ჯეიმს ტურელის სინათლის აკლდამა ურუგვაიში

ურუგვაიში, პატარა ზღვისპირა ქალაქ ხოსე იგნასიოში ჯეიმს ტურელმა ახალი ნამუშევარი შექმნა - პირამიდის ფორმის სტრუქტურას Ta Khut ჰქვია, რაც ძველ ეგვიპტურად სინათლეს ნიშნავს. 

 

 

ნაგებობას ბალახი და მცენარეები ფარავს, წვეროს კი ნაცვლად მახვილი კუთხისა, თეთრი სფერო ქმნის, რომელიც მარმარილოს ნატეხებით არის აწყობილი. 

 

 

შენობის ინტერიერი ამფითეატრივითაა დაპროექტებული, ამიტომ დარბაზის ნებისმიერ წერტილში ჩურჩულიც კი თანაბრად ვრცელდება, ყველა ბგერა ჭერზე არსებული მრგვალი ღიობისკენ მიემართება, საიდანაც ბუნებრივად ნათდება დარბაზი.

 

 

არტისტის მიზანია Ta Khut-ის საშუალებით აღბეჭდოს ის ყოველდღიური და მრავალფეროვანი მშვენიერება, რასაც მზე განთიადისას და მოსაღამოებულზე ქმნის.

 

 

მარმარილო, რომელიც შენობის მწვერვალზე მდებარე სფეროს ქმნის, სხვადასხვაგვარად აირეკლავს სინათლეს, ამიტომ დღის სხვადასხვა მონაკვეთში Ta Khut-ში სრულიად განსხვავებული ვიზუალური შთაბეჭდილების მიღებაა შესაძლებელი. 

 

 

სინათლის აკლდამა ავსტრიელი ცოლ-ქმრის საკუთრებაა, რომლებიც ხოსე იგნასიოში სასტუმროს ფლობენ. როგორც ოჯახი აცხადებს, მათთვის ურუგვაიში ყველაზე მომხიბვლელი ცის მშვენიერება იყო, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ჯეიმს ტურელთან თანამშრომლობა. 

 

 

Ta Khut ტურელის მიერ შექმნილი 200 აკლდამიდან ერთ-ერთია, მისი დათვალიერება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

 

 

 

 

ფოტო: Vogue, Haeusler Contemporary, Admagazine, Revistaad, AD españa

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე