"მარჯანიშვილის უბანი" - გამოფენის ისტორიული არქივი - Hammock Magazine X თიბისი კონცეპტი

თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალეს ფარგლებში შექმნილი პროექტი - “მარჯანიშვილის უბანი” დამთვალიერებლისთვის თიბისი კონცეპტის სივრცეში 8 მარტს კიდევ ერთხელ გაიხსნა და მის ნახვას მსურველი მარტის ჩათვლით შეძლებს. პროექტი, რომელიც არქივების სახით მარჯანიშვილის უბნის ისტორიებს აერთიანებს, ქართველი ხელოვანისა და სცენოგრაფის, ირინა ქურთიშვილის კურატორობით სპეციალურად თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალესთვის განხორციელდა. თემატურ ჯგუფებად დაყოფილი გამოფენა 8 პანელს აერთიანებს, რომელთაგან თითოეული მარჯანიშვილის უბანში არსებული გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობების შესახებ გვიამბობს და ამ ტერიტორიის ისტორიულ, კრიტიკულ, ირონიულ და პოეტურ ასპექტებს სხვადასხვა კონტექსტსა და მედიუმში განიხილავს.

პანელი 1

TBC შენობა 1910-1930





გამოფენის სამი პანელი მარჯანიშვილის 7 ნომერში არსებულ დღევანდელ თიბისი კონცეპტის შენობას ეძღვნება, რომლის შექმნის, განვითარებისა და საბოლოო ტრანსფორმაციის პროცესების ისტორიაც სამ პერიოდადაა დაყოფილი. თიბისი ბანკის შენობა, რომელზეც პოლონელმა არქიტექტორმა ალექსანდრე როგოისკიმ იმუშავა, 1913 წელს კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების სახლის დანიშნულებით აშენდა. სწორედ ამ პერიოდის - 1910-1930-იანი წლების საარქივო მასალებია წარმოდგენილი ცისფერ ნამუშევრებზე, რომლებიც blue print-ის სახელწოდებითაა ცნობილი და დღეს დიდ იშვიათობას წარმოადგენს. თითოეული ნამუშევარი ამ შენობის თავდაპირველი ნახაზებისა და გეგმის დოკუმენტაციაა. მათ შორისაა 1914 წელს შენობის გამოსახულებით შექმნილი საფოსტო ბარათების ფოტოასლები, პერიოდული გამოცემის, “კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების მაცნეს” 1913-1914 წლის ილუსტრაციები. Blueprint-ების გვერდით 1910 წელს კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების მიერ შენობის ესკიზურ პროექტზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შექმნილ ილუსტრაციასაც აღმოაჩენთ, რომელიც სანკტპეტერბურგის არქიტექტორთა საზოგადოების ალმანახში, „Зодчий“-ში იყო გამოქვეყნებული. 

პანელი 2

TBC შენობა 1930-1960






შენობის ისტორიას მომდევნო პანელი აგრძელებს, რომელიც შავ-თეთრი ფოტომასალით საბჭოთა პერიოდში ცენტრალურ უნივერმაღად ქცეულ სივრცეზე გვიამბობს. ფოტოებზე უნივერმაღის სხვადასხვა სექციებია ასახული, რაც მარჯანიშვილის უბნის 1930-1960-იან წლების პერიოდსა და კონტექსტებს უსვამს ხაზს. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან მოწოდებულ 1940-1950-იანი წლების ფოტოებზე დეტალურადაა აღბეჭდილი უნივერმაღში არსებული ქალის ტანსაცმლის, სათამაშოების, ქსოვილებისა თუ ფეხსაცმლის სექციები და შენობის სხვა გარე თუ შიდა სივრცეები. 

პანელი 3

TBC 2002-2005


თიბისი ბანკის შენობის ისტორია მესამე პანელით გვირგვინდება, რომლის საფუძვლიანი სარემონტო სამუშაოებიც 2002-2005 წლებში ჩატარდა. არქიტექტორ გაგა კიკნაძესთან და ლევან მუშკუდიანთან ერთად მუშაობდა მარიკა სანაიაც, რომელსაც გამოფენაზე წარმოდგენილი სარესტავრაციო სამუშაოების დროს შესრულებული ნახაზები და ანაზომები ეკუთვნის. ნაგებობის  პირვანდელი სახის მისაღებად აღდგენა-რეკონსტრუქციის ის მეთოდები იყო გათვალისწინებული, რომელიც ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიულ ძეგლს პირვანდელ სახეს არ დაუკარგავდა. ფოტოფიქსაცია, რომელსაც ნახაზების გვერდით აღმოაჩენთ, დეტალურად ასახავს შენობის სხვადასხვა სივრცის - ჭერის, კიბეებისა და იატაკის დეკორსა და თავისებურებებს, რაც მაქსიმალურად შენარჩუნდა. დღეს ეს ისტორიული შენობა თიბისი კონცეპტის სახელწოდებით ფუნქციონირებს. 

