Le Bon Marché - ჯადოსნური ახალი წელი პარიზის მარცხენა სანაპიროზე

მსოფლიოს უძველესი შოპინგ ცენტრი- Le Bon Marché Rive Gauche - ეიფელის კოშკთან, ლუვრის მუზეუმთან და ღვთისმშობლის ტაძართან ერთად - პარიზის გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც 1852 წლიდან ემსახურება მომხმარებელს. ცოლ-ქმარმა Artistide და Marguerite Boucicaut-ებმა ამ სივრცესთან ერთად შექმნეს “რითეილ” ინდუსტრიის ახალი კონცეფცია, იმ დროისთვის რევოლუციური იდეები, რომლებიც დღეს უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკაა. რთული დასაჯერებელია, რომ თითქმის ორი საუკუნის წინ დამკვიდრდა უფასო მიტანის სერვისი, პროდუქციის დათვალიერება შეძენის გარეშე, გაყიდული პროდუქტების უკან დაბრუნება, საკოლექციო კატალოგები, კლიენტის მოთხოვნის შესაბამისი პერსონალიზებული დიზაინი.  

 

 

Boucicaut-ების მიზანი იყო შეექმნათ გარემო, სადაც სტუმრობისას დროს სასიამოვნოდ გაატარებდი და ყველაფერ საჭიროს ერთ სივრცეში აღმოაჩენდი. Le Bon Marché-მდე მყიდველს ცალკე უწევდა თითოეული პროდუქტის შეძენა, ქოლგები, მხოლოდ ქოლგების მაღაზიაში, ფეხსაცმელი, მხოლოდ ფეხსაცმლის მაღაზიაში, ხოლო უნივერმაღის შექმნით, ყველა პატარა მაღაზია ერთ სივრცეში გაერთიანდა, რომლის დათვალიერებაც ქალაქის ქუჩებში სეირნობის  ტოლფასი აღმოჩნდა. პარიზელების შეკრების მთავარი ადგილი მარცხენა სანაპირო გახდა, რომლის კარიც ერთნაირად გაიღო ბურჟუაზიისა და მუშათა კლასისთვის - ფუფუნება მასებისთვის და ყოველდღიური ცხოვრება დიდგვაროვნებისთვის.  მომხმარებლის ერთგულებისა და ხშირი სტუმრობის ხელშესაწყობად დაემატა საკითხავი და სასადილო სივრცეები, ბილიარდის ოთახი, სილამაზის სალონი და ცოცხალი მუსიკის საღამოები. ცოლ-ქმარმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე არტისტების მხარდაჭერის ტრადიციას და შენობის კედლები საგამოფენო სივრცეებად აქცია. 

 

 

ხელოვანებთან თანამშრომლობა დღესაც გრძელდება და  რეგულარულად ტარდება  თანამედროვე მუსიკოსების, კინომატოგრაფების, დიზაინერების, ვიზუალური არტისტების გამოფენები. უნივერმაღის სივრცეები დაეთმო Karl Lagerfeld-ს, Sofia Coppola-ს, Iris Apfel-ს. 2012 წელს დაარსებიდან 160 წლის აღსანიშნავად Marjane Satrapi-მ შექმნა ილუსტრაციების სერია Catherine Deneuve-ის მონაწილეობით, რომელიც შემდგომ უკვე ვიტრინებში გამოჩნდა. ხელოვნებასთან ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაწყებული ეს ურთიერთობა უნივერმაღის მთავარი სიამაყეა, და ახალი ინსტალაციებითა და გამორჩეული საახალწლო დეკორაციებით კიდევ უფრო იწონებს თავს. 

 

 

Le Bon Marché-ში ყოველ წელს განსხვავებული ახალი წელია, ახალი თემატიკითა და დეკორაციებით, რომლებსაც ძვირფასი სამკაულივით ირგებენ მისი ცნობილი, უჯრებიანი ესკალატორები. წელს მარცხენა სანაპიროს საზეიმო გარემო ტყის მეფის  ნაძვისხის შთაგონებით შეიქმნა.  მთავარ შესასვლელში დათოვლილი, ციდან დაკიდებული ნაძვისხეები დაფრინავენ და ირგვლივ ჯადოსნურ სამყაროს ქმნიან, რომელიც ერთნაირ ემოციებს იწვევს ბავშვებშიც და უფროსებშიც. თითოეულ სართულზე განსხვავებული გარემოა, და ყველა ნაძვისხე სხვადასხვა თემატიკის დიზაინით არის გაწყობილი,  იაპონური ბაღებით შთაგონებული ნაქსოვი ყვავილები, გასული საუკუნის მხურვალე 20-იანი წლების შავ-თეთრი და ოქროსფერი დეკორაციები, თეთრი გალიები მომღერალი ხელნაკეთი ჩიტებით. Le Bon Marché ყველა გემოვნების ვიზიტორისთვის ქმნის ზღაპრულ გამოცდილებას.  

 

 

საახალწლო დეკორაციებს ტრადიციულად მოსდევს საერთაშორისო არტისტების პოპ-აპ ინსტალაციების გამოფენა, რომელიც ზეიმობს წლის დასაწყისსა და “თეთრ ფასდაკლებას”. არტისტებს ენიჭებათ სრული შემოქმედებითი თავისუფლება მხოლოდ ერთი შეზღუდვით, კონცეფციის მთავარი ფერი თეთრი უნდა იყოს. ბოლო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ვიზუალური ხელოვნების იაპონური სტუდია Nendo-ს ნამუშევარი - ”წვიმის ყვავილები”. განსხვავებული ტექნიკის შერწყმით, 3D ბეჭდვით, ხელნაკეთი ნივთებით შექმნილი ინსტალაცია, რომელიც ასახავს იაპონური კულტურის განსაკუთრებულ ურთიერთობას ბუნებასთან. თეთრი წვიმის მოძრავი წვეთები, რომელიც თეთრ ყვავილებად გარდაიქმნება, წვიმის ბოთლები, ინტერაქციულ ბილიკებზე ქოლგით გასეირნება, იაპონელი არტისტების გამოფენა, რომელმაც მედიტაციური გამოცდილება შესძინა ვიზიტორებს. 

 

 

“Le petit grand magasin” - პატარა დიდი მაღაზია, როგორც უწოდებენ მას. სხვებთან შედარებით მცირე ზომის, მაგრამ ყველაზე დიდი ისტორიის მქონე Le Bon Marché, რომელიც ნებისმიერ სტუმარს საშუალებას აძლევს ისევე დატკბეს მის სივრცეში სეირნობით, როგორც პარიზის ქუჩებში - ნელი ნაბიჯით, შესვენებებით და ხელოვნების ნიმუშების გარემოცვაში. 

 

 



ავტორი : ქეთა ვაშაყმაძე