მეინსტრიმი და პოსტიდენტობა

ამ სტატიის დაწერის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი  ჩვენი  რეალობა გახდა, ის გარემო, სადაც ვცხოვრობთ, საზოგადოება, რომლის ნაწილებიც ვართ, მიზეზები, რის გამოც ამ საზოგადოებას ვეკუთვნით ან მისგან გამიჯვნას ვცდილობთ, გვინდა, საკუთარი გზა დავინახოთ სამყაროში, რომელიც კონსუმერულ იდეოლოგიაზეა დაფუძნებული.

თავისთავად მეინსტრიმის თემა ძალიან ვრცელია და მის ბევრ სხვადასხვა ასპექტზე შეიძლება საუბარი, მაგრამ დღეს მინდა ჩემი ბოლოდროინდელი დაკვირვებები გაგიზიაროთ.



„მეინსტრიმი“ ლათინური სიტყვაა და მთავარ დინებას ნიშნავს, ანუ იმას, რაც  კონკრეტული დროისთვის საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ, უმრავლესობისთვის მისაღებ კულტურულ თუ სოციალურ იდეოლოგიას წარმოადგენს.

წარმოვიდგინოთ დიდი მდინარე, რომელიც ბევრი პატარ-პატარა შენაკადებისგან შედგება და მისგან იკრებს ძალას, ცოტა ხანში ის ერთ მთლიან სტრუქტურად იქცევა, რაღაც პერიოდი მიედინება დამოუკიდებლად, შემდეგ კი დელტა ისევ პატარ-პატარა შენაკადებად დაიყოფა. საზოგადოების მოდელი, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ სწორედ ასეთია, პატარ-პატარა წყაროებით შექმნილი დიდი კანვა, ეს წყაროები ხან სოციალურ მედიაში გამოჩენილი ვიზუალური მასალა, ხან პოლიტიკური პარტიების შეგონებები და ხანაც რელიგიური სტიგმებია.

რა არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ მეინსტრიმის ნაწილები ვხდებით?! იქნებ ეს უბრალოდ რაიმეს ნაწილად ყოფნის სურვილია ან იქნებ უბრალოდ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის, სოციუმისგან გამოყოფის და მასთან დამარცხების შიშია?!

ბევრი პოლიტიკურ-სოციოლოგიური იდეოლოგია არსებობს, რომლებიც დროდადრო მთავარ დინებად იქცევა ხოლმე და მოსახლეობის დიდ ნაწილს შიგნით ითრევს, თავისთავად ისტორია მეორდება და დღესაც იგივე პროცესები მიმდინარეობს.  აბსოლუტური არაფერია, არ შეიძლება მეინსტრიმი აუცილებლად უარყოფითი და მისგან გამიჯვნა კი კარგის მომტანი იყოს. საზოგადოებაში შეხედულებებისა თუ გამოცდილებების დიდი დიაპაზონი გვაქვს, ასე რომ თითოეული ინდივიდი რაღაც ნიშნით რომელიმე ჯგუფში მოიაზრება.

მიუხედავად იმისა, რომ მეინსტრიმი და მარგინალიზმი საპირისპირო ცნებებია, ხშირ შემთხვევაში სწორედ ანდერგრაუდ კულტურასა და მარგინალურ ჯგუფებში მომწიფებული იდეებით იკვებება შემდეგ მასკულტურა. ეს სისტემა ერთი დიდი წრეა, რომელიც მუდმივად ბრუნავს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში იმდენად მარტივად „პაპსავდება“ ყველაფერი, რომ რაიმე ნამუშევრის თავდაპირველი იდეა აღარავის ახსოვს, არადა ხელოვნების ნიმუშის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მისი თვითმყოფადობა და ავთენტურობაა, რასაც მეინსტრიმი ხშირად იაფასიან კონსუმერულ საგნად აქცევს.

პოსტკოლონიალიზმი და პოსტიდენტობა ის თემებია, რომლებიც საქართველოს მოსახლეობისთვის განსაკუთრებით ნაცნობი და მტკივნეულია. დღევანდელმა რეალობამ კი ეს თემები მეინსტრიმად აქცია.

საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და არც არის გასაკვირი, რომ ჩვენ, ამ სისტემის ნაშთებზე მცხოვრები ადამიანები, ამ კულტურული მემკვიდრეობის დიდ გავლენას განვიცდით. რამდენიმე წლის წინ მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებში თუ ამოვიკითხავდით ამ ნიშნებს, დღეს კი თითქოს ჰაერში მიმოიფანტა, ახალი ბრენდების ლოგოტიპებზე, კაფეების მანათობელ ნეონებსა თუ ქუჩაში მოსიარულე ახალგაზრდებზე, რომელთა ჩაცმულობაშიც იმ ეპოქის ნოსტალგია იგრძნობა, რომელშიც არასდროს უცხოვრიათ. ბევრმა ბაბუის ძველი პალტო გადმოღო და მოირგო, როგორც გაუაზრებელი ნიშანი დღევანდელი მეინსტრიმული კულტურისა. რატომ გახდა ჩვენი წარსული, რომლის დროსაც ქვეყანაში რეალურად კარგი არაფერი ხდებოდა - „მაგარი“, იქნება ეს 90-იანების სტილი თუ საბჭოთა კავშირის ესთეტიკა, რატომ მოგვწონს სამოსი ნამგალი და უროს გამოსახულებით იმ დროის აღსანიშნად, როცა საქართველო როგორც სახელმწიფო აღარ არსებობდა?! რატომ ვიკეთებთ ისეთ  ტატუებს, რომელიც თავის დროზე ქურდულ სამყაროს ახასიათებდა, ჩვენ ხომ რეალურად წარმოდგენაც არ გვაქვს მისი მნიშვნელობის პირველწყაროზე?! სად გადის ზღვარი რეალურსა და კიტჩს შორის?! რა კრიტერიუმებით შევძლებთ მათ განსაზღვრას?! რატომ ვახდენთ ტოტალიტარული რეჟიმის რომანტიზებას და ესთეტიზაციას მისი ძირეული ისტორიული გაანალიზების გარეშე?! რას მოგვიტანს წარსული ტრამვების, შეცდომების და სისტემური ნარჩენების დახურილი ფარდის ქვეშ დატოვება 30 წლის შემდეგ, როდესაც სანატრელი თავისუფლება მოვიპოვეთ?!  რატომ ვიკვებებით უკვე დაობებული სისტემის ნარჩენებით და ვრჩებით დრომოჭმული ცნობიერების მორჩილებაში?!



Vetements – soviet hoodie

გლობალიზაციის წნეხის ფონზე ადამიანები თავიანთ ფესვებს ეძებენ და ცდილობენ საკუთარი წარმომავლობით თავისი იდენტობა იპოვონ, მაგრამ რამდენად სწორია  საკუთარი წარსულის და ისტორიის კომერციალიზაცია?! აქ საქმე ეთიკასთან გვაქვს. რამდენად შეიძლება ისტორიის გაყიდვა, ტკივილის, რომელიც მათმა წინაპრებმა ან თუნდაც თავად განიცადეს, იმ ადამიანებისთვის მიყიდვა, ვინც არც რეალური ისტორია იცის და ამ ნიშნებსაც უბრალო სიმბოლოებად აღიქვამს პირველადი მნიშვნელობის გარეშე, ყველაფერი ავთენტურობას კარგავს და ის თვითმყოფადი ნიშნები, მაისურებზე დატანილი, კონსუმერულ საგნად იქცევა. დემნა გვასალიაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, სწორედ მან მისცა ჩვენს კულტურას და ისტორიას პოლიტიკური მანიფესტაციის სახე და სამოსის საშუალებით ჩვენი წარსული “ბუკვალურად” თარგმნა. აქაც ორმაგი სტანდარტით შეიძლება მივუდგეთ ამ თემას, კონსუმერიზმი თუ ეთიკა, როგორ განვსაზღვროთ ამ ნაბიჯების ვალიდურობა?!



Situationist



Gola damian



Vetements – spring 2019 ready to wear

არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომელმა დიზაინერმა შექმნა ესა თუ ის ნივთი პირველმა,  რადგან მოდა ძალიან ფლუიდურია. ჩემთვის საინტერესო ის ტენდენციებია, რომლებიც ასე მკაფიოდ ჩანს, განსაკუთრებით ბოლო წლებში გაკეთებული პროექტებით თუ  ვიმსჯელებთ. მოდამ სოციალური სახე მიიღო, ეიჯიზმი, უსახლკარობა  და მატერიალური სიდუხჭირე ქუჩებიდან პოდიუმზე და შემდეგ ძვირადღირებულ მაღაზიებში გადადის. თითქოს ვცდილობთ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და მეტი მიმღეობა გავუჩინოთ ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის მიმართ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამით რეალური სურათი არ იცვლება ღარიბი ადამიანები მაინც ღარიბებად რჩებიან, ასაკოვან ადამიანებს ისევ ასაკი ემატებათ ხოლო ამ „სოციალურ კამპანიას ამოფარებულები“  ისევ დიდი ბრენდები მდიდრდებიან. 

