ინტერვიუ ფოტოგრაფ ლუიზა ჩალათაშვილთან

Hammock Magazine კომპანია Meama-სთან ერთად წარმოგიდგენთ სტატიების სერიას იმ ადამიანებთან, ვინც საკუთარ სფეროში ქმნიან მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლეს, პროგრესს და ამ ყველაფრით ცვლიან ყოველდღიურობას. ჩვენ შემდეგ სტატიაში უფრო ახლოს გაგაცნობთ ფოტოგრაფ ლუიზა ჩალათაშვილს, რომელმაც თანამედროვე ფოტოგრაფიაში მისთვის დამახასიათებელი და ყველასგან გამორჩეული საინტერესო ვიზუალური სტილი უკვე შექმნა.



ლუიზა, მოგვიყევი, როგორია გზა იურისტობიდან ფოტოგრაფიამდე - 2015 წელს დატოვე საჯარო სამსახური და მთელი დრო ფოტოგრაფიას დაუთმე, რამ გიბიძგა ამ ერთი შეხედვით არარაციონალური გადაწყვეტილებისკენ?

საბოლოო ჯამში კი უცბად მიღებულ გადაწყვეტილებას ჰგავდა, მაგრამ სინამდვილეში ემოციურად ბევრი რამ დამიგროვდა. ორი ფაქტორი იყო გადამწყვეტი: ერთი ის, რომ დილიდან საღამომდე ზედმიწევნით რუტინული გრაფიკი მქონდა, სულ მახსოვს ის შეგრძნება, რომ როგორც კი კარგი ამინდი გამოვიდოდა ხოლმე, გარეთ გასვლა და გადაღება მინდოდა, რაც სამსახურის გამო არ შემეძლო. გარდა ამისა, არ მომწონდა ის, რასაც ვაკეთებდი.  იურისპრუდენცია მომწონს და საინტერესოდ მიმაჩნია, მაგრამ ისე გამოდიოდა, რომ ჩემი შეხედულებებით რისი წინააღმდეგიც ვიყავი, იმის სამართლებრივი დასაბუთება მიხდებოდა. ეს წინააღმდეგობა  დამიგროვდა საკუთარ თავთან. ამას დაემთხვა ის, რომ 2011 წელს ინსტაგრამზე დავრეგისტრირდი, იმდენი ადამიანი მწერდა გადაღებასთან დაკავშირებით, რომ ვიფიქრე, რატომაც არა, ვცდი. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სპონტანურად მიმიღია, ბევრი ფიქრი არ მიყვარს, ემოციებს ძალიან ვენდობი და ყოველთვის ვხვდები, როდის დგება გადამწყვეტი მომენტი. გულმა მიგრძნო, რომ სამსახურიდან წამოსვლა იმ დროს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, მშობლებსაც მოვუყევი და ორივემ  დამიჭირა მხარი. 2015 წლის ოქტომბერი იყო და მას შემდეგ ჩემი ცხოვრების არცერთი თვე არ ყოფილა ფოტოგრაფიის გარეშე.


თავად ფოტოგრაფია როგორ გაჩნდა შენს ცხოვრებაში?

ესეც ძალიან შემთხვევით მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ხელოვანი არავინ მყოლია, მამაჩემს ფოტოგრაფიისადმი ინტერესი ყოველთვის ჰქონდა. მე რომ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე, იმ დროს  ფოტოსაიტ  Boke.ge-ზე დარეგისტრირდა. მეც დავრეგისტრირდი, რომ მამაჩემის ფოტოებისთვის მეგულშემატკივრა, მაგრამ რეალურად სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი და სულ სხვანაირი ადამიანები გავიცანი. მე საგარეჯოში გავიზარდე, იქაც ბევრი ძალიან კარგი და საინტერესო ადამიანი იყო, მაგრამ ძალიან ფართო წრე არასდროს მყოლია. უცბად ისეთი თავისუფალი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი, რომ ამ ხალხისადმი სიმპათიამ და ამდენი ფოტოს თვალიერებამ მეც გამიჩინა გადაღების სურვილი.


