გალერეა Modern Art-ში კარლო კაჭარავას პერსონალური გამოფენა გაიხსნა

People and Places კარლო კაჭარავას მიმდინარე გამოფენის სახელწოდებაა, რომელიც სანია კანტაროვსკისა და სკოტ პორტნოის კურატორობით ლონდონში, გალერეა Modern Art-ში 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ People and Places პირველი გამოფენაა, სადაც კარლო კაჭარავას შემოქმედების უმნიშვნელოვანეს ნაწილს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოფენენ.




People and Places-ის ექსპოზიციის ნიმუშები ერთდროულად რამდენიმე თემას აერთიანებს. მათ შორის ბავშვობის, მეხსიერების, სიყვარულის, ანარქიისა თუ ფილოსოფიის ელემენტებს. გამოფენა დამთვალიერებლებს ქართველი ხელოვანის შემოქმედების ფართო სპექტრს სთავაზობს და ექსპოზიციას საერთაშორისოდ მასშტაბურ სახეს აძლევს.


კარლო კაჭარავას შემოქმედება ხელოვანის ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად მრავალშრიანი ხედვით გამოირჩევა, რაც ბუნებისაგან მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული არტისტის არაერთი ნამუშევრით დასტურდება. საბჭოთა ეპოქაში გაზრდილი ხელოვანის ხედვა დასავლურ ფასეულობათა სისტემის მატარებელია. ეს განსაკუთრებით მაშინაა შესამჩნევი, როცა კაჭარავას პოეზიასა თუ ფერწერაში ინტეგრირებული სიტყვების ამოკითხვით დასავლური კულტურისაკენ სწრაფვისა და საბჭოური რეალობის კრიტიკის ნიმუშებს ვაწყდებით. მაგალითად, 1993 წელს კაჭარავა “Against Interpretation”-ის შთაგონებით ასრულებს ნამუშევარს, სათაურით Susan Sontag, პოეზიაში კი ხშირად იმეორებს სიტყვებს: “ჩვენში ის კულტურაც არ არსებობს, რომლის კონტრკულტურამაც უნდა იარსებოს”.


ხელოვნების კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კარლო კაჭარავას ფიგურა თავისი დროის სახელოვნებო სცენას ამყარებდა. ხელოვანის გარდაცვალებიდან დაახლოებით 30 წელია გასული, თუმცა მისი გრაფიკა, ფერწერა, პოეზია თუ არტ-კრიტიკა ხელოვანებსა და ხელოვნებათმცოდნეებს დღესაც შთააგონებს და საფიქრალს უჩენს.

დღეს კარლო კაჭარავას ხელოვნების მიმართ ინტერესი გლობალურად ფართოვდება, რაზეც Modern Art-ის გამოფენაც მეტყველებს. შეგახსენებთ, რომ გამოფენა People and Places ხელოვანის ნამუშევრების ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩვენების პირველი შემთხვევა არ არის. 1998 წელს კარლო კაჭარავას ნამუშევრები ნიუ-იორკში, ჯოის გოლდსტეინის გალერეაში გამოიფინა, ხოლო 2017 წელს Metro Pictures-ის ორგანიზებით ჯგუფური გამოფენა Sputterances გაიმართა, სადაც კარლოს ნამუშევარი English Romanticism (1993)  წარმოადგინეს.



ავტორი : ანა გაბისიანი