ხელოვანების თავშესაფარი - ლეონარდ კოენის სახლი ჰიდრაზე

ლეონარდ კოენმა 26 წლის ასაკში ბებიის დატოვებული ფულით საბერძნეთში, პატარა კუნძულ ჰიდრაზე სახლი 1500 დოლარად შეიძინა. სწორედ ამ პატარა ბერძნულ ქალაქში დაიწერა მისი ლექსების კრებული Flowers for Hitler, ნოველა The Favorite Game და მისი უკანასკნელი ნოველა Beautiful Losers, რომელიც 1966 წელს გამოვიდა. ეს პატარა კუნძული კოენისთვის იდეალური ადგილი იყო ლექსების და მუსიკის საწერად, რადგან გარდა იმისა, რომ ჰიდრაზე ცოტა ადამიანი ცხოვრობდა, აქ არც ავტომობილები იყო და არც ელექტრობა, რაც კოენს რეფლექსიის და მწერლობაზე კონცენტრაციის საშუალებას აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰიდრა კოენმა 60-იანი წლების მიწურულს დატოვა და აშშ-ში მუსიკალური კარიერა დაიწყო, კუნძულს ის ხშირად უბრუნდებოდა და ჰიდრაზე გატარებული დრო მისთვის  სიმღერების შესაქმნელად ხშირად შთაგონების წყარო იყო. 


მიუხედავად იმისა, რომ როცა კოენი ჰიდრაზე საცხოვრებლად გადავიდა, მან ბერძნული არ იცოდა და საბერძნეთში ახლობლებიც არ ჰყავდა, კოენმა მეგობრები მალევე გაიჩინა. ჰიდრა მიმზიდველი ადგილი იყო სხვა არტისტებისთვისაც. პოეტმა სწორედ აქ გაიცნო ავსტრალიელი მწერლები ჯორჯ ჯონსტონი და ჩარმიან კლიფტი, ასევე მისი მომავალი პარტნიორიც, ნორვეგიელი მარიან იჰლენი. ჰიდრაზე მწერლების და პოეტების პატარა კომუნა შეიკრიბა  - ერთად წერდნენ, სვამდნენ და ღამით ხშირად ადგილობრივებთან ერთად მღეროდნენ ხოლმე. თუმცა კოენი ხშირად დღეებს მარტოობაში, სახლის ტერასაზე ატარებდა. დედამისისთვის გაგზავნილ წერილში კოენი წერს:


“სახლს დიდი ტერასა აქვს, საიდანაც მთების დრამატული ხედები და კაშკაშა თეთრი სახლები მოჩანს. ოთახები ფართო და გრილია, სქელ კედლებში ფანჯრები ღრმად არის ჩასმული. სახლი, მგონი, დაახლოებით 200 წლისაა და აქ ალბათ ბევრ მეზღვაურს უცხოვრია. ყოველ წელს აქაურობას ცოტა გავარემონტებ და მალე სასახლედ ვაქცევ… გორაზე, სადაც ვცხოვრობ, ცხოვრება ასეულობით წელია არ შეცვლილა…”


თუმცა, ტექნოლოგიის განვითარებას ჰიდრა ვერ დაემალა და კუნძულზე, სადაც მანამდე რამდენიმე ფუნქციური ტელეფონი იყო, მალე ელექტროგაყვანილობა გაჩნდა. კოენი წერს: 

 

“ფანჯრიდან სატელეფონო გაყვანილობას ვაშტერდები და ვფიქრობ, როგორ მომაგნო აქაც ცივილიზაციამ და საბოლოოდ, მგონი, თავს მაინც ვერ დავაღწევ. გავაცნობიერე, რომ მეთერთმეტე საუკუნის ცხოვრებით ვეღარ ვიცხოვრებ, როგორც დაგეგმილი მქონდა”. 


ლეონარდ კოენის სიმღერა Bird on the Wire ჰიდრაზე ცივილიზაციის შემოჭრით არის შთაგონებული, სადაც კოენი აღწერს, როგორ შენიშნა პირველად ჩიტები სატელეფონო ბოძებზე და როგორ ატარებდა საღამოებს საბერძნეთის პატარა კუნძულზე:

 

Like a bird on the wire,

like a drunk in a midnight choir 

I have tried in my way to be free.


ლეონარდ კოენის სიმღერა Moving On, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ, 2020 წელს გამოვიდა, ასევე ჰიდრათია შთაგონებული, შესაბამისად, მუსიკალური კლიპიც ძირითადად კოენის ჰიდრას სახლშია გადაღებული. 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ კოენმა ცხოვრების დიდი ნაწილი აშშ-ში გაატარა, პატარა ბერძნული კუნძულის ექოები მის სიმღერებში და პოეზიაში ხშირად ისმის. აღსანიშნავია, რომ ჰიდრაზე კოენის და სხვა ხელოვანების გატარებული “ბოჰემური” ცხოვრების წლები შთაგონების წყარო აღმოჩნდა არტისტებისთვისაც. მაგალითად, ბრიტანელმა მწერალმა პოლი სამსონმა 2020 წელს ნოველა A Theatre for Dreams გამოსცა, რომელიც 60-იანი წლებისას ჰიდრაზე მყოფი ხელოვანების ცხოვრებაზეა. ფიქციურ სიუჟეტში ჩნდებიან რეალური პერსონაჟები, მათ შორის ლეონარდ კოენი, ჩარმიან კლიფტი, მარიან იჰლენი, გრეგორი კორსო, გორდონ მერიკი და სხვები. იმავე წელს, Pink Floyd-ის დევიდ გილმურმა გამოუშვა სიმღერა, სახელწოდებით Yes, I have Ghosts, რომელიც ჰიდრაზე შეკრებილი ხელოვანების ცხოვრებით არის შთაგონებული. მუსიკალურ კლიპში გილმური კოენისთვის სახასიათო შლაპით მღერის. 

გარე სამყაროს მოწყვეტილი კუნძული საბერძნეთში, სხვადასხვა ეროვნების ხელოვანების წვეულებები, ადგილობრივებთან ერთად მოწყობილი კონცერტები ვიწრო ქუჩებში და მზიან ტერასაზე გატარებული საათები… სწორედ ეს “ბოჰემა” აღმოჩნდა ის, რაც ლეონარდ კოენისთვის მრავალი წლის მანძილზე შთაგონების და სიმშვიდის წყარო იყო. 

 

 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: The Guardian, Conde Nast Traveller