებლო, მაგრამ არაფრით გამორჩეულ პროექტებზე მუშაობდა, რომლებიც თავისი თვალთახედვის რეალიზების საშუალებას არ აძლევდა. ასეთები იყო ოფისები, სავაჭრო ცენტრები… 50 წლის ასაკში გერიმ ყველა კომერციულ პროექტზე მუშაობა შეწყვიტა და განსხვავებულად მიუდგა არქიტექტურას, რამაც მის კარიერას სრულიად შეუცვალა სახე. მისი ადრეული ექსპერიმენტები და იდეები ყველაზე კარგად  გამოხატა თავისი სახლის „რეკონსტრუქციით“ 1991-1994 წლებში.



1997 წელს, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გუგენჰაიმის მუზეუმის გახსნის შემდეგ, გერიმ დეკონსტრუქტივისტი არქიტექტორის რეპუტაცია მოიპოვა და ბილბაო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები დამთვალიერებლებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდა. სწორედ აქედან მოდის ფენომენი, სახელწოდებით „ბილბაოს ეფექტი“, რაც ძველი ქალაქების ეკონომიკური და კულტურული წახალისების მიზნით განსაკუთრებული და ეფექტური არქიტექტურის გამოყენებას აღნიშნავს. მუზეუმს არცერთი ბრტყელი ზედაპირი არ გააჩნია, ხოლო სტრუქტურის უდიდესი ნაწილი სიფრიფანა ტიტანიუმის პანელებით არის დაფარული. როგორც ტომას კრენსი, გუგენჰაიმის (ნიუ-იორკი) დირექტორი ამბობს, „ბილბაოს მუზეუმი ფრენკისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მუზეუმის გახსნამდე ის საინტერესო არქიტექტორი იყო, ხოლო გახსნის შემდეგ ტრანსცენდენტური არქიტექტორი გახდა“. უნდა ითქვას ისიც, რომ „ბილბაოს ეფექტი“ მხოლოდ ქალაქის განვითარებას არ აღნიშნავს - გერის ამ ნამუშევრის შემდეგ არქიტექტურაშიც შეიმჩნევა აღმასვლა: „ბილბაოს“ პროექტის გავლენა შეინიშნება გერის თანამედროვე კოლეგებზე, როგორებიც არიან ზაჰა ჰადიდი, რემ კულჰასი და სხვები.




გერიმ უფრო და უფრო ხშირად დაიწყო ტექნოლოგიების გამოყენება თავის სასარგებლოდ - მალევე მიხვდა, რომ უკვე არსებული რესურსები საკმარისი არ იყო იმ ეფექტის მისაღწევად, რაც თავად სურდა. ამიტომაც, ტექნოლოგიამ მას საშუალება მისცა, გაერღვია საზღვრები და გამოეყენებინა ის შემოქმედებითი თავისუფლება, რაც მას ამ პროცესმა მისცა. გერი ამბობს: „კომპიუტერი არის ხელსაწყო, რომელიც არქიტექტორს ეხმარება, პროექტს დასრულებამდე საფუძვლიანად ადევნოს თვალი. იგი საშუალებას გაძლევს, დახლართული ფორმების ზუსტი, თვალსაჩინო და დაწვრილებითი მონახაზები შექმნა“. მის მიერ შექმნილ შენობებს შორის არის პოპკულტურის მუზეუმი (სიეტლი), რომელზეც გერი 1995-2000 წლებში მუშაობდა. შენობა ფერადი ლითონით არის დაფარული და როგორც თავად არქიტექტორი ამბობს, მას დამტვრეული ელექტროგიტარის ფორმა აქვს. 



ფრენკ გერის შენობები ადამიანებს, პერსონაჟებს ჰგვანან, ემოციებს იწვევენ და თითოეული მასალა, რასაც იგი კონკრეტული ნამუშევრის შექმნისას იყენებს, ეხმიანება იმ ატმოსფეროს, რასაც პერსონაჟი ქმნის. ამის მაგალითია 1997 წელს პრაღაში შექმნილი საოფისე შენობა, რომელსაც „მოცეკვავე სახლს“ ან „ფრედსა და ჯინჯერს“ უწოდებენ. ეს უკანასკნელი მეტსახელი მას ფრედ ასტერთან და ჯინჯერ როჯერსთან მსგავსების გამო შეარქვეს. როგორც გერი ამბობს, ამგვარი მიდგომის გამო მას ხშირად ითვალწუნებდა „აკადემიური სივრცე“ - კოლეგები მას მხატვარს უწოდებდნენ და ეს კომპლიმენტად ნამდვილად არ იყო ჩაფიქრებული. თავად გერი კი ფიქრობს, რომ „არქიტექტურა და მხატვრობა ერთი და იგივე რამეა“.





მიუხედავად იმისა, რომ გერის ნამუშევრებს ხშირად დეკონსტრუქტივიზმს, ხანდახან კი - პოსტმოდერნიზმს მიაკუთვნებენ, თავად არქიტექტორი მსგავსი საზღვრების დაწესებას ერიდება და თავს რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობის ნაწილად არ თვლის. მისი შემოქმედება გამბედავი და იდუმალია და არ ეშინია, იყოს ექსცენტრიკული. ფრენკ გერის ფუნდამენტური მისწრაფებაც სიახლის ძიებაა და მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „თუ იცი, როგორ უნდა დასრულდეს, მაშინ მისი კეთება არ ღირს“.

ფოტოების წყარო:

1. surfacemag.com
2. dwell.com
3. archdaily.com



ავტორი : ანი შამათავა