კატო ნემსაძის გულის ფორმის სამკაულები - ინტერვიუ ხელოვანთან

ფიქრი,  შინაგანი მდგომარეობის ჩანახატებით ვიზუალიზაცია და შემდეგ ამის გადატანა კონკრეტულ ფორმაში  - ასე ქმნის კატო ნემსაძე გამორჩეული სტილის  სამკაულებს, რომლებსაც ხშირად გულის ფორმა აქვთ და რომლებიც სიკეთეს, ზოგჯერ კი  სიყვარულს, ჯანმრთელობასა თუ ვნებას იტევენ. მათ ავტორის მიერ  დაცვის ფუნქციაც აქვთ მინიჭებული და თილისმებად გვევლინებიან. ყოველი განსხვავებული დეტალი, რომელიც კატოს მიერ კაშკაშა ფერებში შექმნილ  სამკაულებს ახლავს, სხვადასხვა განსაზღვრებას იძენს იმის მიხედვით, თუ რას გადაწყვეტს მათი მფლობელი.

ჟურნალი Hammock გთავაზობთ ინტერვიუს კატო ნემსაძესთან, რომელიც სამკაულების შექმნასთან დაკავშირებულ მოგონებებზე, მათი ვიზუალის იდეურ დატვირთვასა და დამზადების პროცესზე გვესაუბრა.


კატო, გვიამბე პირველად მხატვრობა გაჩნდა შენს ცხოვრებაში თუ სამკაულების შექმნის სურვილი და რა გახდა ამ ყველაფრით დაინტერესების მიზეზი.

პირველად, რა თქმა უნდა, მხატვრობა. ძალიან ღრმა ბავშვობაში, ალბათ ისე, როგორც თითქმის ყველა ბავშვი, მეც სულ ვხატავდი. ჩემი ოჯახიდან გამომდინარე,  სახლში ბევრი საღებავი, ტილო და სხვადასხვა სამხატვრო მასალა იყო, ამიტომ ამ ყველაფრის ინტერესი სულ მქონდა. დაახლოებით 9 წლისამ დიდ ფორმატებზე დავიწყე ხატვა -  ვხატავდი ისე, როგორც მინდოდა. თავისუფალი ვიყავი, ამიტომ პროპორციებსაც ვარღვევდი და ფერებსაც. ყოველ ჩემს ნახატს ახლდა ჩემ მიერვე მოგონილი ზღაპარი, ზოგჯერ ნამუშევარშივე მქონდა ეს ზღაპარი ჩახატული. რაც შეეხება სამკაულებს, მათი დამზადების იდეაც დაახლოებით ამ დროს გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. დედაჩემს ჰქონდა გალერეა, სადაც მინანქარზე მუშაობას ასწავლიდა, მეც სულ ვაკვირდებოდი ამ პროცესს და სხვებთან ერთად ვსწავლობდითავიდან ჩემთვის ვაკეთებდი ხან საყურეებს, ხან ბეჭდებს და შედეგით ძალიან ბედნიერი ვიყავი. რატომღაც ყველა სამკაულით ძირითადად გოგონების პორტრეტებს გამოვსახავდი, არ მახსოვს, რატომ ვაკეთებდი მარტო პორტრეტებს... საბოლოოდ 40 მინანქრის პორტრეტი შევაგროვე და პირველი გამოფენა-გაყიდვა გავმართე. ნახატები ვერ გავიმეტე გასაყიდად, სამკაული კი ყველა გაიყიდა, რაც 10 წლის ასაკში ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო.




როგორია სამკაულების დამზადების პროცესი შენთვის, რას უკავშირდება ის ემოციურად?

ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია - ვაკეთებ ჩანახატებს, რომლებზეც წინასწარ მაქვს ნაფიქრი და რომლებიც ყოველთვის უკავშირდება ჩემს შინაგან მდგომარეობას.  ამ ჩანახატებიდან საბოლოოდ მხოლოდ ერთი შეიძლება გადმოვიტანო სამკაულში, ზოგჯერ ვერ გადმომაქვს ის, რასაც ვფიქრობ, რადგან არ ემთხვევა ჩემს ემოციას და თუ ვერ გამოიხატება ხოლმე ის, რასაც ვგრძნობ, საერთოდ ვანებებ თავს და ახალ სამკაულზე ან იდეაზე ფიქრს ვიწყებ. ფიქრი ძალიან მიყვარს - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციები  აზროვნებასა და სიახლეების პოვნაში მეხმარება. ხშირად ვქმნი სამკაულებს, რომლებიც რაღაცისგან ისე მიცავს, როგორც თილისმა.




