ხმელთაშუა ზღვის საკულტო სასტუმროები

ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ყოველთვის იზიდავდა ტურისტებს - კაშკაშა ლურჯი ზღვა, ზომიერი კლიმატი და საზღვაო ქალაქებისა თუ ქვეყნების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ-ერთი საუკეთესოა მოგზაურებისა თუ დასვენების მსურველთათვის. სწორედ ამ პოპულარობითაა განპირობებული რომ ხმელთაშუა ზღვის პირას არაერთი სასტუმროა, რომელთაც განსაკუთრებული კულტურული, ისტორიული თუ არქიტექტურული მნიშვნელობა აქვს. ეს სასტუმროები ხშირად ხვდება ფოტოგრაფებისა თუ რეჟისორების ობიექტივში. სასტუმროები მასპინძლობენ ცნობილ ადამიანებს.

 

 

Intercontinental Carlton Cannes ალბათ არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მთელი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ყველაზე ცნობილი სასტუმროა. 1911 წელს აშენებული გვიანი ნეოკლასიკური ნაგებობა ცნობილ კრუაზეტს გადაჰყურებს. აქ ძალიან ხშირად ისვენებდა ცნობილი მსახიობი და მონაკოს პრინცესა - გრეის კელი, სასტუმროს წლების განმავლობაში სტუმრობდა ელიზაბეტ ტეილორი, სასტუმრო განსაკუთრებულად უყვარდა ალფრედ ჰიჩკოკს, სწორედ ამიტომ მან To Catch a Thief-ის გადასაღებად Intercontinental Carlton Cannes აირჩია. კინოსამყაროსა და სასტუმროს კავშირი აქ არ სრულდება, 1939 წელს კანის პირველი კინოფესტივალის გახსნა სწორედ კანის “კარლტონში” ჩატარდა, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც კანის კინოფესტივალი განახლდა. Intercontinental Carlton Cannes-მა კვლავ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფესტივალის მიმდინარეობაში, სასტუმროში ცხოვრობდა ფესტივალის სტუმართა უმეტესი ნაწილი, ამასთანავე სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში ტარდებოდა კინოფესტივალისას დაგეგმილი შეხვედრები. 

 

 

ნიცაში მდებარე ბელ-ეპოკის სტილის სასტუმრო - Le Negresco უკვე საუკუნეზე მეტია არტისტების, მსახიობების, მუსიკოსებისა და სამეფო ოჯახების საყვარელი სასტუმროა. 1913 წელს აშენებული სასტუმრო პატივს მიაგებს საფრანგეთის ისტორიას და ინტერიერის დეკორაციად საფრანგეთის მეფეებისა და დედოფლების პორტრეტებთან ერთად დალის, ნიკი სენტ ფალესა და საშა სოსნოს ნამუშევრებს იყენებს. სასტუმროს, რომელიც თავისუფლად მოირგებდა ხელოვნების მუზეუმის როლს, განსაკუთრებულ ხიბლ სძენს ვარდისფერი გუმბათი, შთამბეჭდავი ვიტრაჟებით. სასტუმროს რესტორანს აფორმებს ბროლის ჭაღი, რომელიც Le Negresco-ს რუსეთის მეფე ნიკოლოზ II-მ გადასცა საჩუქრად. Le Negresco-ს წლების განმავლობაში სტუმრობდნენ სალვადორ დალი, რიჩარდ ბარტონი და ბიტლზის წევრები. პირველი მსოფლიო ომის დროს Le Negresco დროებით ჰოსპიტლად იყო გადაკეთებული, დღეს კი სასტუმრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული. 

 

 

პოზიტანოში მდებარე სასტუმრო Le Sirenuse სერსალების ოჯახს ეკუთვნის. 1951 წელს აშენებული ოჯახური სასტუმრო მალევე გახდა პოპულარული, რადგან 1953 წელს მას ჯონ სტაინბეკი ესტუმრა და სასტუმროს შესახებ  ჟურნალ ჰარპერს ბაზარში დაწერა, რომ ეს გასაოცარი ადგილია, რომელიც ამალფის ყურეს გადაჰყურებს. სასტუმროს გამოარჩევს დახვეწილი, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთვის დამახასიათებელი დიზაინი და ეკლექტური დეკორი. Le Sirenuse-ში შეხვდებით მე-17 საუკუნის იტალიური ხელოვნების არტეფაქტებსა და აზიურ ხალიჩებს. სასტუმრო განსაკუთრებით პოპულარულია ვარსკვლავებს შორის, მაგალითად, აქ გაატარა თაფლობის თვე რიზ უიზერსპუნმა. Le Sirenuse-ში გადაღებულია 1994 წლის რომანტიკული კომედია Only You.

 

 

Château De La Messardière სასახლეა სან-ტროპეში, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა, თავდაპირველად ის ცნობილ ოფიცერსა და მის ცოლს ეკუთვნოდათ, 1904 წელს კი სასახლე სასტუმროდ გადაკეთდა. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში La Messardière ელეგანტური წვეულებებისა და სტუმრების მასპინძელი იყო, 2021 წელს კი მას რესტავრაცია ჩაუტარდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე გლამურულ სასტუმროს წარმოადგენს. 

 

 

1880 წელს ჯუზეპე გამბარდელას მიერ ამალფის სანაპიროზე აშენებული ნაგებობა 1904-ში სასტუმრო Santa Caterina-დ გარდაიქმნა, სასტუმრო დღემდე გამბარდელას ოჯახს ეკუთვნის. Santa Caterina ინარჩუნებს ძველებურ გლამურს და მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელ დიზაინს, სასტუმროს არქიტექტურასთან ერთად გამოარჩევს სააბაზანოების განსაკუთრებული დიზაინი. Santa Caterina მაღლობზეა აგებული და უმშვენიერესი ამალფის ხედს გადაჰყურებს. სასტუმრო მე-20 საუკუნიდან მასპინძლობს  ვარსკვლავებს. აქ ხშირად ისვენებდნენ ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი, ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი განქორწინებამდე. ამავე სასტუმროში გაატარა თაფლობის თვე კიმ კარდაშიანმა პირველი ქორწინებისას. 




ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Vogue, Guardian, Slim Aarons