Hermes-ის სინათლის ინსტალაციები Milan Design Week-ზე

მილანის დიზაინის კვირეულზე ჰერმესის მოდის სახლმა ოთხი გამჭვირვალე სინათლის ინსტალაცია წარადგინა, რომლებიც ფერს, მასალას, სინათლესა და მიზიდულობის ძალას შორის კავშირს იკვლევს.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი მასიური ხისგანაა დამზადებული, კონსტრუქცია გამჭვირვალე ფასადის გამო სიმსუბუქის შთაბეჭდილებას ტოვებს. სინათლის გამტარი ოთხი ფერადი ნაგებობა, რომლებიც ჩაბნელებულ ფონზე კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს, დამთვალიერებელში განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს, შიგნით შესულ სტუმარს კი საშუალებას აძლევს Hermes-ის სახლის კოლექციის უახლესი ნივთები, ჭურჭელი და დიზაინ-ობიექტები იხილოს.

 

 

ფაიფურისა და ტყავისგან დამზადებული დეკორატიული ნივთები და სუფრის აქსესუარები გამოფენის მთავარი  ობიექტებია, გარდა ამისა, წელს პირველად Hermes-მა კოლექციის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ტექსტილის ნამუშევრებიც წარმოადგინა, რომლებიც ბრენდის საყვარელი ქიშმირის ქსოვილისგან შეიქმნა.


 

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი 

 

ფოტო: Hermes