მაკოტო აზუმას ბოტანიკური სკულპტურები

მაკოტო აზუმა, არტისტი და ბოტანიკური სკულპტორი, ბუნებრივი ყვავილებით აწყობილი ინსტალაციებითაა ცნობილი, თუმცა თავდაპირველად მას სამუსიკო კარიერა ჰქონდა, 2001 წელს კი მან ტოკიოში მაღაზია Jardin des Fleurs გახსნა, სწორედ ამ დროს დაიწყო  ყვავილებზე მუშაობა. 


მიუხედავად მცენარეების სიყვარულისა, არტისტი არ უფრთხის თამამ გადაწყვეტილებებს, ის ყვავილებს ცეცხლს უკიდებს, წყალში ძირავს, თვითმფრინავიდან ყრის და ღია კოსმოსშიც კი უშვებს. მაკოტო აზუმასთვის ბოტანიკური ხელოვნება გამოხატვის ფორმაა და რეალურად სკულპტურებით ისეთ მოვლენებზე აკეთებს კომენტარს, როგორებიცაა: ამაზონის ტყის ხანძარი, ოკეანის და ჰაერის დაბინძურება და სხვა მრავალი ეკოლოგიური კატასტროფა, თუმცა არტისტი არასდროსაა პირდაპირი და ის ცდილობს სათქმელი ხალხამდე ალეგორიულად მიიტანოს. 

იაპონური კულტურისთვის ყვავილებით კომპოზიციების აწყობა ახალი და უცხო არაა, თუმცა მაკოტო აზუმას ნამუშევრები სრულიად განსხვავდება მინიმალისტური და სადა იკებანასგან, რომელშიც თითოეული ტოტის მდებარეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აზუმას კომპოზიციები მაქსიმალისტურია, გადატვირთული ყვავილებით, ფერებით და ფორმებით. ხშირად ისინი მთელ ოთახს იკავებენ და მუდმივად თვალში გვხვდებიან.


მიუხედავად იმისა, რომ არტისტის შემოქმედება ძირითადად მაქსიმალისტურია, აზუმას  მინიმალისტური ნამუშევრებიც აქვს, მაგალითად, მისი 2007 წლის სერია უდაბნოებში წარმოგვიდგენდა ბონსაის ხეებს, რომლებიც სრულიად განცალკევებული იყო სამყაროსგან და სისადავით იკებანას ხელოვნებას უახლოვდებოდა. 


მაკოტო აზუმას შემოქმედება პოპულარულია მოდის სამყაროშიც, მისი ნამუშევარი იყო ბრიტანული ვოგის გარეკანზე, აზუმას გაყინული ყვავილების სკულპტურები აფორმებდა Dries Van Noten-ის ჩვენებას, მანვე შექმნა სკულპტურები დიორის სუნამოს ხაზისთვის. 

არტისტს არ ეშინია, რომ მისი ნამუშევრები ადრე თუ გვიან ქრება, ჭკნება ან უბრალოდ იშლება, რადგან მათ გადაღებას ყოველთვის ერთ ფოტოგრაფს, შიინოკი სუნსუკეს ანდობს, რომელიც ზუსტად ახერხებს აზუმას სკულპტურების ასახვას, სინათლისა და სხვადასხვა კუთხის გამოყენებით კი მათ სრულ აღდგენას. 


მაკოტო აზუმას ხელოვნების აღქმა შესაძლებელია არა მხოლოდ იაპონური ფილოსოფიის, არამედ ზოგადად ადამიანების ქცევის ჭრილში, შეიძლება ითქვას, რომ არტისტი მუდმივად განასახიერებს ადამიანების სწრაფვას, ყველაფერი ველურისა და ლამაზის მოშინაურებისა და ჩარჩოში მოქცევისკენ.  

აზუმა პატივს მიაგებს სიცოცხლის ეტაპებს და მის ყველა მონაკვეთს, ის არ გაურბის მცენარეების მოკვდაობას, მეტიც, მის ნამუშევრებს წარმავალობა განსაკუთრებულ სიღრმეს მატებს. იაპონურ ფილოსოფიაში არსებობს ცნება Mono-no, რაც გამოხატავს იმ ტკბილ-მწარე გრძნობას, რასაც გარდაუვალი სიკვდილი სიცოცხლეს სძენს, აზუმას ყველა ნამუშევარი, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, ამ კონცეფციას ატარებს და დამთვალიერებელს უბიძგებს, რომ სანამ დროა, სამყაროთი დატკბეს. 

 

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Vogue, Japanese Design, GQ, Makoto Azuma