გრეგორი კრუდსონი - გაჩერებული კადრი

გრეგორი კრუდსონი ამერიკულ ტრადიციას თავისი შთამბეჭდავი ფოტოსურათებით განასახიერებს. მისი ნამუშევრები უცნაური პეიზაჟებითა და სიზმრის ეფექტით გამოირჩევა. ისინი კონსტრუირებული ფოტოგრაფიის ჟანრს ეკუთვნის. ეს გულისხმობს, რომ გამოსახულება, რომელიც ფოტოგრაფის კამერის წინაა, მისივე შექმნილია. სურათის გადაღებამდე, ფოტოგრაფი ამზადებს შერჩეულ ლოკაციას და მასში ცვლილებები შეაქვს. კრუდსონი თავად ჰყვება, რომ ლოკაციის არჩევა გადაღებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. “ბევრ  დროს ვატარებ, რათა ვიპოვო ადგილი ჩემი სურათების გადასაღებად… ამ ადგილებში დაბრუნებისას კი რაღაც ამბავი მომაგონდება”. 

მისი სპეციფიკური ხედვიდან გამომდინარე, ის უმეტესად ქალაქების გარეუბნებს ათვალიერებს. კრუდსონს მიაჩნია, რომ ყოველი ფოტოგრაფის იდეას რაიმე გარკვეული ადგილი განასახიერებს, მის იდეებს კი დიდი ქალაქის ურბანული გარემო არ შესაბამება.  


1990-იან წლებში მისი კარიერა ნამუშევართა სერიით Natural Wonder (ბუნებრივი საოცრება) დაიწყო. ის ძლიერ განსხვავდება იმ ნამუშევრებისგან, რომლებსაც კრუდსონი მოგვიანებით შექმნის. მასში წარმოდგენილია ფრინველები, მწერები და სხეულის დასახიჩრებული ნაწილები სიურრეალისტურ და ამავდროულად, ყოველდღიური ცხოვრების გარემოებაში. ამავე პერიოდში კრუდსონი მუშაობდა სერიაზე Twilight (ბინდი), რომელიც უფრო ბნელ და მისტიკურ ფოტოგრაფიულ სამყაროს გვიხატავს. ის და მისი მომდევნო ნამუშევრების სერია, როგორც თავად კრუდსონი ამბობს, დევიდ ლინჩის 80-იანი წლების საკულტო ფილმით - Blue Velvet არის შთაგონებული. ინტერვიუებში იგი ხშირად საუბრობს ლინჩის ფილმსა და გავლენაზე, რომელიც Blue Velvet-მა ფოტოგრაფზე იქონია. კრუდსონს მიაჩნია, რომ ამ ფილმმა მისი პიროვნება განსაზღვრა. ფილმის ესთეტიკა ნამდვილად იგრძნობა სერიებში Twilight და Beneath the Roses 





კრუდსონი თავისი ნამუშევრებით ამბის მოყოლას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. “საკუთარ თავს ამბის მთხრობელად მივიჩნევ და ფოტოებს ვიღებ, რათა გადმოვცე ეს ამბავი”. მის სურათებს თუ დააკვირდებით, გექნებათ შეგრძნება, თითქოს ისინი რომელიმე ფილმის სცენიდან ამოღებული კადრია. მისი ნამუშევრების ყველა სერიას აქვს ფილმების გავლენა. “კინოსა  და გაშეშებული სურათის კავშირით მუდამ დაინტერესებული ვიყავი. ხელოვნების ყველა დარგიდან, ფილმები და ის სიზმრისეული შეგრძნება, რომელიც განათებული ეკრანის ყურებას მოაქვს, ყველაზე მეტად მიყვარს. ამ დროს მაყურებელი ხედავს ფილმისა და ჩვენი სამყაროს ერთმანეთისგან განცალკევებას”. მართლაც, Twilight და Beneath the Roses ჰიჩკოკის ფილმებსა და სიზმრის იდუმალ გარემოს მოგვაგონებს.





გრეგორის ფოტოსურათები უამრავ კითხვას ბადებს და მაყურებელი იწყებს მიზეზების ძიებას, თუ როგორ შეიქმნა ფოტოებში ეს უცნაური გარემოება. ჩნდება ისეთი შეგრძნება, თითქოს მათზე გამოსახული ამბავი სურათის გადაღებამდე არსებობდა და გადაღების შემდეგაც იარსებებს. თუმცა, თავის ნამუშევრებზე საუბრისას კრუდსონი აღნიშნავს, რომ მის სურათებს არ გააჩნია  ვრცელი შინაარსი. ის მხოლოდ ფოტოსურათის მომენტითაა შემოსაზღვრული. ფოტოფრაფისთვის მნიშვნელოვანია განცდა, რომელსაც მისი ნამუშევრები მაყურებელში იწვევს. “მაყურებელს უნდა გაუჩნდეს იმის შეგრძნება, თითქოს ის რაღაც ნაცნობს და ამავდროულად, იდუმალს უყურებს. სურათს შინაარსი არ გააჩნია, იგი არაა დროში გავრცელებული, უბრალოდ ფოტოსურათის მომენტია”.





