მარიამ საკნელაშვილის მხატვრობა - ინტერვიუ ხელოვანთან

მარიამ საკნელაშვილი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია, რომელიც შუასაუკუნოვანი მანუსკრიპტებითა და ხატწერით შთაგონებულ ნამუშევრებს ქმნის, მის თითოეულ ნამუშევარში ძველი და თანამედროვე სტილი ერთმანეთს ერწყმის და როგორც თავად ამბობს, შუასაკუნეების ნამუშევრების სიუჟეტები და ატმოსფერო მასზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. 


Hammock Magazine-თან ინტერვიუში მარიამმა საკუთარ შემოქმედებაზე, ხელწერასა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.




მარიამ, პირველად როდის მიხვდით, რომ თქვენი ცხოვრება ხელოვნბასთან უნდა დაგეკავშირებინათ? 


კონკრეტულ პერიოდს ალბათ ვერ გავიხსენებდი, მაგრამ  უფრო სკოლის პერიოდიდან. პირველი კლასიდან, საიდანაც უფრო და უფრო მეტ დროს ვუთმობდი ხელოვნებას და ეს გარემო ჩემთვის კომფორტული და საინტერესო ხდებოდა.




თქვენი ნამუშევრები შთაგონებულია შუასაუკუნოვანი ხატწერით და მანუსკრიპტებით,  რატომ დაინტერესდით ამ თემებით?


შუა საუკუნეების ნამუშევრები ინტერნეტში მხვდებოდა, უმეტესობა ძალიან სასაცილო და სულელურია, მაგრამ, ამასთან ერთად, ძალიან საინტერესო და მომნუსხველიც.
თითოეული ნახატი საკუთარ ამბავს გვიყვება, მაგალითად, ხშირად ნაჩვენებია რაინდები, რომლებიც შეიარაღებულ კურდღლებს ან თუნდაც ლოკოკინებს ებრძვიან. ხანდახან წარმოვიდგენ, რომ ბერმა, რომელიც ამ ყველაფერს ოდესღაც ხატავდა,  გადაწყვიტა, რომ ცოტა გაეხალისებინა მოსაწყენი პროცესი და სადმე ბუ მიეხატა. ასეთი აზრი მე ძალიან მხიბლავს და სწორედ ეს ხასიათია, რომელსაც მათგან ვსესხულობ - რაღაც სულელური უდარდელობა. ზოგ ნამუშევრებში არის სიუჟეტი, სადაც ვინმეს თავს აჭრიან და აწამებენ, მაგრამ ის მოჭრილი თავიც გაღიმებულია, ისე  ვითომ არაფერი მომხდარა. მომწონს ეგ დამოკიდებულება.


ხატწერაში ყველაზე მეტად  მხიბლავს ის, რომ  სიუჟეტურად ბევრი არაფერი ხდება, მაგრამ მაინც ძალიან მეტყველია.
მაგალითად, ზოგჯერ თვალებია დახატული ზომაზე დიდი და ბევრი საღებავის ფენაა გამოყენებული, რაც ნიშნავს, რომ დიდი დრო აქვს მხატვარს გატარებული ნახატის შექმნაში  და თავისდა უნებურად,  საკუთარი ხასიათი თუ ფიქრებიც აქვს გადმოცემული. სწორედ ესაა, რასაც ხატწერისგან ვსესხულობ,  ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ და რამდენად გამომდის არ ვიცი.

 



როგორ ახერხებთ ძველი ტრადიციული სტილის შერწყმას თანამედროვე ელემენტებთან?


არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე, ალბათ უნებლიეთ ხდება. იმიტომ, რომ მაინც თავისთავად არეკვლადია გარშემო ყველაფერი, სადაც ვარ და რაც თანამედროვეა.


როგორ გებადებათ ნამუშევრის იდეა, გაქვთ რაიმე გზები შთაგონების მისაღებად?


ხშირად რაიმე საინტერესო სიუჟეტს გადავაწყდები სადმე და მერე გონებაში ვამუშავებ, შეიძლება ბოლოს ფორმა შეიცვალოს ან სხვა იდეებს შეერიოს.
შემდეგ ტექნიკაა მოსაფიქრებელი: როგორი კომპოზიცია, როგორი ფერები იქნება გამოყენებული და ა.შ. როდესაც შთაგონების გარეშე ვარ, გადავხედავ ნამუშევრებს, რომლებიც ადრე მხვდებოდა ინტერნეტში და ვინახავდი, ან უცებ ასე ჰაერში გაფიქრებულ კომპოზიციებს ვიხსენებ. თუმცა არის დღეები, როდესაც არ ხარ შთაგონებული არაფრით და არც გინდა, რომ იყო და, უბრალოდ, ისვენებ.




რა უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებთ, მუშაობის პროცესი თუ უკვე დასრულებული ნამუშევარი?


პროცესი იდეის გაჩენიდან უშუალოდ დასრულებამდე - და არ ვიცი რატომ.  ზოგჯერ მალე მინდა მოვრჩე ზოგიერთს, მაგრამ მალე დასრულებული ნამუშევრები შემდეგ არ მომწონს ხოლმე. შეიძლება პროცესი პროცესია, რომელშიც უშუალოდ ვარ ჩართული და დასრულების მერე ერთგვარი ნახატის “გაშვებაა”, რაღაც სახლიდან გაშვებასავით, თითქოს ეუბნები,  „წადი, შენთვის იყავი აწი“… ან შეიძლება არცაა ასე.




არის რამე კონკრეტული გზავნილი, რომლის გადმოცემაც თქვენი ნამუშევრებით გსურთ?


არ ვიცი, ალბათ არა, ან არც ისე. ზოგჯერ  მაქვს იდეა და ვფიქრობ, რომ ნახატი ერთ კონკრეტულ სათქმელს გადმოსცეს და ეს უნდა დაინახოს იმან,  ვინც შეხედავს, მაგრამ ზოგჯერ აზრი იცვლება.
ალბათ ყველაზე ხშირად ჩემი ნამუშევრები გადმოსცემენ დიდ ფერხულში ცეკვის განწყობას, ყველა ყველასთან რომ არის ხელჩაკიდებული, ვიღაცა რომ მხიარულობს და ვიღაცა რომ ბრაზობს, არ უნდა აქ ყოფნა, ვიღაცას სისხლი სდის და ამას ახლავს ყვავილები, ჩიტები და ნაპერწკლები… 




მოგვიყევით, რომელ პროექტებზე მუშაობთ ამჟამად და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?


ამჟამად პატარ-პატარა პროექტებზე ვმუშაობ. შედარებით უფრო დიდია მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის პროექტი, რომელიც განვითარების პროცესშია და სამომავლო გეგმაც მისი დასრულებაა.  

 



ავტორი : ანი შოთაძე