ქართული კომპანიები, რომლებიც ჯანსაღი კვების ალტერნატივას გვთავაზობენ

სწორი კვება ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც გარდა იმისა, რომ ამაღლებს იმუნიტეტს, საგრძნობლად აუმჯობესებს განწყობას და ენერგიითაც გვავსებს. პანდემიის პირობებში ჯანმრთელობაზე მუდმივი ზრუნვა განსაკუთრებით საჭიროა, დაბალანსებული რაციონალური კვება კი იმუნური სისტემის გამართულად მუშაობისთვის ერთგვარი პრევენციული ღონისძიებაცაა. 

Hammock Magazine-მა თქვენთვის იმ კაფეებისა თუ ონლაინმაღაზიების გზამკვლევი მოამზადა, სადაც გემრიელ ჯანსაღ საკვებსა თუ სასმელს შემოგთავაზებენ. 

 

Loomba 

Loomba Food Laboratory გემრიელ, ჯანსაღ და კონსერვანტებისგან თავისუფალ წასახემსებელს ქმნის. პროდუქცია, რომელიც ამ ეტაპზე უშაქრო, უგლუტენო და ულაქტოზო ე.წ. ენერგეტიკულ ბურთულებს, ორი სახის გრანოლასა და შვრიის ორცხობილებს აერთიანებს, ადგილობრივი ფერმებიდან მიღებული ბუნებრივი, ორგანული ინგრედიენტებისგან მზადდება. Ბრენდი საგანმანათლებლო ფუნქციასაც ითავსებს და მომხმარებელს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და საკვების შესახებ საჭირო ინფორმაციასაც აწვდის. "ლუმბას" ლაბორატორიის ტექნოლოგები მაღალი მეცნიერული სტანდარტების დაცვითა და უნიკალური რეცეპტების შექმნით ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანების ყოველდღიურობის გამარტივებაზე ზრუნავენ. 

 

Monday Greens

კაფე “Monday Greens“ სტუმრებს გემრიელი ჯანსაღი საკვებითა და წვენებით უმასპინძლდება. კაფეში, მინიმალისტური დიზაინის შტრიხებით, აღმოსავლური კულინარიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ხემსს - ტაჰინის, ორაგულის სენდვიჩებსა და ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებულ ბოსტნეულისა და ხილის სალათებს აღმოაჩენთ. ჩვენი ყურადღება მიიქცია "მატჩა ლატემაც", რომელიც მრავალი სასარგებლო თვისების გამო ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებში ძალიან პოპულარულია.

 

Namu 

ვეგანური კაფე - Namu მომხმარებლებს მცენარეულ ინგრედიენტებზე დამზადებულ  მრავალფეროვან კერძებსა და სასმელებს სთავაზობს. თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს - უგემრიელესი სტარტერები, ტოფუს ბურგერი კიმჩით, ბოსტნეულის კარი ქოქოსის რძითა და ქეშიუს კრემ-ყველით, ჩიას პუდინგი და სხვა უგემრიელესი ტკბილეული იაპონურ კომბუჩასთან, "სმუზებთან" თუ მცენარეულ რძესთან ერთად. შეგახსენებთ, Namu-ს საკვები გარდა ცხოველური პროდუქტებისა, არ შეიცავს გლუტენს, მარილსა და რაფინირებულ შაქარს. თუ კაფეში სტუმრობას დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხებთ, შეგიძლიათ Namu-ს მიტანის სერვისითაც ისარგებლოთ.

 

Ummy Raw Food

 

 

Ummy-მ საქართველოში ჯანსაღი კვების მიმართულებით სრულიად ახალი კონცეფცია დანერგა. Ummy - ესაა ცოცხალი სამზარეულო - საკვების მომზადების ყველაზე ჯანსაღი წესი, სადაც კერძები მზადდება გაღვივებული მარცვლეულისგან მარილის, შაქრისა, ქიმიური დანამატების გარეშე. თერმულ დამუშავებასა და დანადგარებზე უარის თქმით მინიმალისტური კონცეფცია იქმნება, რითაც, საბოლოო ჯამში, გემრიელ და ჯანსაღ კერძებს ვიღებთ. Ummy-ს მენიუში აღმოაჩენთ ცხობის გარეშე მომზადებულ პიცას, სენდვიჩებს გამომშრალი პურით, გაღვივებული ხორბლის "სმუზის" და ვიტამინებით გაჯერებულ ორგანულ ტკბილეულს, რომელთა დაგემოვნება შეგიძლიათ როგორც ადგილზე, ისე ონლაინ, შეკვეთით.

 

Food Good

Food Good - კიდევ ერთი სივრცე ჯანსაღი კვების მოყვარულებისთვის. ქალაქის ცენტრში მდებარე მყუდრო კაფე უგემრიელეს სენდვიჩებს, ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებულ სალათებს, ჰუმუსის "როლებს" და ხელით დაწურულ წვენებს შემოგთავაზებთ. 

 

Soupculture 

Soupculture ჯანმრთელობისთვის საზიანო სწრაფი კვების ჯანსაღი ალტერნატივაა. რესტორანი მრავალფეროვანი ვეგეტარიანული წვნიანების შეთავაზებით ჯანსაღი ,,სთრით ფუდის'' პოპულარიზაციას ცდილობს. უგემრიელესი გოგრის, ყველისა თუ ოსპის წვნიანების გარდა Soupculture-ში ფალაფელის ხვეულებსაც აღმოაჩენთ. ამასთან, ჭურჭელი პურის ჭიქებითაა ჩანაცვლებული და შესაფუთად მხოლოდ გადამუშავებული მასალა გამოიყენება. 

 

Living Vino

 

 

რესტორან Living Vino-ში ვეგანურ კერძებს ადგილობრივი წარმოების ნატურალურ ღვინოსთან ერთად დააგემოვნებთ.  მენიუს გადაშლისთანავე მრავალფეროვანი კერძების ჩამონათვალი მიიქცევს თქვენს ყურადღებას - წყალმცენარეების სალათა, უგემრიელესი ჰუმუსი ცოცხალი და გამომცხვარი ბოსტნეულით, სოკოს ბურგერი, არტიშოკის ნიოკი და, რა თქმა უნდა, ღვინო, რაც Living Vino-ში სტუმრობას უფრო საინტერესოს გახდის.

 

Ska Juice Bar

 

 

თუ დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებთ, დილა სახლში დაწურული  ნატურალური წვენით დაიწყოთ, გირჩევთ Ska Juice Bar-ს ესტუმროთ და სხვადასხვა სახეობის ხილის კომბინაციით შექმნილი უგემრიელესი წვენები დააგემოვნოთ. Ska Juice Bar პირველი "ჯუს ბარია" საქართველოში, სადაც ვიტამინებით სავსე "სმუზების", დეტოქს-წვენებისა და სხვადასხვა სახეობის ყავასთან ერთად უგემრიელესი სენდვიჩებითაც გაგიმასპინძლდებიან. თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს ლიმონის წვენისა და  აკაციის თაფლისგან დამზადებული ნატურალური "Covid Shot", რაც იმუნიტეტის გაძლიერებასთან ერთად ორგანიზმის დეტოქსიკაციის კარგი საშუალებაა. 



ავტორი : მარიამ ქორიძე