კრუდსონის პროექტები მუდამ დიდი მასშტაბით გამოირჩეოდა. მისი ფოტოსურათების გადაღების პროცესი ჰოლივუდის კინოს შექმნას ჰგავს. ბენ შაპიროს დოკუმენტურ ფილმში Gregory Crewdson: Brief encounters სერიის  - Beneath the Roses დეტალური შექმნაა აღწერილი. გადაღებას წინ ხანგრძლივი მზადება უძღვის. კრუდსონი ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც ადგილმდებარეობას აირჩევს, ის და მისი გუნდის წევრები ადგილის მცირე რეკონსტრუქციას აკეთებენ. იმისათვის , რომ ფოტოსურათს დროში დაკარგული თემატიკა შესძინოს, მასში არსებულ ყველა ობიექტს ძველ ნივთს ამსგავსებს. “ყველაფერი ოდნავ დამტვრეული უნდა იყოს. ქალაქის მოსახლეობას ვთხოვთ, არ მოაპირკეთონ გზები და ბალახი არ მოჭრან. ეს ყველაფერი იმისათვის, რომ შეიქმნას მშვენიერი და ამავდროულად, დაუმთავრებელი სამყარო”.




2013-14 წლებში კრუდსონი მუშაობდა სერიაზე Cathedral of the pines (ფიჭვების ტაძარი). მისი ნამუშევრები ნოსტალგიურ განცდასა და მელანქოლიურ შეგრძნებებს იწვევს. ერთი მხრივ, ისინი ისევ უცნაურობისა და იდუმალების შთაბეჭდილებას ტოვებს, რის გამოც მაყურებელი არაა დარწმუნებული, რომ ხვდება, რა ხდება სურათზე. მეორე მხრივ, ეს სერია თავად ფოტოგრაფის პირადი ცხოვრების განცდებს ეხმაურება. კრუდსონი ჰყვება, რომ ეს ცხოვრების საკმაოდ ბნელი პერიოდი იყო, რის გამოც დიდი ხანი არ უმუშავია. როდესაც“ფიჭვების ტაძარს” ქმნიდა, გრეგორი გადაღებების ადგილას მყოფ ტაძარში გადავიდა საცხოვრებლად. ფოტოგრაფი ამბობს: “ამ სურათების მთავარი თემატიკა მშობლიურ სახლთან კავშირის ძიებაა. ეს ყველაფერი ჩემს პირად ცხოვრებასაც ასახავს”. Cathedral of pines სერიის ფოტოსურათები გადაღებულია მასაჩუსეტსში, ბეკეტის ტყეში. ეს ადგილი შემთხვევით არ შერჩეულა, ვინაიდან გრეგორის მასთან ბავშვობის მოგონებები აკავშირებს. იმ ნოსტალგიურ შეგრძნებას, რომელიც მაყურებელს ფოტოებისგან უჩნდება, კრუდსონი აღწერს, როგორც ისეთი საგნის მიმართ ლტოლვას, რომელიც არც არასოდეს არსებობდა.



2020 წელს კრუდსონმა მისი ახალი ნამუშევრების სერია - An eclipse of moths  წარადგინა. ამჯერად , მოქმედების ადგილი ამერიკის მიტოვებული ქალაქია. ფოტოსურათებში ფიგურები გარშემორტყმულია ხრწნადი ინდუსტრიული ლანდშაფტითა და შთამბეჭდავი ბუნებით. კრუდსონმა აღნიშნა, რომ ნამუშევრების შინაარსიდან გამომდინარე, ამაღელვებელი და შეიძლება, დამთრგუნველი გარემოებაც კი იქმნება. თუმცა, ამასთან ერთად, იგი დასძენს: “იმედი მაქვს, შეუპოვარი ბუნებისა და სინათლის მაძიებელი ფიგურების თემატიკა აღორძინებისა და შესაძლოა, გამოსყიდვის იმედს ბადებს მაყურებელში”.


ფოტოების წყარო:
1. gagosian.com
2. vanityfair.com
3. artsy.net



ავტორი : მარიამ კალანდია