გილბერტ ბეიკერი - ხელოვანი და აქტივისტი LGBTQ დროშის მიღმა

1978 წელს სან-ფრანცისკოში მცხოვრებმა ხელოვანმა გილბერტ ბეიკერმა LGBTQ დროშა შექმნა, რომელიც პირველად ამავე წელს Gay Freedom Day-ს ფარგლებში გამართულ პრაიდზე გამოიყენეს. სან-ფრანცისკოში 25-წლიანი ცხოვრების შემდეგ ბეიკერი 1994 წელს ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან საკუთარი შემოქმედება სოციალურ აქტივიზმს დაუკავშირა და ყველა მნიშვნელოვან მოძრაობაში ჩაერთო, რომელიც სექსუალური უმცირესობებისთვის ბრძოლას ეხებოდა, მათ შორის მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში 1994 წელს გამართულ პრაიდზე, სადაც მანჰეტენის პირველ ავენიუზე მის მიერ შექმნილი 1 მილის სიგრძის დროშა მთელ ქუჩაზე გამოფინა. 2003 წელს, დროშის შექმნიდან 25 წლის შემდეგ, ბეიკერმა კვლავ გაიმეორა საპროტესტო პერფორმანსი, ამჯერად ფლორიდაში და კიდევ უფრო მასშტაბური - 1.25 მილის სიგრძის დროშა Key West-ის ქუჩაზე გაშალა.

უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლის პარალელურად აქტივისტი ხშირად ერთვებოდა სხვა პოლიტიკური და სოციალური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის აპროტესტებდა ვიეტნამის ომს და მოითხოვდა მარიხუანას ლეგალიზაციას.  გარდა ამისა, როგორც ხელოვანი აქტიურად ქმნიდა სხვადასხვა ფორმის სატირულ ნამუშევრებს, რომელთა მთავარ თემას, რა თქმა უნდა, კვლავ სოციალური საკითხები წარმოადგენდა. "სატირა და იუმორი საუკეთესო იარაღია მათი და მათი სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს ".  - ამბობდა ბეიკერი.

ერთ-ერთი ასეთი საპროტესტო ნამუშევარი "Pink Jesus" ხელოვანმა 1990 წლის პრაიდზე აჩვენა, რომელიც 1990 წელს ამერიკაში პოლიტიკურ და სახელოვნებო სივრცეში ჰომოფობიური მოვლენების გამო  არტისტის ერთგვარ რეაქციას წარმოადგენდა, პერფორმანსში იესო ქრისტეს ვარდისფერი ფიგურის გარდა, მონაწილეობდა თავად ხელოვანიც, რომელსაც ვარდისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.

ზოგადად, სამოსს ხელოვანისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა მხოლოდ კონკრეტული პერფორმანსების დროს არ ჰქონდა. ის დამოუკიდებლადაც ქმნიდა ტანსაცმლის კოლექციებს, რომლებიც სიმბოლურად კვლავ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და LGBTQ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლას უკავშირდებოდა. 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დონალდ ტრამპის არჩევას ბეიკერი ციხის უნიფორმების შექმნით გამოეხმაურა. როგორც ხელოვანი აღწერდა, ეს სამოსი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ ბანაკებში დაპატიმრებული ადამიანების უნიფორმის რეინტერპრეტაციას წარმოადგენდა, ტანსაცმელზე დატანილი LGBTQ დროშა კი, წითელი სამკუთხედის სიმბოლოს მსგავსად, სიმბოლურად ტყვეობაში მყოფ ადამიანზე მიანიშნებდა.

ცისარტყელას ფერებში შექმნილი დროშა, რომელიც წლების განმავლობაში სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლის მთავარ სიმბოლოდ ითვლება, ბეიკერმა საკუთარ პერფორმანსებში, ნახატებში და სამოსში სხვადასხვა ვარიაციით არაერთხელ გამოიყენა. თითოეული ამ ნამუშევრისა და მის შესახებ 40 წლის განმავლობაში დაგროვილი საინტერესო არქივის ხილვა დამთვალიერებელს ონლაინგამოფენა Performance, Protest & Politics: The art of Gilbert Baker-ის ფარგლებში Glbthistory.org-ზე შეუძლია.

 

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი

ფოტო: Glbhistory.org