კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები

28 მაისს კანის 75-ე კინოფესტივალი დასრულდა. გამარჯვებულები ტრადიციულად ლუმიერების კინოთეატრში გამოაცხადეს. წლევანდელი ფესტივალი გამოირჩეოდა საპირისპირო დამოკიდებულებით - ერთსა და იმავე ფილმებს კრიტიკოსები სრულიად განსხვავებულად აფასებდნენ, ამიტომ რთული იყო გამარჯვებულების წინასწარ განჭვრეტა.

 

 

კინოფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს პალმის რტო შვედ რეჟისორს, რუბენ ოსტლუნდს გადაეცა ფილმისთვის "სევდის სამკუთხედი". ამ გამარჯვებით ოსტლუნდი რეჟისორთა იმ მცირე ჯგუფს შეუერთდა, ვისაც ორჯერ აქვთ ოქროს პალმის რტო აღებული, ის კანის კინოფესტივალის გამარჯვებული 2017 წელსაც გახდა ფილმისთვის "კვადრატი". "სევდის სამკუთხედი" სოციალური სატირაა, რომელიც ინფლუენსერი წყვილის, მარქსისტი გემის კაპიტნისა და ძვირადღირებული კრუიზის მგზავრების შესახებ მოგვითხრობს. რუბენ ოსტლუნდის გამარჯვება მოულოდნელი იყო როგორც კრიტიკოსთა ნაწილისთვის, ასევე თვითონ რეჟისორისთვის. ოსტლუნდმა სამადლობელი სიტყვის თქმისას განაცხადა, რომ მისთვის მთავარი იყო გადაეღო ფილმი, რომელიც ხალხს თანამედროვე სამყაროს აბსურდულობაზე დააფიქრებდა. 

 

 

კინოფესტივალის გრანპრი ორ რეჟისორს - ვეტერან კლერ დენისსა და დებიუტანტ ლუკას დონტს შირის გაიყო. კლერ დენის The Stars at Noon რომანტიკული ტრილერია, რომელიც ბიზნესმენისა და ჟურნალისტის შესახებ გვიყვება. საინტერესოა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კლერ დენი ფრანგული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, მისი ფილმი 1988 წლის შემდეგ პირველად მოხვდა ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში. ლუკას დონტის "ახლოს" კრიტიკოსების ერთ-ერთ ფავორიტს წარმოადგენდა, ფილმი 13 წლის ბიჭების მეგობრობასა და სექსუალობაში გარკვევის მცდელობაზეა.

 

 

ორ ფილმს შორის გაიყო ჟიურის პრიზიც და ის - Eo-სა და Le Otto Montagne-ს გადაეცა.

 

 

საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი "ოლდბოისა" და "მოსამსახურის" რეჟისორმა პარკ ჩენ-ვუკმა მიიღო, წელს მან კანზე წარმოადგინა ფილმი - Decision to Leave. სამხრეთკორეელ მსახიობს, სონგ კანგ-ჰოს გადასცეს პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის, რომელიც ჰიროკაზუ კორე-ედას  "ბროკერში"  შეასრულა. სონგ კანგ-ჰო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2019 წელს გახდა, ფილმით "პარაზიტი". ქალის საუკეთესო როლისთვის პრიზი ზარამირ ებრეჰამიმ მიიღო, ის მთავარ როლს ასრულებს ირანულ ფილმში - Holy Spider.

 

 

ფესტივალის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული სპეციალური პრიზი გადაეცათ ჟან-პიერ და ლუკ დარდენებს ფილმისთვის "ტორი და ლოკიტა", ფილმი ბელგიაში მცხოვრებ აფრიკელ მიგრანტ ბავშვებზეა. 

 

 

კანის 75-ე კინოფესტივალი არაერთგვაროვანი შეფასებებით გამოირჩეოდა, იწუნებდნენ ფილმების ხარისხს, ჟიურის შემადგენლობასა და საკონკურსო სექციას, თუმცა ფაქტია, რომ პანდემიური ორი წლის შემდეგ ფესტივალი შედგა, მომავალ  მაისს კი კანის კინოფესტივალი ისევ დაბრუნდება ლაჟვარდოვან სანაპიროზე, საინტერესო ფილმებითა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი შემადგენლობით.

 

 

 

 

ფოტო: Cannes Film Festival

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე