გეომეტრია, როგორც თხრობის ფორმა - ინტერვიუ თორნიკე გოგნაძესთან

თორნიკე გოგნაძე ახალგაზრდა ხელოვანია, რომლის შემოქმედებისთვის წარსულში მიღებული გამოცდილების ახლებურად გააზრებაა დამახასიათებელი.  ნამუშევრებში ხშირად ვხვდებით გეომეტრიულ ფიგურებს, მეტალის ობიექტებსა და მრავალფეროვან ფორმებს, რომელთა ერთობლიობა ჰარმონიულ და სტრუქტურულად გამართულ ურთიერთკავშირს ქმნის. ამავდროულად, მათი შინაარსი ჩვენ ცნობიერებაში ადამიანთა ისტორიებს აცოცხლებს. 


თორნიკე, მოგვიყევი როდის გაგიჩნდა ინტერესი ხელოვნებისადმი და როგორ აღმოჩნდი ამ სფეროში?

ხელოვნებისადმი ინტერესი გაუცნობიერებლად, ადრეულ ბავშვობაშივე გაჩნდა. ვსწავლობდი თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლაში. სკოლის ზედმეტად კლასიკურმა მიდგომებმა მაიძულა მეფიქრა, რომ ამ პროფესიის გაგრძელება არ მსურდა, რის გამოც რამდენიმე წელი ხელოვნებასთან კავშირი გავწყვიტე. თუმცა საბოლოოდ, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში (VA[A]DS), ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით. ვფიქრობ, სწორედ VAADS-ში მიღებული ცოდნის წყალობით აქტიურად ჩავები ხელოვნების სფეროში.



მივიწყებულ და ფუნქციადაკარგულ საგნებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევ. მაგალითად, გალერეა 4710-ში მოწყობილი გამოფენა Dawn ამის ერთ-ერთი მაგალითია. გვესაუბრე კონცეფციაზე და იდეაზე, რატომ მივიწყებული ობიექტები?

მეტწილად ნამუშევრებში პირად ისტორიასა და გამოცდილებას ვიყენებ და ამ ისტორიების გააზრებით ვქმნი ახალ ხედვას წარსულზე. ერთი წლის წინ აღმოვაჩინე, რომ  თელავის აბრეშუმის ძაფსახვევი საწარმო ჩემი ინტერესის საგანი და კვლევის წამოწყების მიზეზი გახდა. დასაწყისში ინფორმაცია საბჭოთა პროპაგანდისტული გაზეთის, “ალაზნის განთიადის” 1972-77  წლების გამოცემებით და დიდი ბებიის, რომელიც ამ საწარმოში მუშაობდა, ალბომში გადანახული ფოტოსურათებით მოვიძიე. ამის შემდეგ დავიწყე კვლევის პროცესი - შევხვდი საწარმოს ყოფილ თანამშრომლებს. წარმოდგენილი ობიექტები - ფუნქციადაკარგული საგნები, საწარმოს ტერიტორიაზეა ნაპოვნი, დანადგარები აბრეშუმის ჭუპრიდან ძაფის ამოსახვევად გამოიყენებოდა. ეს ობიექტები მეტაფორაა მივიწყებული ადამიანებისა, რომლებსაც კვლევის ფარგლებში შევხვდი. მათ ერთდროულად დაკარგეს საკუთარი ფუნქცია. 


როგორია კავშირი მასალების კონტექსტსა და ნამუშევრებს შორის? ზოგადად, რომელ მედიუმში მუშაობაა შენთვის კომფორტული?


ხშირად ვიცვლი სამუშაო მედიუმს. მეტწილად ვცდილობ შევეხო ისეთ მასალებს, რომელთა შრეებიც ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობია და სპონტანურობისთვის მეტ სივრცეს ტოვებს.  ყოველთვის ვცდილობ მასალას დავუპირისპირდე - მაგალითად, ჩემ მიერ 2020 წელს შექმნილი თაბაშირის ინსტალაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც მასალისათვის ფაქტურისა და თვისების შეცვლა იყო. ამ შემთხვევაში მინდოდა მძიმე, მსხვრევადი თაბაშირი მექცია მსუბუქ და რბილ გამოსახულებად. 


