იტალიური ვილები, როგორც საკულტო ფილმების გადასაღები მოედნები

კინოს ყურებისას ალბათ არაერთხელ შეგიმჩნევიათ სახლი, რომელშიც სიამოვნებით იცხოვრებდით, დეკორაცია, რომელსაც თქვენს სახლშიც გაიმეორებდით, თუმცა ხშირად ფილმებში რეალურ ვილებსა თუ რეზიდენციებს შეხვდებით. განსაკუთრებით ფოტოგენური იტალიური არქიტექტურაა, ტოსკანის ვენახებიდან კაპრის კლდეებამდე თუ ულამაზესი კომოს ტბის პირას… უმშვენიერესი იტალიური ვილები ყველაზე ცნობილი რეჟისორების კამერაში ხვდება და ფილმებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. 


La Villa Necchi Campiglio - I Am Love 

 

იტალიელი რეჟისორის, ლუკა გუადანინოს ფილმში I Am Love, სადაც მთავარ როლს ტილდა სვინტონი ასრულებს, ვხვდებით მილანში მდებარე არტ დეკოს სტილის La Villa Necchi Campiglio-ს, რომელიც არქიტექტორმა პიერო პორტალუპიმ ააგო 1932 წელს. ვილაში რამდენიმე წლის განმავლობაში არქიტექტორის ოჯახი ცხოვრობდა, დღეს კი მილანში მდებარე სახლ-მუზეუმთაგან ერთ-ერთია და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 


The Villa Malaparte - Le Mépris 

 

ჟან-ლუკ გოდარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი Le Mépris არანაკლებ ცნობილ ისტორიულად მნიშვნელოვან შენობაშია გადაღებული. კაპრის კუნძულზე, კლდის პირას მდებარე ვილა Malaparte, რომელიც ნეაპოლის ყურეს გადასცქერის, 1937 წელს ცნობილმა არქიტექტორმა, ადალბერტო ლიბერამ ააშენა მწერალ კურციო მალაპარტესთვის. დღეს შენობა ღიაა მკვლევართათვის. ვილა ასევე პერიოდულად  მასპინძლობს ექსკლუზიურ წვეულებებს.  


Villa d’Este - To Rome With Love

 

რომთან ახლოს, ტივოლიში მდებარე მე-16 საუკუნის რეზიდენცია Villa d’Este, რომელიც კარდინალისთვის ააგეს, ვუდი ალენის ფილმის - To Rome With Love ერთ-ერთ გადასაღებ ლოკაციად იქცა. ვილას განსაკუთრებით მშვენიერი ბაღი აქვს, რომელიც UNESCO-ს კულტურულ ძეგლთა სიაშია შეყვანილი


Villa Albergoni - Call Me By Your Name

 

კიდევ ერთი მე-16 საუკუნის ვილა - Villa Albergoni, რომელსაც კინოში ვხვდებით,  ქალაქ კრემასთან ახლომდებარე სოფელშია. ვილა ლუკა გუადანინოს ფილმ Call Me By Your Name-ში  მოქმედების ძირითად არეალს წარმოადგენს და ფილმის მთელ ატმოსფეროს ქმნის. 


The Villa Aldobrandini - Zoolander 2

 

Zoolender 2-ში ზოგიერთი სცენა რომთან ახლოს, ფრასკატიში, 

Villa Aldobrandini-შია გადაღებული. ფილმში გამოყენებულია როგორც ინტერიერი, ასევე შენობის ექსტერიერი და შადრევნებითა და სკულპტურებით გაფორმებული ბაღი. მე-17 საუკუნის რეზიდენცია ფილმში მიუსაფარ ბავშვთა სახლია, რეალურად კი მისი მცხოვრებლები მე-17 საუკუნიდან დღემდე ალდობრანდინის ოჯახის წევრები არიან.


Villa Balbiano - House of Gucci

 

კომოს ტბაზე მდებარე ვილა მე-16 საუკუნეში აშენდა და სანაპიროზე მდებარე ყველაზე დიდი რეზიდენციაა. House of Gucci-ში ვილაში ალ პაჩინოს პერსონაჟი ცხოვრობს. საინტერესოა, რომ შენობის ავეჯი და დეკორაციაც ისტორიული მნიშვნელობისაა, აქ შეხვდებით მე-17 საუკუნის ნახატებს, ანტიკვარულ ავეჯსა და სპარსულ ხალიჩებს, ვილის ქირაობა Airbnb-ზეა შესაძლებელი. 


The Villa di Geggiano in Stealing Beauty

 

სიენადან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ Villa di Geggiano-ში მიმდინარეობს ბერნანდო ბერტოლუჩის ფილმის, Stealing Beauty-ს მოქმედება. მე-14 საუკუნის ვილა ბიანკი ბანდინელის ოჯახისთვის აშენდა, დღეს კი მისი ქირაობაა შესაძლებელი. 


The Villa Balbianello - Star Wars II: Attack of the Clones 

 

მე-18 საუკუნეში კომოს ტბის პირას, ფრანცისკანური მონასტრის ნანგრევებზე აშენებული Villa Balbianello არა ერთი, არამედ ორი რეჟისორის ობიექტივში მოხვდა, ჯორჯ ლუკასმა ის Star Wars II: Attack of the Clones-ში პრინცესა პადმე ამიდალას სასახლედ აქცია, მარტინ კემპბელის Casino Royale-ში კი აქ ჯეიმს ბონდი ისვენებს. საინტერესოა, რომ ვილა 2001 წლიდან მსახიობ ჯორჯ კლუნის საკუთრებაშია. 


The Villa Arvedi - Letters to Juliet

 

ფილმში Letters to Juliet იტალიის, კერძოდ კი ვერონას არაერთი ღირსშესანიშნაობა გვხვდება, რომელთა შორისაცაა - 1824 წელს აგებული, ვერონის ჩრდილოეთით მდებარე Villa Arvedi, რომელიც აშენებიდან დღემდე ერთ ოჯახს, არვერდიებს ეკუთვნით. 


Villa Malfitano Whitaker - The Godfather III

 

სიცილიაზე, პალერმოში მდებარე ვილა 1800-იანი წლების ბოლოს ჯოზეფ უიტეკერმა ააგო, მშვენიერი ეპოქაში ვილა სიცილიური მაღალი საზოგადოების თავშეყრის ადგილი იყო, 1990 წელს ფრენსის ფორდ კოპოლამ სწორედ ამ ვილაში გადაიღო The Godfather-ის მესამე ნაწილი, საინტერესოა, რომ ვილა რეალურადაც დაკავშირებული იყო მაფიასთან. დღეს კი იქ Villa Malfitano მუზეუმია. 

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: AD Magazine, Architectural Digest, Nytimes