McQueen-ის მოდის სახლმა გაზაფხული/ზაფხულის 2022 წლის კოლექცია ლონდონში წარადგინა

McQueen-ის მოდის სახლმა გაზაფხული/ზაფხულის 2022 წლის კოლექცია 12 ოქტომბერს ლონდონში წარმოადგინა. მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, სარა ბარტონის განცხადებით, კოლექცია არაპროგნოზირებადი ამინდითაა შთაგონებული, რომელთან გამკლავების ერთადერთი გზა ისევ ამ მდგომარეობასთან შეგუებაა.





“ამინდი გამუდმებით იცვლება და შეუძლებელია ეს დაუსრულებელი ცვლილება გააკონტროლო. ზოგ დღეს ცა შეიძლება იყოს ძალიან მშვიდი და მშვენიერი, აქა-იქ მიმოფანტული ღრუბლებით, შემდეგ კი მას შეუძლია გახდეს სასტიკი. სიმართლე ისაა, რომ ამ სიტუაციას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. ბუნება ჩვენზე ძლევამოსილია. მზე, წვიმა, შტორმი... არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება, შენ მაინც შენი საქმის კეთება უნდა გააგრძელო”,  - ამბობს McQueen-ის მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი სარა ბარტონი.





შოუ, რომელიც London Skies სახელითაა ცნობილი, არქიტექტორ
Smiljan Radic-ის მიერ სპეციალურად მოწყობილ სახურავზე გაიმართა. მინის კონსტრუქციის  გუმბათიდან მაყურებლებს თავისუფლად შეეძლოთ, მოდის სახლის მიერ ნაჩვენებ სამოსთან ერთად ლონდონის ცისთვისაც ეცქირათ. შოუს კონცეფციიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში შეამჩნევდით ღრუბლის, შტორმისა და ღამის ცის შთაგონებით შექმნილ პრინტებს. შოუ ინგლისელმა სუპერმოდელმა ნაომი კემპბელმა დახურა, რომელიც ალექსანდრ მაკქუინის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ კოლექციის ჩვენებაში პირველად მონაწილეობდა.




ავტორი : ანა გაბისიანი