რას ნიშნავდა ფოტოგრაფია შენთვის, როცა პირველად აიღე ხელში კამერა - პროფესიულ განვითარებასთან ერთად, თითქმის 15-წლიანი გამოცდილების დაგროვების შემდეგ, მის შესახებ ხომ არ შეგეცვალა წარმოდგენა?

ძალიან შემეცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებდა, თავიდან ყველაფერს თითქოს ინერციით და გაუაზრებლად ვაკეთებდი. რვა წლის განმავლობაში სულ ფირით ვიღებდი, თუმცა ამ პერიოდში ბევრად ცოტა გავიგე ფირის ფოტოგრაფიის შესახებ, ვიდრე ახლა, როცა უკვე კომერციულადაც ვმუშაობ. როცა ადამიანები შენ მიმართ უფრო მეტ ინტერესს გამოხატავენ, რა თქმა უნდა,  პასუხისმგებლობაც იზრდება. წარმოდგენას რაც შეეხება, მაგალითად, თავიდან ბევრად მარტივი მეგონა და სინამდვილეში ძალიან რთული აღმოჩნდა, თან რაც დრო გადის და მეტს ვიგებ, კიდევ უფრო რთულდება. ძალიან რთული პროფესიაა, რომელსაც მთელი შენი ცხოვრება უნდა დაუთმო და ცხოვრების წესად გაიხადო. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბოლომდე ამ საქმით ვარ მოცული, მაინც არ გამომდის ის, რაც მინდა. სამსახურიდან რომ წამოვედი და პროფესიულად მივუდექი, იმდენად საპასუხისმგებლო აღმოჩნდა, რომ ვცდილობდი ყველაფერი გამართულად გამეკეთებინა. შეიძლება წლები ინერციით აკეთო ყველაფერი, მაგრამ როგორც კი ძიებას იწყებ და პრეტენზია გიჩნდება სტანდარტზე, ჩემი აზრით, ზრდას მაშინვე იწყებ.


როგორ იწყებ ამბის თხრობას, ახალი იდეების განხორციელებას და იმ სამყაროს შექმნას, რომელსაც შემდეგ შენს ფოტოებში ვხედავთ?

საკუთარი გრძელვადიანი სერია არასდროს გადამიღია და სულ მაქვს მაგის ნაკლებობა, თუმცა თითქოს ემოციურად ვერ ვითმენ, არ შემიძლია ვმალო, დავაგროვო და მერე ერთიანად გამოვაქვეყნო, რაღაც რომ ძალიან მომწონს მინდება, რომ სხვებსაც მაშინვე გავუზიარო. თუმცა ამ ეტაპზე უკვე იმდენი მასალა დამიგროვდა, მათგან რამდენიმე საინტერესო პროექტის შეკვრა შეიძლება, უბრალოდ სწორი კურატორული მიდგომა და ამორჩევა სჭირდება. რაც შეეხება ზრდის პროცესს, მახსოვს მაგალითად პირველად რომ ინტერიერი გადავიღე, აღმოჩნდა რომ საერთოდ სხვა რამ გადამიღია ვიდრე საჭირო იყო, საერთოდ არ ვიცოდი ინტერიერის ფოტოგრაფია რა იყო, თავიდან ბოლომდე პრაქტიკაზე და შეცდომებზე ვარ გაზრდილი, თეორიულად არაფერი მისწავლია, ის ტიპი არ ვარ რომელიც წესების სწავლას დაიწყებს, ყოველთვის პრაქტიკით ვსწავლობ და ამ პროცესში თვალიც ძალიან ვითარდება, შეიძლება ძალიან ცოტა რამეს ვაფიქსირებ იმასთან შედარებით რაც გარშემო ხდება, მაგრამ სულ მეჩვენება რომ ყველაფერს ვხედავ, ისეთი გაფაციცებული ვარ.



