Gucci HA HA HA - Gucci-სა და ჰარი სტაილსის ერთობლივი კოლექცია

Gucci HA HA HA ბრენდის კრეატიული დირექტორის, ალესანდრო მიკელესა და ჰარი სტაილსის კოლაბორაციაა, რომელიც ოქტომბერში გამოვა. 

ალესანდრო მიკელე და ჰარი სტაილსი დიდი ხნის მეგობრები არიან, კოლექციის იდეა და სახელი შთააგონა სიცილმა, რითაც მათი საუბრები იწყება და მთავრდება.

 

 

როგორც დიზაინერი აღნიშნავს, მუსიკოსს პირველად მაშინ შეხვდა, როდესაც ის სოლო კარიერას იწყებდა, თვითონ კი სულ ახალი მისული იყო Gucci-ში, და შეხვედრისთანავე მოიხიბლა სტაილსის ჩაცმის სტილით. 


ისინი შეხვედრისთანავე დამეგობრდნენ და ერთმანეთისთვის სხვადასხვა კოლექციისა თუ ზოგიერთი არტისტის სტილის გაზიარება დაიწყეს, მიკელესა და სტაილსს მსგავსი გემოვნება აქვთ, ორივეს ხიბლავს 70-იანი წლების ბრიტანული მოდა, რომელიც ამ წლებში დახვეწილი და რაფინირებულიდან უეცრად გარდაიქმნა ექსცენტრიკულად. ვინტაჟურობაზე ხაზგასასმელად კოლექციის პრეზენტაცია მილანის ყველაზე ძველ მაღაზიაში ჩატარდა. 


კოლექცია აერთიანებს კლასიკურ სამოსს, შალისა და ტვიდის ქსოვილებს, შოტლანდიურ კილტებს, თუმცა ყველაფერს ძალიან ხალისიანი, ფერადი პრინტები აფორმებს, პიჯაკებზე შეხვდებით ალუბლებს, კურდღლებსა და ბანანებს, ფეხსაცმელებზე წითელ გულებს, კოლექცია,  ერთი მხრივ, იდეალურად გამოხატავს ჰარი სტაილსის ხასიათს, მეორე მხრივ კი მისი და ალესანდრო მიკელეს მეგობრობას, რომელიც მხიარულებასა და საერთო ინტერესებზეა დაფუძნებული. 




ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Gucci, Vogue