ირაკლი გამრეკელი - ქართული სცენოგრაფიული ხელოვნების კლასიკოსი

XX საუკუნის 20-50-იანი წლები  რთული და მრავალფეროვანი მოვლენებით საოცარი შემოქმედებითი სტიმული გახდა, რომლის მეშვეობითაც ქართული კულტურის თვითმყოფადი სახე შეიქმნა და რომლის გარეშეც მხატვრულ-ისტორიული სპექტრის სრული წარმოდგენა შეუძლებელი ხდება. ქართული პროფესიული სცენოგრაფიის დაფუძნება და განვითარება, რომელიც ამ საუკუნის პირმშოა, სწორედ XX საუკუნეში მოღვაწე, სახელოვან ირაკლი გამრეკელს უკავშირდება. 



ქართული ავანგარდული სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, თეატრისა და კინოს მხატვრის, ირაკლი გამრეკელის შემოქმედება ცნობილია მისი ექსპრესიონისტული და art nouveau-სთვის დამახასიათებელი ელემენტებით. ბუნების სილამაზით მოჯადოებული ფერმწერი და გრაფიკოსი 1894 წელს ქალაქ გორში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდანვე მხატვრობით გატაცებული გამრეკელი ნ. სკლიფასოვსკის ხატვისა და ფერწერის სკოლაში სწავლობდა და საბოლოოდ პროფესიული არჩევანიც სახვით ხელოვნებაზე შეაჩერა. როგორც თავად აღნიშნავდა, მის გადაწყვეტილებაზე უდიდესი გავლენა XII-XII საუკუნეებში მოღვაწე გენიალურ ქართველ ფერმწერებსა და ოქრომქანდაკებლებს - ბექა და ბეშქენ ოპიზრებს მოუხდენია. “როდესაც პირველად მოვისმინე ოპიზრის სახელი, ყურები ვცქვიტე: თურმე ჩვენ გვყოლია ჯადოსანი მხატვრებიც! ვერ წარმოიდგენთ, რა მოწიწებით ვემთხვიე ოპიზრების ფრესკების უკვდავ ასლებს. ღრმად იფეთქა ჩემმა ბავშვობის გატაცებამ მხატვრობისადმი და მომთხოვა კანონიერი გზა მიმეცა მისთვის. ოპიზრებმა უჩინრად ხელი მკრეს და იმპულსი მისცეს ჩემს მოწოდებას ფრთების შესასხმელად.” - წერდა მოგვიანებით სახელოვანი მხატვარი. 



როგორც ცნობილია, იმ პერიოდში, როცა ირაკლი გამრეკელი შემოქმედებით გზას იწყებდა,  ხელოვნების დიდოსტატები დაუფასებელნი იყვნენ.  მიუხედავად ამისა, ხელოვანის მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე მის ნამუშევრებს სხვადასხვა გამოფენაზეც აღმოაჩენდით, თუმცა ფართო აუდიტორია მის შემოქმედებას რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის მეშვეობით გაეცნო. ერთ-ერთ გამოფენაზე მისულ კოტე მარჯანიშვილს გამრეკელის მიერ ილუსტრირებული ოსკარ უაილდის "სალომეა" უნახავს, რის შემდეგად მას იგი რუსთაველის თეატრში მიუწევევია. ამის შესახებ იმდროინდელი ქართველი მხატვარი, ფუტურისტი, წიგნების ილუსტრატორი და თეატრალური დიზაინერი კირილ ზდანევიჩი 1923 წელს გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალში წერდა: “ეს პირველი გამართლებული ცდა უსახავს ახალგაზრდა მხატვარს უდიდეს გზას. ეს გზა არის – ქართული სცენის დეკორაციული ნაწილის რეფორმაცია. შემდეგი მუშაობა და წინსვლა მხატვრისა ამ მიმართულებით დამოკიდებულია ქართული სცენის ხელმძღვანელობაზე. ვუსურვებთ მათ - სრულებით გამოეთხოვონ ვიწრო ეთნოგრაფიულ ტრადიციულ დეკორაციებს და გადავიდნენ ახალ შემოქმედებაზე”. 




ირაკლი გამრეკელი 1923 წლიდან რუსთაველის თეატრის მთავარი მხატვარი ხდება და
აფორმებს ისეთ ცნობილ და გახმაურებულ სპექტაკლებს, როგორებიცაა - შექსპირის “ჰამლეტი”, “ოტელო”, შანშიშვილის “ანზორი”, რობაქიძის “ლამარა”, შილერის “ყაჩაღები” და სხვა. გამრეკელი ასევე თანამშრომლობდა  დიდ რეჟისორთან, სანდრო ახმეტელთან, რომელთანაც თანამშრომლობა  განსაკუთრებით ნაყოფიერი და ნოვატორული აღმოჩნდა. გარდა ქართული თეატრისა, ირაკლი გამრეკელი მუშაობდა მოსკოვში, ა. ტაიროვის კამერულ თეატრში, ლენინგრადის კიროვის სახელობის თეატრში, კიევისა და ბაქოს თეატრებში.