როგორ ფიქრობ რა არის ის მთავარი ელემენტები, რომლებიც შენს ესთეტიკას განსაზღვრავს და სხვებისგან გამოგარჩევს?

მე თვითონ ამაზე ლაპარაკი მიჭირს,  მაგრამ ვიცი სხვები რას ამბობენ, რომ ძალიან სუფთა და დალაგებულია კადრები, ხშირად ახსენებენ პასტელურ ფერებს, რაც უკვე ძალიან აღარ მომწონს. თუმცა ყველაზე მეტად ჩემი ფოტოგრაფიისთვის ალბათ  მაინც მზეა დამახასიათებელი, თან დღის ნებისმიერ მონაკვეთში. დაკვირვებული ვარ რომ ეგ ბევრისგან გამოარჩევს, გარდა ამისა, ალბათ ისიც რომ სტუდიაში არასდროს გადამიღია, არ მიყვარს არაბუნებრივი შუქი, რომ ვუყურებ ძალიან არ მსიამოვნებს, ამიტომ ყოველთვის მირჩევნია თუნდაც დაბალი და ბუნებრივი განათება მქონდეს ვიდრე ხელოვნური.


ცხოვრების ფოტოგრაფიასთან დაკავშირებამ ალბათ თვითგამოხატვის ბევრი ახალი საშუალება მოგცა.  შენთვის როგორც ფოტოგრაფისთვის რა არის ის მთავარი იდეა თუ სათქმელი, რომლის ადამიანებისთვის გაზიარება მუდმივად გინდა? 

მეც სულ ვფიქრობ ამაზე თუ რისი თქმა მინდა ჩემი ფოტოგრაფიით, მაგრამ ჯერჯერობით მაგ აზრამდე ვერ მივედი, ვიცი ის რომ ძალიან მსიამოვნებს  გადაღების პროცესი და ჩემი თვითგამოხატვის საშუალება ნამდვილად არის, ყველგან და ყოველთვის მხოლოდ ამას ვაკეთებ. ხანდახან მგონია, რომ ჯერ იმდენად კარგად არ ვიცნობ საკუთარ თავს რომ მივხვდე რისი თქმა მინდა. ზოგადად ძალიან გვიან დავიწყე ბევრ რამეზე დაკვირვება, ალბათ ბოლო ხუთი წელია, მანამდე მეჩვენება, რომ თითქოს ბურუსში და ინერციით ვცხოვრობდი, ალბათ რაღაც ეტაპზე მაგ სათქმელამდეც მივალ, ან უბრალოდ ამოვიცნობ იმას რასაც ახლა ვამბობ, მგონია, რომ საკუთარი თავის გაცნობასაც დიდი დრო და ენერგია სჭირდება.



ზოგადად რა გზებს მიმართავ მუდმივი განვითარებისთვის, სად პოულობ შთაგონებას?

როცა ფოტოებს ვამუშავებ ხოლმე მაგ დროს გონების დაძაბვა არ მჭირდება, ამიტომ პარალელურად ხშირად ვუსმენ ხოლმე სხვადასხვა თემის შესახებ ლექციებს, ერთი მხრივ განტვირთვის საშუალებაა, მეორე მხრივ კი ძალიან გეხმარება თვალსაწიერის გაფართოებაში. ხშირად ვმედიტირებ, ესეც ძალიან მშველის, თითქოს ერთადერთი საშუალებაა იმისთვის რომ ბოლომდე საკუთარ თავთან დავრჩე, ძალიან მიყვარს იოგაც, გარდა იმისა რომ ფიზიკურად ძალიან მეხმარება, ტვინსაც ძალიან კარგად ავარჯიშებს, ამ ეტაპზე სხვა ვერაფერს ვერ ვასწრებ.



სოციალური ქსელების მნიშვნელობა შენს საქმიანობაში... საკუთარი ინსტაგრამ პლატფორმა ბევრჯერ დაგხმარებია ხმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემებისთვის მიგეწვდინა და მათ გვერდებზე მოხვედრილიყავი. ამ სივრცეშიც და მის გარეთაც, რა მიდგომით ხელმძღვანელობ და რას ანიჭებ მნიშვნელობას იმისთვის რომ საკუთარი შემოქმედება ახალი, ინოვაციური ფორმით წარმოადგინო? 