აქ მოცემულია ფოტოები სხვადასხვა პროექტებიდან, სარეკლამო კამპანიებიდან თუ ჩვენებებიდან, ზოგი მათგანი კონკრეტულ ადამიანებზე, ზოგი კი, ზოგადად, მყიდველებზეა ორიენტირებული. ტანსაცმელზე დაპრინტულ საქართველოს დროშას  ხან ერთი, ხან მეორე დიზაინერი იყენებს, ეს ალბათ შინაგანი ძახილია იმისა, რომ სხვებს ვაჩვენოთ, ჩვენც  ვარსებობთ - როგორც სახელმწიფო. რამდენადაც  ამდენი წელი საკუთარ თავს დასავლეთის თვალით ვუყურებდით, იმდენად მოგვეკრა პოსტსაბჭოთა ქვეყნის იარლიყი, რომ იმის მიღმა ყურება და დანახვა თითქოს ჩვენც დაგვავიწყდა, დაგვავიწყდა თავისუფლების ფასი და საკუთარ თავს მხოლოდ და ჯერ კიდევ ძველი და მახინჯი სისტემის ნაწილად აღვიქვამთ.



Dze  (Dzegvi)  - Georgia Project

ჩემთვის კარგი მაგალითი იყო dze project, რომლის პრეზენტაციაც MBFW Tbilisi-ის ფარგლებში შედგა. სოციალური თემატიკის წინ წამოწევა მკაფიო დეტალებით და გამართული “სთაილინგით” სოციალურ მესიჯს უგზავნის საზოგადოებას - შეგროვილი თანხა  ძეგვის თავშესაფარს გადაეცა. ასევე სიტუაციონისტი, რომელიც თავისი ბოლოდროინდელი კამპანიებით ცდილობს ყოველდღიური პრობლემები დაგვანახვოს,    და ყოფითი ჟანრი წინ წამოსწიოს, რაც თავისთავად გლამურისგან ძალიან შორსაა. თითქოს ის თემები, ადგილები და ადამიანები, ვისაც ადრე მოდა მალავდა,  მისი ინტერესის ღერძად იქცა და  დაფარული გაცხადდა.



Situationist  ss 2020 diaries by Salome Potskverashvili             



Situationist  ss 2020 diaries by Salome Potskverashvili



Situatioinist



Dze  (Dzegvi)  - Georgia Project



Vetements – fall winter 17/18

ასევე აღსანიშნავია LTFR ის პროდუქცია,  გამორჩეული ქართული წარწერების სიუხვით და  ჩვენი ბავშვობის 90-იანების მძაფრად გამოხატული ესთეტიკით.




როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, მეინსტრიმი მეინსტრიმად რჩება, თუმცა დინებები იცვლება, რაც დღეს მნიშვნელოვანია, ხვალ  მეორეხარისხოვანი გახდება. დღეს რა კრიტერიუმებით შეაფასებთ ამა თუ იმ მიმდინარეობას, საგანს ან ნამუშევარს რომელიც, აქტუალურია და ყურადღებას იქცევს?!  ვისურვებდი ნაკლებად კონსუმერულები ვიყოთ და ვეცადოთ, რომ მთავარმა დინებამ ძალიან შორს არ წაგვიღოს.   

2021 წლის დასაწყისში კუნსტჰალე თბილისმა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა ონლაინ ვორქშოპი სათაურით: „ახალი სტრატეგიები კრიტიკულ აზროვნებაში და ხელოვნებაზე წერა.” ვორქშოპს უძღვებოდნენ ნიუ-იორკში მცხოვრები ხელოვანი ლევან მინდიაშვილი და ლონდონელი ხელოვნებათმცოდნე და კურატორი ვია სკანგალე. ორთვიანი კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ ისეთ ბაზისურ კონცეფციებს, როგორებიცაა: პოსტიდენტობა, ინტერსექციონალიზმი და დეკოლონიზაცია. ამ პარამეტრების საფუძველზე და დამხმარე ლიტერატურის გამოყენებით, კურსის მონაწილეებმა განიხილეს თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესები, მათი ესსეები, ერთგვარად, ქართული კრიტიკული ენის განახლების და კონცეპტუალური საფუძვლის შექმნის მცდელობაა.

 



ავტორი : მარიამ ბერძენიშვილი