კონტროლირებადი ქაოსი - ჰარმონი კორინის ფოტოგრაფია

ჰარმონი კორინი ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი, ფოტოგრაფი და სკეიტერია, თუმცა ეს მაინც არასრული ჩამონათვალია, რადგან კორინი მუდმივად ითვისებს ახალ დისციპლინებს და მისი ხელოვნება იმდენად მრავალფეროვანია, რომ ერთი ჟანრისთვის ან მიმდინარეობისთვის მიკუთვნება რთულია. კორინის ხელოვნება ხშირად არის კრიტიკის საგანი და როგორც წესი, კრიტიკოსები მის ნამუშევრებს - იქნება ეს ფილმები თუ ნოველები და ფოტო-წიგნები - ხშირად სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა ბერნარდო ბერტოლუჩის თქმით, კორინმა “რევოლუცია მოაწყო კინოს ენაში”, გას ვან სანტის აზრით კი, Gummo-მ მისი სიცოცხლე გარდაქმნა.

 

 

ჰარმონი კორინის პროექტები ერთმანეთისგან თითქმის ყოველთვის ძალიან განსხვავებული და ქაოსურია. ამის მიუხედავად, კორინის “სტილი”, რაც უნდა ბუნდოვანი და რთულად აღსაწერი იყოს ის, მომენტალურად ცნობადია. ჰარმონი კორინი თავს რეჟისორად არ მოიაზრებს და ამბობს, რომ ის უბრალოდ “ესთეტია”, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი ხედვა ყველაზე მეტად რაღაც ესთეტიკით წარმოაჩინოს. აქედან გამომდინარე, ფოტოგრაფია კორინის “ხედვისთვის” შესაბამისი მედიუმია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მისი ნააზრევი გაშეშებულ კადრად დავინახოთ. ცხადია, ამ შემთხვევაშიც კორინის “სათქმელი” მის ფოტოგრაფიაში ყოველთვის აშკარა არ არის. არტისტის ადრეული ფოტოგრაფიული პროექტები დამოუკიდებლად გამოცემული წიგნებით შემოიფარგლება და ხშირად საკმაოდ აბსტრაქტული ან განგებ ბუნდოვანია. 1998 წლის წიგნი The Bad Son მაკოლეი კალკინის შავ-თეთრი პოლაროიდებით შემოიფარგლება, ხოლო Pass the Bitch Chicken, რომელიც კრისტოფერ ვულთან თანამშრომლობით არის შექმნილი, აბსტრაქტულ ფოტოებს მოიცავს. 

ბოლო წლებში კორინი აბსტრაქტული და კონცეპტუალური ხელოვნების გარდა შედარებით კონვენციურ პროექტებზე მუშაობს, ძირითადად სარეკლამო ვიდეოებზე და კამპანიებზე. მაგალითად, კორინი Dior Addict Fragrance-ის რეჟისორი იყო, ხოლო 2019 წლიდან არტისტი Gucci-ისთან თანამშრომლობს. კორინმა ისტორიულ ქალაქებში ალესანდრო მიკელეს 2019 წლის შემოდგომის კოლექციის ფოტოები გადაიღო. “Gucci by Harmony Korine” - ასე ჰქვია ფოტოალბომს, რომელიც IDEA Books-მა გამოაქვეყნა.

2020 წელს რეჟისორმა Gucci-ისთვის კლიპი გადაიღო, რომელშიც A$AP Rocky, Tyler the Creator და Iggy Pop მონაწილეობენ. ნიშანდობლივია, რომ კლიპისთვის კორინმა სწორედ ეს მუსიკოსები შეარჩია. მიკელეს თქმით, “სახალისოა ის ფაქტი, თუ როგორ შეიძლება ადამიანების გარეგნობით ობსესიამ ისინი გააერთიანოს და რაღაც საძმოდ აქციოს… ამ სამი კაცის ერთად ნახვა სახალისო იყო - სამივე ერთდროულად განსხვავებული და თან, რაღაც თვალსაზრისით მსგავსია”.

2022 წელს ჰარმონი კორინმა Balenciaga-ს შემოდგომა/ზამთრის კოლექციის კამპანიისთვის ვიდეო გადაიღო, სახელწოდებით The Lost Tape, რომელიც 90-იანი წლების Grunge ეპოქის ნოსტალგიას აღძრავს. მოდელები შავი ფერის ტანსაცმელში პოლაროიდის ფოტოებზე არიან გამოსახული.

 

 

ჰარმონი კორინის უნიკალური ხელწერის წარმოსაჩენად ფოტოგრაფია კარგი მედიუმია, რადგან აქ კორინი მისი ქაოტური ხედვის გადმოცემაში შედარებით შეზღუდულია, რაც მის შემოქმედებას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე კორინი ერთი კადრით შემოიფარგლება, მის კომერციულ ნამუშევრებში და დამოუკიდებელ პროექტებში თითქოს მოძრაობა ჩანს და კორინი გვიტოვებს განცდას, რომ მოქმედება კადრს მიღმაც გრძელდება.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Harmony Korine, Balenciaga, Gucci