“ქართული ქსოვილის” პროექტი: თიბისისა და ხელოვნების სასახლეს "მეამა" შეუერთდა

“ქართული ქსოვილის” პროექტს, რომელზე მუშაობა თიბისიმ და ხელოვნების სასახლემ 2018 წელს დაიწყეს, კომპანია "მეამა" შეუერთდა. თიბისიმ და ხელოვნების სასახლემ ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევისა და ტრადიციების თანამედროვე კულტურაში დამკვიდრების მიზნით არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს, რასაც დღეს "მეამასთან" თანამშრომლობით კიდევ უფრო მრავალფეროვანი სახე მიეცემა.




„თიბისისთვის, რომლის მთავარი პრიორიტეტი მემკვიდრეობა და ახალი თაობაა, პროექტი „ქართული ქსოვილი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ საერთო მიზანი ვიპოვეთ ისეთ ძლიერ ბრენდთან, როგორიც "მეამაა" და გაერთიანებული ძალებით ვაგრძელებთ პროექტს, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ახალი აღმოჩენების საწყისია“, - ამბობს ნინო ეგაძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორი.




კოლაბორაციის პირველ ეტაპზე "მეამამ" ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით "მეამა ქოლექთისათვის" ორი უნიკალური კოქტეილი შექმნა, რომელთა წამყვანი ინგრედიენტი ქართული რთველის ტრადიციის გათვალისწინებით ბადაგი იქნება. ყავისა და ჩაის კოქტეილები ქართული ქსოვილის ორნამენტებიან ჭიქებში ჩამოისხმება, ხოლო შეფუთვისთვის გამოყენებული ორნამენტები აღებული იქნება გვიანი შუა საუკუნეების ქართული ხალხური ფრესკებისა და დიდგვაროვანთა სამოსის ნიმუშებიდან. 





ამ თანამშრომლობის ფარგლებში "მეამას" მიერ შექმნილი პროდუქციის შეძენას მსურველები 26 ოქტომბრიდან "მეამა ქოლექთის" 15 ადგილას - თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შეძლებენ. მომხმარებლებისათვის ეს შეთავაზება "მეამას" მიერ წარმოებული კამპანიის მხოლოდ დასაწყისია და მომავალში კომპანიის შეთავაზებებს ყავისა და ჩაის სასმელებთან ერთად სხვა პროდუქციაც დაემატება.




“მეამაში" ყოველთვის ვცდილობთ, რომ ძველი ახლებურად დავინახოთ და ჩვენს საწარმოში შექმნილი თითოეული პროდუქტი თანამედროვეობაში საინტერესოდ და ინოვაციურად ჩავრთოთ. ჩვენთვის ამ წამოწყებაში მონაწილეობა ძალიან სასიხარულო და საინტერესო იყო, რადგან დიდი ხანია თვალს ვადევნებთ “ქართული ქსოვილის” კამპანიებს და პროექტის ფარგლებში შექმნილი სხვადასხვა პროდუქტი ყოველთვის ძალიან მოგვწონს. ამჯერად “ქართული ქსოვილის” ფარგლებში თიბისიმ და ხელოვნების სასახლემ ძველი ქართული ორნამენტები კიდევ ერთხელ გააციფრულეს და გააცოცხლეს, რაც "მეამა ქოლექთის" ახალი კოქტეილების შეფუთვებზე აისახა. ჩვენ გაერთიანებული ძალებით შევძელით ტრადიციული სამოსის უნიკალური ორნამენტების შთაგონებით ახალი, საინტერესო პროდუქტი შეგვექმნა, რაც ქართული ქსოვილის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. - ამბობს ნათია ჩომახაშვილი, "მეამას" მარკეტინგის დირექტორი.




შეგახსენებთ, რომ ხელოვნების სასახლემ ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენასა და შესწავლაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. ორი წლის განმავლობაში მხატვრებისა და მკვლევრების ჯგუფმა საქართველოს ეკლესიების ფრესკებზე გამოსახეული საერო პირების სამოსი საფუძვლიანად შეისწავლა, რის საფუძველზეც 2018 წელს წიგნი “ქსოვილი საქართველოდან” გამოიცა. წიგნში  200-ზე მეტი ფრესკიდან 300-ზე მეტი ორნამენტია გაერთიანებული. ქართული ქსოვილის ნიმუშების გაცოცხლების მიზნით თიბისი მოქმედ დიზაინერებს დაუკავშირდა და სტარტაპერებს შესაძლებლობა მისცა, წიგნში თავმოყრილი ორნამენტების გამოყენებით სხვადასხვა სახის პროდუქცია შეექმნათ. დიზაინერების კოლექციებმა ახალი ქართული ბრენდი წარმოშვა, რომელთა ნიმუშების შეძენას დაინტერესებული პირები qq.vendoo.ge - ზე შეძლებენ. 




ავტორი : ანა გაბისიანი