მაია ნავერიანის ახალი გამოფენა - New Wave Tourist

პავლე ინგოროყვას 14-ში მდებარე გალერეა Artbeat 12 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით მაია ნავერიანის გამოფენას უმასპინძლებს, სახელწოდებით „New Wave Tourist".      

ხელოვანმა,  რომელიც თბილისსა და ლონდონში მოღვაწეობს, გადაწყვიტა, გამოფენისათვის აქტუალური თემატიკა შეერჩია - მხატვარმა მისთვის საინტერესო სიმბოლოს, ტურისტს, პანდემიის შედეგად შექმნილი  ვითარება, უცნობი მომავლის შიში და ქაოსი დაუკავშირა.



“ტურისტი - ცნობისმოყვარე მოგზაური, თავგადასავლების მაძიებელი, დროებითი, შემთხვევითი სტუმარი - ეს ის სიმბოლოა, რომელიც ყოველთვის მომწონდა და ბევრ ჩემს ნამუშევარში გამომიყენებია. 

და აი, ახლა, როდესაც სრულ იზოლაციაში გამოვიკეტეთ და ყველანაირი მოგზაურობა გაყინულია, ცნება ტურიზმი, ტურისტი კიდევ უფრო დამაინტრიგებელი გახდა ჩემთვის და ამ თემაზე ახალი ტექსტის შექმნაზე დავიწყე მუშაობა. 



პანდემიის შედეგად ჩვენთვის ნაცნობი რეალობის ასეთმა უეცარმა და დრამატულმა შეცვლამ და შოკმა აბსოლუტურად შეარყია ყველა სისტემა - ფსიქოლოგიური, კულტურული, სოციალური თუ პოლიტიკური. მაგრამ, ამ დესტაბილიზაციამ, უცნობი მომავლის შიშმა და ქაოსმა თან ახალი მოგზაურობის, ახალი ტალღის ტურიზმის შესაძლებლობა და სურვილი გამოაჩინა. 




თითქოს ძველი სენტიმენტებისა და ისტორიის ტვირთისგან გათავისუფლებულებს კარგად ნაცნობი ადგილების ხელახლა მონახულების, ახლებური წაკითხვის და ამ პროცესში ახალი რეალობის თვალის მოკვრის შანსიც მოგვეცა - ბუნდოვანი მომავლის, რომლის კონტურები თითქოს უფრო გამჭვირვალე და მსუბუქია”, - ამბობს მაია ნავერიანი.



ავტორი : ანი კლდიაშვილი