როგორ იწყება სამუშაო პროცესი, სად ეძებ შთაგონებას?

ჩემი სამუშაო პროცესი აზრების, იდეებისა და მასალების თავმოყრით იწყება, რაც ყველაზე ხანგრძლივი ეტაპია და რამდენიმე თვე შეიძლება გაგრძელდეს. ბოლო დროს დაინტერესებული ვარ გეომეტრიული ფორმებით და ჩემ გარშემო არსებული არქიტექტურული ელემენტები მეხმარება შთაგონებაში. 


კრისტალის ფორმის თეთრ ინსლატაციაზეც მოგვიყევი...

გეომეტრიული ნამუშევარი თავიდან ბოლომდე დაფუძნებული იყო პროცესზე, რომელმაც მიმიყვანა მოცემულ შედეგამდე. ამ შემთხვევაში მთავარ მასალად მეტალი იქცა. ძირითადად, სხვადასხვა ფორმების დახმარებით სიმეტრიაში სიმეტრიითვე შემაქვს ასიმეტრია, თუმცა ასიმეტრიული გადაწყვეტა მნახველისთვის ჰარმონიულად უნდა იკითხებოდეს. ქანდაკების ზედაპირზე ინტუიციურად განვალაგე სიმეტრიული კვადრატები, რომელიც ხელითაა გამოყვანილი. ამის შემდეგ ბალიშის ფორმის ტოლგვერდა კუბები კრისტალის მხოლოდ ექვს წახნაგზე დავიტანე, რომლის გაფანტულობაც ქანდაკების გარკვეულ ნაწილში ასიმეტრიას იწვევს, მაგრამ ერთი შეხედვით ყველაფერი ისევ სიმეტრიული და გააზრებულია. ქანდაკების დასრულების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეს ზედაპირი ძალიან ჰგავს ბრაილის შრიფტს. სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ ეს ჩემთვის კვალის დატოვებისა და თხრობის საშუალება იყო.

ბოლო დროს ხშირად ვაწყდები და უფრო მეტად ვაკვირდები გზებზე, შემაღლებულ ადგილებში განთავსებულ ჯვრებს, რომელთა სიმეტრიაც და ფორმაც ჩემი ფიგურის ფორმასთან გავაიგივე,  რაც, რა თქმა უნდა, მეტაფორულად თავად ჯვრის მოტივსაც ეფუძნება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ქანდაკებაც მათ მსგავსად ჰორიზონტზე შემაღლებულ ადგილას, მიწიდან 50 სმ-ის ზევით განმეთავსებინა. თეთრი ფერითა და არეკვლადი ზედაპირით სკულპტურა ცას ერწყმის და ამავდროულად, ძალიან ზუსტ, კონკრეტულ ფორმას გამოსახავს.

ასევე მნიშვნელოვანია კრისტალის ზომა, 3x2x1 მეტრზე, რაც "ოქროს კვეთას" წარმოადგენს.


 

ამჟამად რაზე მუშაობ?

დაინტერესებული ვარ ტაძრების გუმბათების გეომეტრიული ფორმებით და აღმოვაჩინე, რომ ფრანკფურტში, ქალაქში, სადაც ახლა ვცხოვრობ, ძალიან ხშირად იყენებენ ამ ფორმას თანამედროვე არქიტექტურაშიც და ხშირად ვათვალიერებ.

გვესაუბრე სამომავლო გეგმებზეც…

 
ვფიქრობ, ჩემი შემდგომი ნამუშევრების შთაგონება სწორედ ტაძრების გუმბათების ფორმების შესახებ იქნება. ასევე ვმუშაობ ჯგუფური გამოფენის იდეაზე, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ფოტო: სერა ძნელაძე, გალერეა 4710



ავტორი : მარიამ ქორიძე