Kolga Tbilisi Photo იწყება

დღეს არტარეაში "ქოლგა თბილისი  ფოტო კვირეული" გაიხსნება. ტრადიციულად, 2002 წლიდან მოყოლებული, ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუტი უმასპინძლებს მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფების გამოფენებს.  Kolga Tbilisi Photo-ს მიზანია დააკავშიროს ერთმანეთთან საერთაშორისო ფოტოგრაფია, შეაზავოს კლასიკური და თანამედროვე ქართული ნამუშევრები, რომლებიც განსხვავებული კუთხით იქნება წარმოდგენილი.  საზოგადოებას საშუალება აქვს გაეცნოს როგორც ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებს, ასევე თანამედროვე უცხოელი ფოტოგრაფების შემოქმედებას. 

ფოტოკვირეულის ფარგლებში ჩატარებული საგანმანათლებლო შეხვედრები დამატებითი წყაროა თანამედროვე ფოტოგრაფიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ცოდნის გასაღრმავებლადაც. ყოველწლიური ფოტოალბომების გამოცემა ერთი მხრივ, ამდიდრებს ქართული თანამედროვე ხელოვნების წიგნების კოლექციას, ხოლო მეორე მხრივ, ქართველ ფოტოგრაფებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.

,,ქოლგას” პროგრამა  ასეთია: 8 მაისს გაიმართება Purpur Collective-ის ვიდეოფილმის ჩვენება, რომელსაც ინგა შნაიდერი, ანტონია ლოიკი და თონა გოგიჩაიშვილი წარადგენენ. ,,როგორ იყო/დაინახო ქალი’’. ხოლო 20.00 საათზე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ფოტოგრაფიის მოყვარულებს საშუალება ექნებათ გურამ თიკანაძის ნამუშევრები იხილონ. 

ასევე 8 მაისს იტალიის საელჩოს დახმარებით ხელოვნების სასახლეში გაიხსნება იტალიელ-ამერიკელი ფოტოგრაფის, ჯონ რედოლფ პეპერის გამოფენა - ,,იტალიის ფრაგმენტები 1970-2010’’. კარონიაში, სიცილიასა და იტალიაში მოგზაურობა სტუმრებს 14 მაისის ჩათვლით შეეძლებათ. 

პარალელურად მაყურებლებს შესაძლებლობა ექნებათ ეზიარონ ლარა მიჩელის ექსტრასისტოლებს - ,,როცა გული ფრიალებს’’. მიჩელის ნამუშევრები და ფოტოპროექტები რამდენიმე ცნობილ გამოცემაში გამოქვეყნდა (Mauer, Le Point, Fisheye, Artsper).  დამთვალიერებელს კვირეულის განმავლობაში საშუალება ექნება დაათვალიეროს ქართველი ფოტოგრაფების: გიორგი ნებიერიძის, ვახო ხეთაგურის, გივი კიკვაძის და სანდრო სულაბერიძის გამოფენებიც.

 

 

ფოტო: დევი თარხნიშვილი, ფიორელა ბადისერი, გიორგი ნებიერიძე, სანდრო სულაბერიძე

ავტორი: თინათინ კეკელიძე