რა ხდება შენთვის შთაგონების წყარო კონკრეტული დიზაინის მოფიქრებისას და როგორია ტექნიკა, რომლითაც სამკაულებს ამზადებ.

შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს ყველაფერი, ძალიან უმნიშვნელო მოვლენამ რაღაც კონკრეტულ მომენტში შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ჩემზე. ზოგადად კი ბუნება, მუსიკა და კეთილი ადამიანები. დედაჩემიც ხშირად არის ხოლმე ჩემი შთაგონების წყარო - არა როგორც დიზაინერი და ხელოვანი, არამედ როგორც დედაჩემი. რა თქმა უნდა, მისი იდეებიც და ამა თუ იმ საკითხის მიმართ დამოკიდებულებაც ხშირად მაფიქრებს და მეხმარება. სამკაულების დამზადების ტექნიკა საკმაოდ რთულია, სამწუხაროდ ამ სირთულეების გამო ხშირად არ გამოდის ისეთი ან ფერი ან ფორმა, როგორიც წარმოდგენილი მაქვს.





შენი ხელწერა საკმაოდ გამორჩეულია - კაშკაშა ფერებში ქმნი გულის ფორმის სამკაულებს, რომლებიც სხვადასხვა დეტალითაა ხოლმე გაფორმებული, რას გადმოსცემ მათი ამგვარი ვიზუალით?

პირადად ჩემთვის გულის ფორმის სამკაულებს სხვადასხვა დეტალების მიხედვით სხვადასხვა დატვირთვა აქვთ. ზოგს ცეცხლის ფორმა ახლავს,  ზოგს ხმლის, ზოგიერთი გული ჩიტებს უჭირავთ, მოკლედ, ყოველ დეტალს აქვს ახსნა, რაზეც წინასწარ ბევრი მაქვს ნაფიქრი. მაქვს მექსიკური გულების (Sacred Heart) დიდი კოლექცია, რაც ულამაზესი ვიზუალის გარდა, თავისი მნიშვნელობით არის ჩემთვის ძვირფასი - ყველა გულში დევს სიკეთე. მიიჩნევა, რომ ეს ქრისტეს გულია, მისი სიყვარულისა და თავგანწირვის სიმბოლო, დეტალები კი სხვადასხვა მნიშვნელობას განსაზღვრავენ, ზოგს ბედნიერება მოაქვს, ზოგს სიყვარული, ჯანმრთელობა, ვნება, ხანდახან მათ უბრალოდ უარყოფითი ენერგიისგან დაცვის ფუნქცია აქვთ. ჩემ მიერ შექმნილ გულებსაც დაახლოებით ასეთი დატვირთვა აქვთ. რა თქმა უნდა, ჩემს აზრებს მყიდველს არ ვახვევ თავს, თუ თავად არ დაინტერესდება. მგონია, რომ ნივთს მფლობელმა უნდა მიანიჭოს კონკრეტული დატვირთვა და მნიშვნელობა.




როგორი წარმოგიდგენია გარემო, რომელიც სამუშაოდ იდეალურია შენთვის და რომელიც  ემოციურად ისე იმოქმედებდა შენზე, რომ შექმნის პროცესი  კიდევ უფრო მეტად სასიამოვნო იქნებოდა?

სამუშაოდ იდეალური გარემო ვერ წარმომიდგენია, განწყობაზეა დამოკიდებული, თუმცა ალბათ მაინც  უფრო ნათელი და ძალიან ბევრი მცენარით სავსე სივრცეა საჭირო, ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკაც.




და ბოლოს, გვიამბე ახლა რაზე მუშაობ ან როგორია შენი სამომავლო გეგმები.

ახლა ძირითადად ხმლიან გულებს ვაკეთებ, რომლებსაც რაღაც სიძლიერის ან ზოგ შემთხვევაში უძლურების გაძლიერება შეუძლიათ. ზოგადად, გეგმები და წინასწარ რაღაცის დაგეგმვა არ მიყვარს და არც გამომდის, თან ახლა სამომავლო გეგმებზე ფიქრი განსაკუთრებით გართულებულია.



ავტორი : ანი კლდიაშვილი