პანელი 4

ვერის ხიდი, წიგნის პალატა და "მწვანე შენობა"


გამოფენის მეოთხე პანელი ვერის ხიდის, წიგნის პალატისა და “მწვანე შენობის” შესახებ გვიამბობს. ვერის ხიდი, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში თბილისში ჩამოსახლებული გერმანელი კოლონისტების თხოვნით აშენდა, დღეს მნიშვნელოვანი დამაკავშირებელია მტკვრის ნაპირებზე განლაგებული მილიონიანი ქალაქისთვის. ხიდმა საბოლოო სახე 1951 წელს არქიტექტორ მ. მელიასა და ინჟინერ გ. ჩომახიძის საერთო პროექტით მიიღო, რის შედეგადაც დღევანდელი სამმალიანი ხიდი აიგო. ხიდს სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ, 1999 წლის შემდგომ კი მას გალაკტიონ ტაბიძის სახელი ეწოდა. გამოფენაზე კურატორის არქივიდან 1980-იანი წლების ფოტომასალას აღმოაჩენთ, რომელიც ვერის ხიდის განვითარების ეტაპებს ასახავს. 

1901 წელს აშენებული “მწვანე შენობა” ამ პანელის ნაწილია, რომელიც თავდაპირველად საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა. არქიტექტორ ვლადიმერ ქურთიშვილის მიერ 1980-იანი წლებში ტუშით შესრულებულ ნამუშევარზე “მწვანე შენობის” ფასადის ფრაგმენტების დათვალიერებაა შესაძლებელი. მის გვერდით კი არქიტექტორ გაგა კიკნაძისა და ლევან მუშკუდიანის 2005 წლის რესტავრაციის პროექტის ნახაზებია წარმოდგენილი. მეოთხე პანელი წიგნის პალატის შენობის ისტორიით სრულდება, რომლის მომრგვალებულმა ფორმამაც ქუჩას დასრულებული სახე მისცა. კურატორის არქივიდან წარმოდგენილ ფოტომასალასა და არქიტექტორ ვლადიმერ ქურთიშვილის მიერ პერგამენტზე ტუშით შესრულებულ ნამუშევარზე წიგნის პალატის მშენებლობის, მისი ფასადისა და ნახაზების ხილვაა შესაძლებელი. 

პანელი 5

მარჯანიშვილის თეატრის შენობა



“თიბისი კონცეპტის” მოპირდაპირედ მდებარე “მარჯანიშვილის თეატრის” შენობა ამ გამოფენის ნაწილია, რომელმაც დრამატულ თეატრად ფუნქციონირება 1930 წელს დაიწყო. მოდერნისტული შენობა თავდაპირველად ქართველი მრეწველისა და მეცენატის, კონსტანტინე ზუბალაშვილის პატივსაცემად “სახალხო სახლად” აშენდა, რომელიც 630 მაყურებლისთვის იყო განსაზღვრული. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ირგვლივ არსებულ ნამუშევრებში ირინა ქურთიშვილის პირადი არქივიდან ამოღებულ მასალებსა და მის მიერ შექმნილ მაკეტსაც აღმოაჩენთ, რომელიც თეატრის ფასადს ასახავს. 



ცნობილია, რომ 1980-იან წლებში ინსტიტუტ “თბილქალაქპროექტის” ახალგაზრდა არქიტექტორთა ჯგუფი ვლადიმერ ქურთიშვილის ხელმძღვანელობით მარჯანიშვილის უბნის რეკონსტრუქციაზე მუშაობდა, რომლის ფარგლებშიც თეატრის 17 მეტრით უკან გადაწევა და მიწისქვეშა სამანქანო გვირაბის მოწყობა იგეგმებოდა. ამასთან, პროექტი მიზნად ისახავდა ქალაქის ცენტრალური ქუჩების გაფართოებას, მათი იერსახის შენარჩუნებას, სარეკრეაციო ზონებისა და მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას. ჩანაფიქრი განუხორციელებელი დარჩა, თუმცა გამოფენაზე პროექტის ორიგინალი ესკიზების, პრესის, ფოტოებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის დეტალური დათვალიერებაა შესაძლებელი, რომელსაც თან რეკონსტრუქციის დროს შექმნილი ორი გრაფიკული ნამუშევარიც ერთვის.

