ლევან მაისურაძის შრილანკური შთაბეჭდილებები

წელს პირველად ვიყავი აზიაში, ამ კონტინენტის გამოკვლევა შრი-ლანკით დავიწყე, ფოტოებიც სწორედ იქაა გადაღებული. 

პირველი განსაკუთრებული შთაბეჭდილება განსხვავებული მზის ჩასვლა იყო. იქ მზე საკმაოდ ადრე, 5-6 საათზე ჩადის, თუმცა უშუალოდ ჩასვლის პროცესი უფრო ხანგრძლივია. ამ დროს განსაკუთრებით ლამაზი ფერებია, ამიტომ ვეცადე, რაც შეიძლება მეტი ფოტო გადამეღო. 

შრი-ლანკის გზებზე ქაოსურად მოძრაობენ, ქუჩები ძალიან ვიწროა, ხალხი ძირითადად სკუტერებით დადის, ვისაც სკუტერი არ ჰყავს, ავტობუსებს, ეგრეთ წოდებულ Crazy Bus-ებს იყენებს, რომლებიც უვიწროვეს ქუჩებზე საოცარი სისწრაფით გადაადგილდებიან, გადასწრებისას პირდაპირ საპირისპირო ზოლში გადადიან და ხმამაღლა ასიგნალებენ, სკუტერის მძღოლმა კი მათ აუცილებლად უნდა დაუთმოს გზა. მეც ძირითადად სკუტერით მოვიარე შრი-ლანკა, თუმცა მატარებლითაც ვიმგზავრე, რაც განსაკუთრებით საინტერესო შთაბეჭდილება იყო. კუნძულზე ძალიან ლამაზი რკინიგზაა - უფანჯრო, ღიაკარებიანი მატარებლები პირდაპირ ჯუნგლებში დაგატარებენ. მატარებელი ძალიან ნელა მოძრაობს, რადგან ისე ივსება, რომ ხალხი ხშირად ღია ფანჯრებიდან და კარებიდანაა გადმოკიდებული.

 


გამორჩეულად საინტერესოა ოკეანის მეთევზეების ნახვა,  სანაპიროდან წყალი ძალიან დიდ მანძილამდე არ ღრმავდება - მათ ხშირად უწევთ, რომ 100 მეტრზე მეტი ფეხდაფეხ გაიარონ წყალში. როდესაც საკმარის სიღრმემდე შედიან, სპეციალურ ჯოხებს არჭობენ და ასე ჯოხებზე მდგარი იჭერენ თევზს. ეს ტრადიცია შრი-ლანკის ტურისტულ ნიშადაც კი იქცა, იმდენად ლამაზი სანახაობაა. 

შრი-ლანკაზე ხშირად გვხვდება ჯუნგლებში ჩაკარგული თანამედროვე სასტუმროები, რომელთა არქიტექტურაშიც ძირითადად მხოლოდ ბეტონი და რკინაა გამოყენებული. ამ სურათზე სწორედ ერთ-ერთი ასეთი სასტუმრო - Infinity Pool არის აღბეჭდილი, რომელიც ულამაზეს ხედს გადაჰყურებს. 

 

ავტორი: ლევან მაისურაძე