“გალერეა ვიტრინაში” ალექსი სოსელიასთან ერთად - Window Project-ისა და თბილისის მერიის პროექტი

გალერეა Window Project-მა თბილისის მერიის მხარდაჭერით ახალი საჯარო სახელოვნებო პროექტი “გალერეა  ვიტრინაში” ალექსი სოსელიასთან ერთად წარმოგვიდგინა. “კულტურული თამაშები” ეს არის ნამუშევრების სერია, რომელიც ქართული აქტუალური ისტორიული ღირებულებებისა და იდენტობის, ასევე პოპკულტურულ ვიზუალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.



Window Project-ის აქამდე განხორციელებული ვიტრინის პროექტებისგან განსხვავებით, ალექსი სოსელიას ნამუშევრებმა სკულპტურის ფორმა შეიძინა.  სამი სკულპტურა, რომლებიც ქალაქის საჯარო სივრცეში, განახლებული ორბელიანის მოედანზე, ათონელის ქუჩაზე განთავსდა, გალერეისა და სკულპტურის ერთგვარი სინთეზია.  სკულპტურის კონცეფცია არქიტექტურულ სივრცეში შინაარსის მუდმივი ცვალებადობაა.


დღეს თბილისში ახალგაზრდა ხელოვანებისათვის სულ რამდენიმე გალერეაა ხელმისაწვდომი და ხშირად ინფორმაცია ფართო საზოგადოებამდე არ აღწევს. აქედან გამომდინარე, ახალი საჯარო სახელოვნებო ვიტრინები ემსახურება ქვეყანაში არსებული თანამედროვე ხელოვნების დინამიკის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას. 

დინამიკურად ცვლადი გამოფენები კი, სკულპტურის შინაარსის ცვლილებით, განსხვავებული აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომ, შემოქმედებით სატრანზიტო სივრცედ ჩამოყალიბდება.



ალექსი სოსელია არის მხატვარი და კურატორი. 2011 წელს დაამთავრა თანამედროვე ხელოვნების ცენტრის არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა.

 2013 წლიდან თანამოაზრეებთან ერთად ქმნიდა პირველ ქართულ მოძრავი გამოსახულების არქივს, რომლის პრეზენტაციაც ფართომასშტაბიანი გამოფენის სახით მოეწყო. ახორციელებდა  და კურირებდა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებს, როგორიცაა თბილისის ტრიენალე (2012, 2015, 2018), ქართული მოძრავი გამოსახულების რეტროსპექტივა ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე (2018).



არის პროექტ „პარალელური კლასის“ გუნდის წევრი და აქტიურადაა ჩართული მოზარდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენასა და საგანმანათლებლო პროექტებში. მის ძირითად ფოკუსს წარმოადგენს სოციალური ცვლილებებისა და ახალი კონტექსტების შექმნა ადამიანის შემოქმედებითი ხედვების გაძლიერებით. 2019 წლიდან დააფუძნა პროექტი - გალერეა საწყობი, რომელიც შესაძლებლობებისა და თანამედროვე ახალაგაზრდა მხატვრების საერთო ინიციატივის სინთეზს წარმოადგენს.