კრუელა დე ვილი - გროტესკული მოდის დედოფალი

დისნეის ბოლო ფილმს - „კრუელას“, რომელშიც მთავარ როლს ემა სტოუნი თამაშობს, დისნეის ანიმაციისგან განსხვავებული სცენარი აქვს. ფილმი კრუელას ბავშვობით იწყება, როცა მას ჯერ კიდევ კრუელა კი არა, ესტელა ერქვა. ესტელა ობოლი გოგონაა, რომელიც უცნაური შეფერილობის, შავ-თეთრი თმით დაიბადა და დალმატინელების სიძულვილიც ბავშვობის დროინდელი ტრავმების გამო აქვს. 1960-იანი წლების მიწურულს იგი ლონდონში ჩამოდის და მოდის სფეროში დასამკვიდრებლად რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, დიდი ხნის სურვილს  აისრულებს და სახელგანთქმულ დიზაინერთან, ბარონესა ვონ ჰელმანთან დაიწყებს მუშაობას. ბარონესას კრეატიული ხედვა ახალგაზრდა, ექსცენტრიკული, ავანგარდული ესტელასგან განსხვავებით, შედარებით უფრო კლასიკური და ესთეტიკურია.



ფილმს განსაკუთრებით სასიამოვნო სანახავს ხდის ექსტრავაგანტური, დახვეწილი, გლამურული დიზაინის სამოსი, რომელიც ფილმის გმირებს აცვიათ. ზოგადად, ფილმის თემატიკაც, თუ სიუჟეტის ძირითად ხაზს მხედველობაში არ მივიღებთ, მოდის ირგვლივ ტრიალებს. ფილმის რეჟისორს, ქრეგ გილესპის ფილმის ვიზუალური მხარე უკვე ჰქონდა წარმოდგენილი, რომლის სრულყოფაშიც კოსტიუმების დიზაინერის, ჯენი ბოვენის შემოქმედებითი ხედვა ძალიან დაეხმარა. ჯენი ბოვენი ოსკარზე საუკეთესო კოსტიუმების ნომინაციაზე 10-ჯერ იყო წარდგენილი და ორჯერ მოიპოვა ოსკარი ფილმებისთვის: „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“ (2015) და „ოთახი ხედით“ (1986). თანამედროვე კრუელას გარდერობი ანიმაციური პერსონაჟისგან განსხვავებით, ბევრად უფრო მრავალფეროვანია, რომელსაც სულ რამდენიმე სასცენო კოსტიუმი აქვს - თეთრი ქურქი მეწამული სარჩულით და შავი სადა კაბა.  ჯენი ბოვენმა „კრუელა დე ვილისთვის“ 277 კოსტიუმი შექმნა, მათ შორის 47 - ფილმის მთავარი გმირისთვის. კრუელა დე ვილის ფილმის კოსტიუმებისთვის ბოვენმა ანიმაციური პერსონაჟის ჩაცმულობის ძირითადი ფერთა პალიტრა გამოიყენა: შავი, თეთრი და წითელი ფერების დომინირებით. პერსონაჟის ცხოვრებასა და ხასიათთან ერთად, კოსტიუმებიც უფრო და უფრო მუქი და გროტესკული ხდება.



ბოვენმა თავი ამ ამოცანას კარგად გაართვა, რადგან ფილმი ვიზუალურად ძალიან სასიამოვნო საყურებელია, მიმზიდველი სასცენო დეკორაციებითა და მომნუსხველი, გრანდიოზული კოსტიუმებით. ჩანს, რომ ბოვენის გუნდმა კარგად შეისწავლა 60-იანი წლების მოდური ტენდენციები და ისინი თანამედროვედ და შთამბეჭდავად გარდაქმნა.  მიუხედავად იმისა, რომ კოსტიუმების დიზაინერის ხედვაზე ლეგენდარული დიზაინერების: ვივიენ ვესტვუდის, ელზა სკიაპარელის, ალექსანდერ მაკქუინის და თვით მარია ანტუანეტას გავლენაც შესამჩნევია, ბოვენის სტილი მაინც განსაკუთრებული და თავისებურია. ფილმში კრუელას მეტოქეს, ბარონესას სტილს ბალენსიაგას, სკიაპარელისა და დიორის გავლენა ეტყობა. კრუელასგან განსხვავებით, ბარონესას კოსტიუმები ოქროსფერსა და ყავისფერშია წარმოდგენილი.  ბარონესა ვონ ჰელმანის მოდის სახლის დიზაინიც და ინტერიერიც დიორის მაღაზიების მოტივებზე შეიქმნა, რომელიც საოცრად ელეგანტური, ზედმიწევნით მოწესრიგებული, მინიმალისტური და მდიდრული უნდა ყოფილიყო.