პანელი 7 - პანელი 8

მტკვრის მარცხენა ნაპირის განაშენიანება მე-19 საუკუნეში და გერმანელების ეკლესია




ბოლო ორი პანელი თბილისში XIX საუკუნეში გერმანული კოლონიების წარმოქმნასა და მათ მიერ სხვადასხვა არქიტექტურული ნაგებობების დაარსების ისტორიას გვიამბობს. მტკვრის მარცხენა სანაპიროს პარალელურად სწორხაზოვნად დაგეგმილი კოლონიის ცენტრს გერმანელთა “კირხეს მოედანი” (დღევანდელი კოტე მარჯანიშვილის მოედანი) წარმოადგენდა. იმ პერიოდში მიხეილ რომანოვის სახელობის, ახლა დავით აღმაშენებლის გამზირისა და კოტე მარჯანიშვილის ქუჩის ნახაზების გვერდით თბილისის გერმანული საზოგადოების შემოწირულობებით 1894 წელს აშენებული ლუთერანული ეკლესიის ფოტომასალას, გეგმას და სხვა საარქივო დოკუმენტაციასაც აღმოაჩენთ. ლუთერანული ეკლესია, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაინგრა, გერმანელი არქიტექტორის, ოტო იაკობ სიმონსონისა და ლეოპოლ ბილფელდის ხელმძღვანელობით აშენდა. ამის შემდეგ, 1947-1949 წლებში, არქიტექტორ მიხეილ მელიას პროექტით ამ ტერიტორიაზე ელიტარული სახლები აშენდა, რის საფუძველზეც ახალი მარჯანიშვილის მოედანი ჩამოყალიბდა. 

ვიტრინა 1

გალაქტიონ ტაბიძის სახლი






მარჯანიშვილის (ყოფილი ჟორესის)  4-ში მდებარე სახლში, მეორე სართულზე, 1935 წლიდან ცნობილი ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე ცხოვრობდა, რომლის ჩანაწერები, ამონარიდები დღიურიდან და სხვადასხვა საარქივო ფოტომასალა “მარჯანიშვილის უბნის” გამოფენის ნაწილია. პროექტი ერთგვარ პოეტურ ასპექტებს გალაკტიონის ლექსებისა და მისი მარჯანიშვილის უბნის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების ფონზე იძენს. ჩანაწერებში ამოვიკითხავთ, რომ პოეტი უბანში არსებული ხმაურის, თავისი  ბინის ფასადისა და სახლის საცხოვრებელი პირობებით უკმაყოფილო იყო და არქიტექტორების მეტ ყურადღებას ითხოვდა, რადგან ის არ შეესაბამებოდა “მის წინ არსებულ წიგნის პალატისა და მის გვერდით მყოფ სხვა მშვენიერი არქიტეკტურით აგებულ შენობებს”. 



ვიტრინა 2 - ვიტრინა 3

ნეგატივები / 1980-იანი წლები და საბჭოთა, ქართული და უცხოური გამოცემები

შემდეგი ორი ვიტრინა 1980-იანი წლების ნეგატივებსა და XX საუკუნის წიგნებსა და პუბლიკაციებს ეთმობა, სადაც მარჯანიშვილის უბნის მოდელი, “წიგნის პალატის” შენობის ფოტოები და ამ ტერიტორიის სხვა თანამედროვე დეტალებია აღბეჭდილი. 

გამოფენის ფოკუსში ასევე ექცევა კათოლიკური ეკლესია, რომელიც ქართველი მრეწველისა და მეცენატის, კონსტანტინე ზუბალაშვილის დახმარებით აშენდა. დღევანდელ მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე რუსულ-ბიზანტიურ სტილში აგებული ეკლესიაც “მარჯანიშვილის უბნის” პროექტის ნაწილია, რომლის არქიტექტორი უცნობია, თუმცა 1863-1880 წლებში აგებული ტაძარი ნეორუსული საკრალური ნაგებობის თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. აღსანიშნავია, ასევე ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელი ავსტრიელი მწერლისა და პაციფისტი ქალის, ბერტა ფონ სტუნერის საცხოვრებელი სახლიც, რომელიც უზნაძის 54 ნომერში  მეუღლესთან ერთად რვა წელზე მეტი ცხოვრობდა. თეატრის სახელოსნო, რომელსაც მეოცე საუკუნის 80-იან წლებში მხატვართა გაერთიანება - “მეათე სართული” იყენებდა, განათლების სამინისტროს შენობა უზნაძის ქუჩაზე, თბილქალაქპროექტი და მარჯანიშვილის საცხოვრებელი კვარტლები - ეს ის ადგილებია, რომელთა შესახებაც გამოფენაზე მისულებს ისტორიული არქივი ახალ, საინტერესო ექსპოზიციად წარმოდგენილი დაგხვდებათ. 

ფოტოების წყარო:

1. კურატორის არქივი 2. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი 3. ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო 4. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ფონდები



ავტორი : ქეთევან ბარბაქაძე