იუბერ დე ჟივანში და მისი მუზა ოდრი ჰეპბერნი

ნიუ-იორკში თენდება. ხმაურიანი, ქაოსური დღის დაწყებამდე ჯერ კიდევ ნაცრისფერ, აისის ბურუსით გაჟღენთილ მეხუთე ავენიუზე ყვითელი ტაქსი ჩერდება. სწორი სილუეტის შავ კაბაში გამოწყობილი ჰოლი გოლაითლი მანქანიდან გადმოდის და მაღაზია "ტიფანის" საოცნებო ვიტრინას უახლოვდება.




ფილმში "საუზმე ტიფანისთან", ოდრი ჰეპბერნის ტანზე მორგებულმა შავმა კაბამ მაშინდელი თანამედროვე ქალისთვის თავშეკავებული ელეგანტურობის ახალი გაგება დაამკვიდრა. ავტორი კი ამ ლეგენდარული კაბის ფრანგი დიზაინერი - იუბერ დე ჟივანშია.




კუტურიემ საფრანგეთის სამხრეთიდან მოდის ინდუსტრიაში სუფთა სილუეტი და დახვეწილი, წელში გამოყვანილი ფორმები დაამკვიდრა. დიზაინერი მხოლოდ 25 წლის იყო, როცა პარიზულ საზოგადოებას სადებიუტო კოლექცია - სახელწოდებით Les Separables წარუდგინა. ახალგაზრდული, თანამედროვე და პრაქტიკული კოლექცია ბუნებრივი ქსოვილებით შექმნილ მარტივ პერანგებსა და ქვედაბოლოებს აერთიანებდა. Les Separables-ის იდეა ის იყო, რომ სამოსის ყოველი ნაწილი ყოფილიყო უნივერსალური და ქალებს მათი შეხამება მარტივად შესძლებოდათ. ამასთან, არ დაეკარგათ თვითმყოფადი სტილი. 





60-იანი წლების პარიზში ანდრე კუღეჟის ფუტურისტული ოტ კუტიური იყო გამეფებული და ის კარნახობდა მოდის ტენდენციებს. ფრანგები აღფრთოვანებული იყვნენ მოკლე ქვედაბოლოებით, პლასტმასის კაბებითა და კოსმოსური სტილით. ახალგაზრდა ჟივანში კი მისგან სრულიად საწინააღმდეგოს ქმნიდა. მის კოლექციებში ვერ შეხვდებოდით ხელოვნურ მასალებს, მეტალის დეტალებსა თუ არასტანდარტულ ფორმებს. 





ჟივანშის სტილი იყო დახვეწილი და ელეგანტური, თუმცა ამ ელეგანტურობით იგი კრისტიან დიორსაც არ ჰგავდა. მისი სტილი იყო ბუნებრივი, ფაქიზი და თავისუფალი. ოდრი კი, ისე როგორც არავინ, გამოხატავდა თანამედროვე ეპოქის ახალ სურვილებს: მხიარული უდარდელობა მძიმე, ზრდასრული ელეგანტურობის ნაცვლად. ერთად მათ მრავალი  მოდური შედევრი შექმნეს. 





ჟივანში იყო ოდრი ჰეპბერნის გვერდით ეკრანზეც და რეალურ ცხოვრებაშიც. იგი იგონებდა მის ყველაზე დასამახსოვრებელ კოსტიუმებს - თეთრი კაბა ოქროსფერი ორნამენტებით ფილმიდან "საბრინა", სწორი შავი შარვალი ყელიანი სვიტერით ფილმიდან "მხიარული სახე", ყვავილებიანი კაბა წელში ქამრით ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალისთვის. ოდრი ჰეპბერნი იყო იდეალური მოდელი ჟივანშის დახვეწილი პარიზული მოდისთვის, სადაც ყველაფერი სიზუსტესა და დეტალებზე იყო აწყობილი.

იუბერტის მიერ შერჩეული კოსტიუმები ოდრის სილამაზეს უფრო გამოკვეთდა. 1956 წელს პარიზში მსახიობი დიზაინერის ულამაზეს თეთრ კაბაში გამოჩნდა. კაბის საყელო მსახიობის მაღალ ყელზე იდეალურად იყო მორგებული. ოდრის წვრილი წელისთვის ჟივანშიმ ტიტას ფორმის, წელში მოჭრილი კაბის დიზაინიც მოიფიქრა. ოდრიც თავისი გამოკვეთილი ქარიზმატულობით იდეალურად ირგებდა მის სამოსს და ჟივანშიც ეპონიმადაც კი იქცა. 





ასეთი გულწრფელი ერთობა მოდის ისტორიაში არცთუ ისე ხშირია. წითელ ხალიჩაზე ხშირად ვხედავთ დიზაინერებს თავიანთ მუზებთან ერთად, თუმცა ოდრი ჰეპბერნისა და იუბერ დე ჟივანშის სიმბიოზური კავშირი წრფელი მეგობრობის სიმბოლოდ იქცა. იუბერ დე ჟივანში ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, როგორ ესტუმრა ოდრის შვეიცარიაში სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.

დიზაინერი ოდრის საძინებელში შევიდა, მსახიობს უკვე წამოდგომა აღარ შეეძლო, მაგრამ სავარძელზე მოჩანდა მეგობრის შესახვედრად გამზადებული ჟივანშის კაბა. ოდრიმ კაბაზე მიუთითა, გაიღიმა და თქვა: “როგორც ყოველთვის”.

 

 



ავტორი : მარიამ ქორიძე