ესტელას, იგივე კრუელას, სტილი, რომლის ჩაცმულობაშიც თავიდან პანკ-როკის ელემენტები ჭარბობს,  ფილმის მსვლელობისას იცვლება. დროთა განმავლობაში,  მრისხანე და დაუნდობელი ხასიათის ჩამოყალიბებასთან ერთად, მუქდება მისი გარდერობიც. ბარონესასთან მუშაობის დაწყებისას ესტელას სამოსი ძირითადად შავ და ნაცრისფერ ტონალობებშია, როგორც ქვედაბოლოებს, ისე შარვლებს ვივიენ ვესტვუდისეული სილუეტები აქვს. ესტელას სამუშაო გარემოში აცვია შავი ქვედაბოლოები, გალიფე შარვლები, მაღალწელიანი, გამოყვანილი შარვლები დიდი ღილებით, ქამრებით, ტყავის აქსესუარებით, ატარებს შავ ტყავის ყელიან ფეხსაცმელს, შავ კოლგოტებს, ხშირად ჩნდება შავი ბერეტით და  წაგრძელებული ფორმის სათვალეებით. ამ მინიმალისტურ და მარტივ სტილშიც კი მისი ექსცენტრიკულობა და ორიგინალურობა უკვე იგრძნობა, რომელიც მოგვიანებით კიდევ უფრო პომპეზური და თვალშისაცემი გახდება.



ფილმში ერთ-ერთი სცენა, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე, როდესაც ბარონესას მიერ მოწყობილ შავ-თეთრ წვეულებაზე ესტელა თავისი ახალი იმიჯით საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდება. მას გრძელი, თეთრი აბრეშუმის ლაბადა აცვია, ყურადღებას ჭიქის დამსხვრევით იქცევს და შემდეგ მშვიდად ითხოვს ასანთს. ასანთის ანთებით ლაბადას ცეცხლი უჩნდება, კრუელას მოსასხამი აალდება და ბოლოს თვალისმომჭრელ წითელ კაბაში წარდგება ხალხის წინაშე. წითელი კაბით ესტელა მონოქრომულ დრესკოდს უხეშად არღვევს, ბარონესას და საზოგადოებას კი თავისი ახალი სახელით პირველად წარუდგება და აქედან იწყება მისი მთავარი ისტორიაც. წითელი კაბის სტილი ალექსანდრ მაქკუინის ხელწერას ჰგავს, ხოლო კაბის კუდი ქალთევზას ფარფლებს და ცეცხლის ენებს მოგვაგონებს.  



შავ-თეთრი წვეულების შემდეგ, კრუელა ტყავის პიჯაკში ჩნდება, რომელსაც სწორი, ამაღლებული სამხრეები აქვს  და დაშვებული, ტრაპეციის ფორმის ქვედაბოლო აცვია. ჩაცმულობას ტიულის მაქმანებიანი შავი ხელთათმანები და მაღალქუსლიანი დახურული ფეხსაცმელი აგვირგვინებს. ამ ჩაცმულობაში უკვე ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ესტელას პანკ-როკ სტილი და კრუელას გლამურული, გოთიკური სტილი. ესტელას სახისა და ტიპაჟის ცვლილებასთან ერთად, მისი პერსონაც სულ უფრო მუქდება და ხასიათიც მძიმე, დაუნდობელი უხდება. იგი კრუელად გარდაისახება და მასში ეგო და პატივმოყვარეობა იღვიძებს. კრუელას მოდის დედოფლობის ამბიციები უჩნდება და უკვე ეჯიბრება ბარონესას: “მინდა შევქმნა ხელოვნება და უსიამოვნებები“,  - ამბობს იგი.




