Kunsthalle Tbilisi-ის ახალი ონლაინ გამოფენა

საყოველთაო კარანტინისა და იზოლაციის პირობებში უამრავი კურსი, ვორქშოფი თუ გამოფენა გადავიდა გაშუქების ონლაინ რეჟიმზე. წელს მოძრავი საგამოფენო სივრცის, Kunsthalle Tbilisi-ის გამოფენის გახსნაც ონლაინ რეჟიმში შედგება, სადაც ტრადიციულად, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო არტისტები იქნებიან წარმოდგენილი.





კუნსტჰალე თბილისი უკვე ორი წელია, რაც თანამედროვე ხელოვნების საინტერესო და გამორჩეული არტისტების ნამუშევრებით გვანებივრებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც წლევანდელი გამოფენა იქნება, სადაც ქართველი ხელოვანის, ანდრო ერაძის ნამუშევარს - All Hands Bury the Dead-ს იხილავთ, რომელიც სპეციალურად კუნსტჰალე თბილისისთვის შეიქმნა. ექსპერიმენტული ვიდეო ადამიანსა და ბუნებას შორის არსებულ მღელვარე დამოკიდებულებას ასახავს, იმ წარმოსახვით ღამის მონოლოგს, როდესაც ხეები თავის ენაზე იწყებენ საუბარს. ფილმში დაკვირვების საგანი ტყე, მისი მობინადრეების თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობა და “ხმაურია”, იდეა, რომელშიც ტყე ადამიანისგან დამოუკიდებლად, მის გარეშე არსებობს. 





გამოფენაზე ანდრო ერაძესთან ერთად შვეიცარიაში მოღვაწე ეგვიპტელი ხელოვანის, ბასიმ მაგდის ნამუშევარს  - New Acid-საც იხილავთ, რომელიც შარშან კუნსტჰალე მიულუზის ფარგლებში შეიქმნა, ხოლო მისი პრემიერა არტისტის პერსონალურ გამოფენაზე შედგა. New Acid იუმორნარევი ფილმია, რომლის ფოკუსშიც ცხოველები და მათ შორის ყოველდღიური შეტყობინებების მიმოცვლის რიტუალი ექცევა, რაც, საბოლოოდ, სატელევიზიო რეალისტურ შოუსაც წააგავს. არტისტის სიმბოლოები სხვადასხვა ვიზუალური სახეებით, ფირზე ქიმიური ზემოქმედებითა და ჩახლართული ნარატივით იქმნება. 


ორივე არტისტის ფილმში ადამიანი გამქრალია და მთელი ყურადღება გარემომცველ ბუნებას ეთმობა, რომელშიც ადამიანები არსებობენ. დღევანდელ რეალობაში კი, რომელშიც ყველანი ერთად, თუმცა მაინც ცალ-ცალკე აღმოვჩნდით, ამ ორი ბუნებისა და მასში ადამიანის როლზე შექმნილი ნამუშევრების თვითიზოლაციის პირობებში ნახვა უფრო დრამატულ ელფერს იძენს. 


ონლაინ გამოფენა 7 აპრილს, 20:00 საათზე გაიხსნება და 9 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, მის ნახვას კი კუნსტჰალე თბილისის ვებგვერდზე შეძლებთ. 





ავტორი : ქეთევან ბარბაქაძე