“კლონები” - Balenciaga-ს 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

ცნობილმა მოდის სახლმა Balenciaga-მ 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა, სახელწოდებით „კლონები“. შოუს ფორმატი ახალი სიტყვაა მოდის სამყაროსათვის - მკვეთრად ფუტურისტული, სიურრეალისტური ატმოსფერო, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი საუნდტრეკი, დიჯითალური კლონები, Deep-fake ტექნოლოგია - ეს ყველაფერი ბრენდმა ერთ კოლექციაში მოაქცია. დიჯითალური კლონირების საშუალებით პოდიუმზე გამოსული 44 მოდელის სახე ელიზა დაგლასის, Balenciaga-სთან აქტიური თანამშრომლობით გამორჩეული არტისტის, სახით არის ჩანაცვლებული. იმისთვის, რომ ყველაფერი უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, მოდელებს დაგლასის სიარულის სტილის შესწავლა მოუწიათ. Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას თქმით, დიჯითალური კლონირების მეთოდის გამოყენებით იგი მოდის სამყაროს ტრენდების მიმართ დამოკიდებულებას აკრიტიკებს. აქცენტს აკეთებს იმაზე, თუ როგორი უარყოფითი გავლენა აქვთ ტრენდებს ინვიდუალიზმზე, პერსონის ავთენტურობაზე. თავად პოდიუმისა და კოლექციის ამსახველი ვიდეო, რომლის რეჟისორიც კვენტინ დერონზიეა, დღევანდელი სოციუმისა და ტექნოლოგიის ურთიერთობაზე მიუთითებს, შლის ზღვარს რეალობასა და ილუზიას შორის. დერონზიემ ვიდეოს სრულყოფისათვის გამოიყენა ისეთი ტექნიკა, როგორიცაა, 3D მოდელირება, როტოსკოპინგი და ა.შ.

ვიდეოს დასაწყისში ვკითხულობთ: „ჩვენ სამყაროს ფილტრის გავლით ვხედავთ - სრულყოფილს, გაპრიალებულს, მისაღებს, ფოტოშოპირებულს. ვეღარ ვარჩევთ დაუმუშავებელსა და შეცვლილს, ჭეშმარიტსა და ყალბს, რეალურსა და კონცეპტუალურს, ფაქტსა და ფიქციას. ტექნოლოგია ქმნის ალტერნატიულ რეალობებსა და იდენტობებს, ის ქმნის დიჯითალური კლონების სამყაროს.“

კოლექციაში გამოჩნდა გვასალიასთვის დამახასიათებელი არქეტიპები: ყვავილებიანი და კოპლებიანი პრინტები, დიდი ზომის კაბები, „ჰუდები“... პოდიუმზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო The Simpsons-ის პერსონაჟებით შთაგონებული ტანსაცმელი, ფერადი „კროქსები“ და აქსესუარები, რომლებიც სწრაფი კვების ობიექტების შეფუთვებს გვახსენებს. Balenciaga აგრძელებს ცნობილ იტალიურ ბრენდთან, Gucci-სთან კოლაბორაციას და GG ლოგოს BB-ს ლოგოს გამოსახულებიანი ხელჩანთებით, ბეისბოლის კეპებითა და ქამრებით ანაცვლებს. ზოგიერთ აქსესუარზე რენე მაგრიტის ცნობილი ფრაზა „ეს არ არის ჩიბუხი“, შეცვლილია ფრაზით „ეს არ არის „გუჩის“ ჩანთა“.











































ავტორი : ანი შამათავა