მართლაც, სადაც კრუელა ჩნდება, ყველა არაორდინალურ სანახაობას უნდა ელოდოს.  ბარონესას ერთ-ერთ გახმაურებულ, გლამურულ წვეულებაზე, სადაც პრესის წარმომადგენლებს და ელიტას მოუყრია თავი, კრუელა ნაგვის სატვირთო მანქანით გამოჩნდება. სატვირთო მანქანის ძარაზე კრუელა დგას, რომელსაც კაბის უზარმაზარი შლეიფი მოჰყვება. კრუელას ბრჭყვიალა მაკიაჟი ამშვენებს, ვარცხნილობა კი მარია ანტუანეტას სტილში აქვს. ერთი შეხედვით შლეიფი, რომელიც მანქანას უკან მოჰყვება, ნაგვის გროვას მოგვაგონებს, რომელიც მანქანიდან იყრება, მაგრამ სინამდვილეში, ეს ერთმანეთში ახლართული სხვადასხვა ფერის ქსოვილებია. აღმოჩნდება, რომ შლეიფი ბარონესას ძველი კაბებისგანაა შეკერილი, კორსეტი კი გაზეთში კრუელაზე დაწერილი სტატიების პრინტებით არის გაფორმებული. ამ ჟესტით კრუელა ამტკიცებს, როგორ შეუძლია არაფრიდან რაიმე არაჩვეულებრივი გამოიყვანოს.



ამის შემდეგ კრუელა ოდნავ ძველმოდურ ბარონესას წითელ ხალიჩაზე კიდევ რამდენჯერმე დაჩრდილავს. ერთ-ერთ ეპიზოდში იგი მანქანაზე აძვრება და ბარონესას გადმოსვლის საშუალებას არ მისცემს. კრუელას ამ სცენაში სამხედრო სტილის  ყელიანი ფეხსაცმელი, ვინტაჟური პიჯაკი და მასიური, ორგანზას ქსოვილის გრძელი ქვედაბოლო აცვია, რომელიც 5000-მდე ხელით გაკეთებული ყვავილისგან შედგება. ეს კაბა ჯონ გალიანოს დროინდელ დიორის სტილს მოგვაგონებს, თუმცა კიდევ უფრო ექსტრემალური, მეამბოხე ელფერი დაჰკრავს. პიჯაკი ქინძისთავებით, ძეწკვებით, სამკერდე ნიშნებითა და ეპოლეტებითაა გაწყობილი.




მომდევნო ეპიზოდში, კრუელა გადაწყვეტს ბარონესას წითელ ხალიჩაზე გავლის ბწყინვალება კვლავ დაჩრდილოს და ღონისძიებაზე მოტოციკლეტით მივა. შენობაზე ნეონის განათებით კრუელას სახელი დაეწერება და საზოგადოებას მთელი ყურადღება იქით გადააქვს. კრუელა ბრჭყვიალა ოქროსფერ შარვალსა და მოტოციკლეტისტის ტყავის ქურთუკშია გამოწყობილი. მას ბოროტი გოგოს გლამურული იერი დაჰკრავს: სახის ზედა ნაწილი შავად აქვს გადაღებილი და ზედ აწერია სიტყვა „მომავალი“, რითაც ბარონესას მიანიშნებს, რომ კრუელა მომავალია და ბარონესა კი უკვე წარსული.



და ბოლოს, ცხადია, კრუელა სრულყოფილი ვერ იქნებოდა თავისი საკულტო სამოსის - კოპლებიანი, საზარელი ქურქის გარეშე, რომელიც დალმატინელების ტყავისგან არის შეკერილი. კრუელა ბარონესას მოაჩვენებს, რომ შურისძიების მიზნით მისი საყვარელი ძაღლები დახოცა და მათი  ტყავისგან ქურქი შეკერა. კრუელას ფართო საყელოიანი ბეწვის ქურქი წინ ბალთებით და გრძელი, არაჩვეულებრივი სიმეტრიის ქვედაწელითაა გამორჩეული.



ავტორი : თეონა მჭედლიშვილი