Gucci სეულში ახალ რესტორანს ხსნის

 

28 მარტს იტალიური მოდის სახლი Gucci სეულში რესტორან  Gucci Osteria da Massimo Bottura-ს ხსნის. ეს ბრენდის მეოთხე რესტორანია ფლორენციის, ბევერლი ჰილზისა და ტოკიოს შემდეგ.

რესტორნის მთავარი შეფი  ანტონიო ჯაკობელო გახდა. მან მიშელინის ვარსკვლავის მქონე შეფმზარეულთან - მასიმო ბოტურასთან და ფლორენციის Gucci Osteria-ს მთავარ შეფთან - კარიმ ლოპესთან ერთად მენიუს შედგენაზე იზრუნა. კერძები კლასიკურ იტალიურ სამზარეულოს ახლებული ხედვით წარმოაჩენს და კორეული ელემენტებითაა გაჯერებული.


„არსებობს უხილავი ძაფი, რომელიც  იტალიურ კერძებს მსოფლიოს შესანიშნავ სამზარეულოსთან აკავშირებს. კორეა, ისევე როგორც იტალია, სამზარეულოს მისი კულტურის ნაწილად მიიჩნევს", - აღნიშნავს მასიმო ბოტურა.


ინტერიერის დიზაინი ტოკიოს Gucci Osteria-ს მსგავსად, ფერადი მარმარილოს მოზაიკასა და ჭერის განათებებს მოიცავს. ვიტრაჟიანი კარის მიღმა ცალკე სასადილო სივრცეა, სადაც რვა სტუმარი განთავსდება. ცალკეა ოთახი - Room of Mirrors, სადაც Gucci-ის ლოგოებიან კედელს ანტიკური სარკეები აფორმებს. 

 

ფოტო: Gucci

ავტორი: მარიამ ქორიძე