სოციალურ ქსელებთან ურთიერთობის გამოცდილებაც ავტომატურად დამიგროვდა, თავიდან ინსტაგრამზე საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებს ვდებდი, თანაც მხოლოდ მობილურით გადაღებულს, მკაცრად მიმაჩნდა რომ ინსტაგრამი მხოლოდ მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებისთვის განკუთვნილი სივრცეა. თავიდან როცა სხვადასხვა ღონისძიებებზე, შოუებზე და მოდის კვირეულებზე დავდიოდი, ჩემს ფოტოებზე ყველას ვნიშნავდი, რამაც ძალიან გამაპიარა. ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი კი მაშინ დაიწყო როცა პროფესიონალური ფოტოების ატვირთვა დავიწყე, ძალიან ბევრი მრავალათასიანი გვერდი დებდა ჩემს ფოტოებს, სიმართლე გითხრა ამისთვის ბევრი არ მიწვალია, უბრალოდ სწორად განვსაზღვრე რა ფოტოზე რომელი გვერდი უნდა მომენიშნა, ახლა ამ გვერდების უმეტესობა უკვე ჩემი გამომწერია, ფოტოებზე აღარ ვნიშნავ, ვფიქრობ რომ თუ მოეწონებათ თვითონვე გადააზიარებენ, ადრე ძალიან დიდი ყურადღებით ვარჩევდი, ვფიქრობდი ვის რა შეიძლებოდა მოსწონებოდა, ახლა პირიქით იმას ვდებ რაც იმ მომენტში მე თვითონ მომწონს.

ზოგადად როგორ ფიქრობ, როგორ შეცვალა ციფრულმა ერამ თავად ფოტოგრაფიის მნიშვნელობა, რა მოგწონს და რა არ მოგწონს ციფრული ერის საყოველთაო ექსპერიმენტში?

ალბათ ძალიან შეცვალა რადგან ფოტოგრაფია ისეთი პოპულარული გახადა როგორც არასდროს, მე როცა დავიწყე ძალიან ბევრი ადამიანი პროფესიად ვერც კი აღიქვამდა, ახლა პირიქით ძალიან პრესტიჟული და მოთხოვნადი გახდა. ალბათ თვითგამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საშუალებაა. მე პირადად ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში  რომ მობილურმა ფოტოგრაფიამ ბევრად გაამარტივა ეს პროცესი, ზოგადად ძალიან მიყვარს სიახლეები და განვითარება და ალბათ ცოტა რეგრესული ტიპი უნდა ვიყო ეს რომ არ მომწონდეს.


როგორ ხედავ შენი პროფესიის მომავალს და საკუთარ ადგილს ამ მომავალში, რა მიმართულებით გინდა განავითარო შენი ფართო ხედვა?

ახლა ზუსტად იმ ქაოსში ვარ რომელმაც მერე მაგ კითხვაზე პასუხი უნდა მომიტანოს. მირჩევნია უფრო მეტი პირადი პროექტი მქონდეს და ფინანსურად ბოლომდე ამ საქმეზე არ ვიყო დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ბევრად მეტი კარგი ფოტო კომერციული გადაღებისას გადამიღია, ამ ეტაპზე მირჩევნია მეტი პირადი ფოტო მქონდეს და ამასთანავე მეტი პირადული მოდიოდეს ჩემი ფოტოგრაფიიდან.


ავტორი: გვანცა ჩანადირი
ფოტოსესიის იდეის ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე
ფოტოგრაფი: ლაშა ბაკურაძე
დიზაინერი: ალექსანდრე ახალკაციშვილი
MUA: ნანიკო სულაქველიძე
განსაკუთრებული მადლობა: Motif, Ceramic Studio 1300, D
ecor.It