ირაკლი გამრეკელის შემოქმედება ხასიათდება ლაკონიური და პლასტიკურად ჩამოქნილი მოცულობითი კონსტრუქციებით. მიზანსცენები, რომლებსაც იგი სცენაზე რიტმულად განლაგებული მონუმენტურ-არქიტექტორული ფორმებით ქმნიდა, შინაგანი დრამატიზმის მეშვეობით ახდენდა შთაბეჭდილებას მაყურებელზე. გარდა სცენოგრაფიული ნამუშევრებისა, აღსანიშნავია გამრეკელის გრაფიკაში კუბიზმისთვის დამახასიათებელი მანერით შესრულებული პორტრეტები, რის გამოც იგი ქართულ ხელოვნებაში კუბიზმ-ფუტურიზმის ერთ-ერთ პირველ შემომტანად ითვლება. ირაკლი გამრეკელის ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით განვითარებული შემოქმედება დროთა განმავლობაში ქართულ სცენასა და სპექტაკლებს გამომსახველობით სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას სძენს, რისი ნათელი მაგალითიც გრიგოლ რობაქიძის სპექტაკლისთვის, “ლამარასთვის” შექმნილი სცენის დიზაინიცაა, რომელმაც მაყურებელი გამრეკელის ხელწერისთვის დამახასიათებელმა ფერებმა და მონუმენტურმა ფორმებმა აღაფრთოვანა. 



1924 წელს ირაკლი გამრეკელი რუსთაველის თეატრში ჩამოყალიბებული კორპორაციის, “დურუჯის” წევრი გახდა, რომელთან ერთადაც ქართული ხელოვნების განვითარებისა და მასში ნოვაციების დამკვიდრებისთვის იბრძოდა. მოდერნიზმით გატაცებული გამრეკელი ამავე წელს პირველი ქართული ფუტურისტული გამოცემის, H2SO4-ის რედკოლეგიის წევრი და მხატვრული გამფორმებელი გახდა, რომლის ფანტასმაგორიული და ფერადოვნების თამამი შეხამებები და ამასთანავე, მკაცრი და კონტრასტული შავ-თეთრი ესკიზები გამოცემისთვის გადამწყვეტი გახდა.




გამრეკელის სასცენო ნიმუშებიდან განსაკუთრებულია ასევე 1931 წლის ფ. შილერის დადგმის, “ყაჩაღების” დიზაინი, რომელშიც ოსტატურად არის წარმოჩენილი ნაწარმოების იდეა. სპექტაკლის დეკორაციის მთავარი ელემენტი -
ფესვმაგარი, ტოტებგაშლილი ხე და შავ-ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი მხატვრობა, რომელსაც განათების მეშვეობით წითელი ელფერი დაჰკრავდა, საოცარ ემოციას ქმნიდა. 




ირაკლი გამრეკელის მრავალმხრივი შემოქმედებითი ტალანტი ქართულ კინოში, რეჟისორ კოტე მიქაბერიძის 1929 წლის ექსპრესიონისტულ ფილმ “ჩემ ბებიაშიც” გამოვლინდა, ხოლო 1937 წელს იგი თამარ აბაკელიასთან ერთად, რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ფილმ “არსენაზე” დამდგმელ მხატვრად მუშაობდა.




50-ზე მეტი სპექტაკლის გამფორმებელი ქართული სცენოგრაფიული ხელოვნების კლასიკოსად აღიარეს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული თეატრის განვითარებაში. 1934 წელს ირაკლი გამრეკელს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს, ხოლო 1936 წელს იგი საპატიო ნიშნის ორდენითაც დაჯილდოვდა. გამრეკელის გასაოცარი ნიჭი, რომლითაც იგი ჰარმონიულ, სრულყოფილსა და რიტმულ ფიგურებს ქმნიდა, ყოველთვის ნაწარმოების არსიდან იყო ნაკარნახევი. ნებისმიერ კოსტიუმს, მათ წყობასა და კომპოზიციურ გადაწყვეტას თან ახლდა მხატვრის ინდივიდუალური ხედვა, რომელიც ფუტურიზმის სტილისთვის დამახასიათებელ ეფექტს იწვევდა. 

ირაკლი გამრეკელი 1942 წელს ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. მისი შემოქმედება ქართული სცენოგრაფიული ხელოვნების განძია, რომელიც არც მსოფლიო ხელოვნების წარმომადგენლებს გამორჩენიათ. 1962 წელს ვერა მოუერ რობერტსის მონოგრაფიაში ირაკლი გამრეკელი დეკორაციული ხელოვნების დიდ მოღვაწეთა შორის არის მოხსენიებული, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს სახელოვანი მხატვრის, გრაფიკოსის, სცენის დიზაინერისა და ფერმწერის მოღვაწეობის განსაკუთრებულობას. 



ავტორი : ქეთევან ბარბაქაძე