მარიამ ბარდაძის სარკაზმით იმპროვიზებული შემოქმედება - ინტერვიუ ხელოვანთან

„ჩემი ნამუშევრები ბავშვობიდან დღემდე დაგროვილი და სარკაზმით იმპროვიზებული, რეალურად მომხდარი ამბების ნაზავია“, - ასე გვაცნობს საკუთარ ხელოვნებას ახალგაზრდა მხატვარი მარიამ ბარდაძე, რომელიც ნათელ ფერებში შექმნილი მრავალი საინტერესო ნამუშევრის ავტორია. ინდივიდუალური ხელწერის მქონე ხელოვანისათვის მუდმივი შთაგონების წყარო ადამიანები, ურთიერთობები და კონკრეტული პერიოდების მეხსიერებაა. ის ზედაპირზე სხვადასხვა მოგონებასა თუ მიღებულ შთაბეჭდილებას, ყველასათვის ცნობილ ბრენდებს, ფრაზებსა თუ სიტუაციებს შთამბეჭდავად აცოცხლებს და სურს, რომ მნახველმა მის ნამუშევრებზე დაკვირვებისას, პირველ რიგში, ბუნებრიობა იგრძნოს.




მარიამ, გვიამბე  რამ გადაგაწყვეტინა, მხატვარი გამხდარიყავი?

ჩემი  კავშირი ხელოვნებასთან ბავშვობაში დაიწყო, შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში გაგრძელდა. აკადემიაში ჩაბარება ექსპერიმენტი უფრო იყო ჩემთვის, ვიდრე მანამდე ნაფიქრი გადაწყვეტილება.




სახასიათო ხელწერა გაქვს - ისეთი, მარტივად რომ გამოარჩევს მნახველი სხვებისაგან და მიხვდება, რომ კონკრეტული ნამუშევარი შენ გეკუთვნისმოგვიყევი შენი განსხვავებული სტილის ჩამოყალიბების პროცესის შესახებ.

მე ვფიქრობ, რომ "ხელწერა", იგივე ინდივიდუალური ხასიათია, სწორედ ამიტომ ხდება, რომ სხვადასხვა ნამუშევარი მარტივად გამოსარჩევისხვისაგან. სტილის ჩამოყალიბების პროცესს რაც შეეხება, საკუთარი, ინდივიდუალური ხასიათი ბოლო ორი წელია, რაც გაჩნდა ჩემს შემოქმედებაში. რა თქმა უნდა, ის  მანამდეც არსებობდა, თუმცა, ვფიქრობ, მცირე დოზით და სხვადასხვა გავლენით. საკუთარი გამოცდილება ნამუშევრებში ნელ-ნელა გავშალე.




რომელ მედიუმში მუშაობაა შენთვის გამორჩეულად საინტერესო და სასიამოვნო?

ყველა მედიუმში საინტერესოა მუშაობა, გააჩნია, რას გამოსახავ. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი მთლიანად კონკრეტულ არტისტზეა დამოკიდებული. იმაზე, თუ როგორ აღიქვამს და რა გასაქანს აძლევს კონკრეტული მედიუმი მის შეგრძნებებს. ასევე დამოკიდებულია გარემოზეც, რადგან პატარა სივრცეში დიდ ტილოზე ვერ იმუშავებ. მეც ძირითადად გარემოზე ვარ დამოკიდებული, სამუშაო სივრცის მხრივ.



როგორ პოულობ ხოლმე კავშირს  იმ მესიჯსა, რომლის გამოსახვაც გინდა, და იმ ფორმას შორის, რომლითაც მას გადმოსცემ?

ეს თავისთავადი პროცესია. არ ვაძალებ თავს, რომ რაიმე კონკრეტული გარკვეულ ჭრილში გამოვსახო, ბუნებრივად ხდება ასე.



შენი ნამუშევრები ურთიერთგანსხვავებულ თემატიკაზეა ხოლმე შექმნილი და ასეთივე შინაარსსა თუ ხასიათს ატარებს. მიუხედავად ამისა, არსებობს თუ არა გარკვეული საკითხები თუ თემები, რომლებსაც ხშირად უბრუნდები და მუდმივადაა შენს ინტერესის სფეროში?

კი - ადამიანები, ურთიერთობები, კონკრეტული პერიოდების მეხსიერება.



ძალიან მოკლედ, როგორ დაახასიათებდი და გააცნობდი უცნობ ადამიანებს შენს შემოქმედებას?

ჩემი ნამუშევრები ბავშვობიდან დღემდე დაგროვილი და სარკაზმით იმპროვიზებული, რეალურად მომხდარი ამბების  ნაზავია.



თუ გიფიქრია იმაზე  -  რას გინდა განიცდიდეს მნახველი, როცა შენს ნამუშევრებს აკვირდება?

მე მინდა, რომ მნახველმა საკუთარ თავს იმპროვიზაციის საშუალება მისცეს და ბოლომდე თავისუფალი იყოს, ასევე იგრძნოს, რომ რასაც უყურებს, ბუნებრივი და ნამდვილია.




და
ბოლოს, საინტერესოა, ამჟამად რაზე მუშაობ და როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ამჟამად სივრცეს ვეძებ, რომ მუშაობა გავაგრძელო, ხოლო რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვისურებდი, რომ ისინი ჩემთან ჩემგან დამოუკიდებლად მოვიდნენ.



ავტორი : ანი კლდიაშვილი