ჰოლივუდური გლამური ლოს-ანჟელესის დიდების ხეივანში - Gucci Love Parade შოუ

ლოს-ანჟელესის დიდების ხეივანში დისნეის პრინცესები, სუპერგმირები და ჰოლივუდის ლეგენდები გამოჩნდნენ. იტალიური ბრენდის, Gucci-ის Love Parade შოუ, რომელიც კომპანიის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი აღმოჩნდა. "გუჩისა" და “ბალენსიაგას" კოლაბორაციის შემდეგ ეს იყო ყველაზე მასშტაბური და სიურპრიზებით სავსე ჩვენება, რომელიც ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიმართა. სწორედ აქ, ცნობილი ადამიანებისა და გამოგონილი პერსონაჟების ისტორიებით სავსე ადგილზე გააცოცხლა ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა - ალესანდრო მიკელემ ჰოლივუდის ლეგენდები, ზღაპრული გმირები და მათი ატრიბუტები: ხავერდის პიჯაკები, "კორსეტები", სახის ნიღბები, ხელოვნური ბუმბულები...




Gucci-ის ყველა შოუს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს "სიყვარულის პარადი" - ალესანდრო მიკელე მაქმანებიანი პერანგებით, მარგალიტის სამკაულითა და ბრჭყვიალა მკვეთრი ფერის კოსტიუმებით ცდილობს გენდერული ჩარჩოების დანგრევას. სწორედ ეს ვიხილეთ ბრენდის მორიგ დაუვიწყარ ჩვენებაზე. მბზინავი ჰავაიური სტილის პერანგით გამოჩნდა პოდიუმზე ცნობილი ამერიკელი მსახიობი მაკოლეი კალკინი. მისი გამოჩენა შოუს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო. 




ალესანდრო მიკელეს მუზამ - ჯარედ ლეტომ კი თეთრი შარვალი, 
ნაცრისფერი პიჯაკი და "გუჩის" სტილის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო - დიდი ზომის კვადრატული ფორმის სათვალე მოირგო. 





სტუმრებს შორის ვიხილეთ გვინეტ პელტროუ ხავერდის ბორდოსფერ კოსტიუმში, რომელმაც მისი 1996 წლის MTV-ის დაჯილდოების ლეგენდარული ლუქი გაგვახსენა და ტომ ფორდის "გუჩის" ყველაზე სექსუალურ ეპოქაში დაგვაბრუნა. 






115 ლუქისგან შემდგარ კოლექციაში  მრავლად იყო 70-იანი წლების მოდით შთაგონებული კოსტიუმები, გლამურული კაბები, კოვბოის სტილის ქუდები, ლატექსის დეტალები და მასიური ოქროსფერი სამკაული. ამ ნივთების ერთობლიობამ შოუ ეროტიკულ და საოცრად ზღაპრულ ჰოლივუდურ თავგადასავლად აქცია.

 



ავტორი : მარიამ ქორიძე