კერა: ჯონ რიფენჰოფისა და მამუკა ჯაფარიძის გამოფენა გალერეა Artbeat-ში

გალერეა Artbeat ჯონ რიფენჰოფისა და მამუკა ჯაფარიძის გამოფენას 29 ოქტომბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით წარადგენს. ხელოვანთა კოლაბორაცია, რომელიც სოფლის გარემოსთან ინტერაქციისას ჩამოყალიბდა, ამჯერად ურბანულ სივრცეში ინაცვლებს და გალერეის ისტორიული შენობის გრანიტის ბუხრის ირგვლივ კონცენტრირდება. კერის განსაზღვრება, რომელიც საყოფაცხოვრებო სივრცეში რელიგიური რიტუალების უცვლელი ადგილია, თითქმის ყველა კულტურისათვის საერთოა. ამ გამოფენაში კერა თავისებური პორტალია და გარდამავალი სივრცის ფუნქციას ასრულებს. აქ არტისტებისათვის საკუთარი ნამუშევრებისა და პიროვნების პრეზენტაციის სურვილს გარემო ფაქტორების ასახვა ცვლის. ხელოვანები ცდილობენ, რომ ადამიანის ცხოვრებასა თუ შემოქმედებაში ბუნების მისტიკური ჩარევის კვალი ყველასათვის თვალსაჩინო გახადონ. 


John Riepenhoff, Mamuka Japharidze Magic (kvevri), 2021, acrylic on linen, 25.4x20.32 cm

მამუკა ჯაფარიძე ქართველი მხატვარია, რომლის შემოქმედება მჭიდროდ არის მორგებული ადგილის სპეციფიკის ფენომენთან. მას სოფელ შინდისში რეზიდენცია აქვს მოწყობილი და შემოქმედებითი თანამშრომლობისათვის ხშირად იწვევს არტისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ გამოფენისათვის მზადების პროცესი მამუკა ჯაფარიძემ ძირითადად გარემო პირობებს მიანდო. კერძოდ, თონესთან მაგიდაზე გაშლილ, ჩარჩოზე გადაკრულ და ციანო საღებავებით მკრთალად დაგრუნტულ ტილოზე ყოველდღიურად ჩნდებოდა ბუნების უხილავი ჩარევის კვალი. ქარის, წვიმის და მზის “მონასმები” აქა-იქ გაბნეულ ყურძნის წიპწებთან ერთად საინტერესო გრადაციებად იშლებოდა სიბრტყეზე და ცასავით უსასრულო შრეებს აჩენდა.


John Riepenhoff, Plein Air (Shendisi), 2021, Acrylic on Linen, 38.10x45.72 cm

ჯონ რიფენჰოფი ამერიკელი არტისტია, რომელიც ცის ფენომენითაა გატაცებული. მართალია, ერთი პერიოდი ფიქრობდა “ღამის ცის მხატვრად” დაემკვიდრებინა თავი, თუმცა ივან აივაზოვსკისათვის დამახასიათებელ მარტინსტი მხატვრის კლიშეს გაექცა და ცის მიღმა ბევრი სამყაროს უკეთ დასანახად დედამიწაზე “არტისტული ობსერვატორიების” ძიება დაიწყო. მამუკა ჯაფარიძის რეზიდენციაში ყოფნისას რიფენჰოფი ბევრ უმცირესი დეტალისათვის დამახასიათებელ შინაარსზე ამახვილებდა ყურადღებას, რაც ღვინის, ცეცხლისა და შებოლვის თემების შთაგონებით მის შემოქმედებით პროცესს ორგანულად მიება და საბოლოოდ მამუკა ჯაფარიძის “პორტრეტი” პატარა ფორმატის ექვსი ფერწერული ტილოს ერთობლიობად ჩამოაყალიბა. ჯონისათვის “ცის თემა” ზუსტად ასეთი “დეტალების” პრიზმიდანაა დანახული.

მისამართი: თბილისი, ინგოროყვას ქ. 14

გალერეა ღიაა დამთვალიერებლებისთვის სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11:00-19:00 საათებში

გამოფენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გალერეის ვებგვერდზე:  www.galleryartbeat.com