Hammock Magazine x Top The Shaker - ჯეკფრუტის ხორცი ბაო ბანებში

რადგან ჯეკფრუტი ჩვენთვის სიახლეა და საქართველოს გურმანებამდე ჯერ არ მიუღწევია, მე მოგიყვებით მის შესახებ. ესაა ხილის უდიდესი  ნაყოფი, რომელსაც ისხამს ულამაზესი ჯეკფრუტის ხე. ამ ხეებს განსაკუთრებული  ჰავა სჭირდებათ  და თავს ბედნიერად  გრძნობენ ტროპიკულ ადგილებში:  ბრაზილიაში, ავსტრალიაში, ინდოეთში, მალაიზიაში და პუერტო რიკოში. თუმცა თანამედროვე მსოფლიოში რთული არაფერია და დღეს ამ ხილმა დაკონსერვებული სახით  ჩვენამდეც ჩამოაღწია. თუ დაინტერესდებით სად იყიდება ჯეკფრუტი საქართველოში, აუცილებლად მომწერეთ - @toptheshaker-ზე და გიპასუხებთ. 

 

ამ ხილს ახასიათებს ხორცისებრი ტექსტურა და მცენარეულ კულინარიაში თამამად ანაცვლებს ღორის ხორცს. 

 

მესმის, რომ ეს პროდუქტი ყველა სახლში არ მოიპოვება, ამიტომაც  მარინადში შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა რამ ჩაალაგოთ, მაგალითად: ტოფუ, სოკო, სეიტანი, ბადრიჯანი, ყვავილოვანი კომბოსტო ან სხვა ბოსტნეული, რასაც ხორცისებრი ტექსტურა გააჩნია.


 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Hammockmagazine (@hammockmagazine)

 

 

ამ პოსტში გაგიზიარებთ ორ რეცეპტს. ვიწყებ მარტივი ბაო ბანებით:

ჯამში მოვათავსე:

 

1 ჩ/ჭ გაცრილი ფქვილი

1/3 ჩ/ჭ თბილი წყალი

1 ჩ/კ მშრალი საფუარი

1 ჩ/კ შაქარი

 

მოვზილე ძალიან სათუთი და რბილი ცომი, ცოტა ფქვილი მივაყარე მაგიდის ზედაპირზე და დავაგუნდავე. მოვათავსე ჯამში, გადავაფარე ჩაის ტილო და დავაყოვნე სითბოში 1 საათი.

 

ამასობაში მივხედე შიგთავსს:

 

გავრეცხე და დავძენძე კონსერვის ჯეკფრუტი. ჯერ 10 წუთით მოვხარშე შიიტაკესა და ბოსტნეულის ბულიონთან ერთად, რათა სპეციფიკური გემო დაეკარგა.

 

მოვუმზადე მარინადი:

 

2 ს/კ ზეთი (მე სეზამის ზეთი გამოვიყენე)

2 ს/კ წითელი ღვინო (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ძმრით)

2 ს/კ ნეკერჩხლის სიროფი (ან სხვა დამატკბობელი)

1 ს/კ სოიის სოუსი

1 ჩ/კ სუშის ძმარი

1 ს/კ ნივრის პუდრი

1 ს/კ ჯანჯაფილის პუდრი

1 ჩ/კ წიწაკა ან შებოლილი პაპრიკა

 

ეს ყველაფერი ერთმანეთში ავურიე და შიგ მოვათავსე მოხარშული ჯეკფრუტის ხორცი, შიიტაკესთან ერთად.

 

15 წუთით დავაცადე გემოების შერევა, შემდეგ კი გამოვაცხვე 20 წუთი მაღალ ტემპერატურაზე. საოცარი სურნელი დაატრიალა.

 

ამ დროს ჩემი ცომის გუნდა გაორმაგდა, გადმოვიტანე სამუშაო მაგიდაზე, მოვზილე ნაზად და გავყავი 6 თანაბარ ნაწილად.  თითოეული ნაწილი გავაბრტყელე და მივეცი ოვალური ფორმა, გადავკეცე კონვერტივით და მოვათავსე ორთქლზე მოსამზადებელ ჭურჭელზე, სანამ ცეცხლზე დავდგამდი, დავაცადე გაფუებულიყო, სულ რაღაც 15 წუთით.

 

ბაო ბანები ორთქლზე 8-9 წუთში მზადაა.  გავაგრილე და ავაწყვე ბაო ბანები. შიგ მოვათავსე ჯეკფრუტის ხორცი, ცხარე სოუსი, ბოსტნეული და მწვანილი.