მსოფლიოს ყველაზე დახვეწილი და მდიდრული მატარებლები

"თუ მატარებელი დიდი და კომფორტულია, დანიშნულების ადგილის შერჩევაც კი არ გჭირდებათ", - ვკითხულობთ ამერიკელი მწერლის, პოლ ტერუს წიგნში - The Great Railway Bazaar, რომელშიც მწერალი ინგლისიდან აზიაში რკინიგზით მგზავრობას აღწერს. მატარებლით მოგზაურობა შესანიშნავი გზაა ახალი ადგილების აღმოსაჩენად, თუმცა ამის გარდა, მსოფლიოს გამორჩეული ძვირადღირებული მატარებლები ელეგანტური და საინტერესო დეკორით, ისტორიითა თუ პერსონალური მომსახურებით განსაკუთრებულად გვამახსოვრებენ თავს. Hammock Magazine წარმოგიდგენთ იმ ცნობილი მატარებლების ჩამონათვალს, რომელშიც მგზავრებს დაუვიწყარი და შთამბეჭდავი გარემო დახვდებათ. 

 

Venice Simplon-Orient-Express

ცნობილი Venice Simplon-Orient-Express სათავგადასავლო მოგზაურობას გპირდებათ. აგატა კრისტის დეტექტიურ ისტორიაში „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ მოქმედება სწორედ ამ ლეგენდარულ მატარებელში ხდება. მატარებელი მოგზაურობს ევროპის ყველაზე თვალწარმტაც ქალაქებში - ლონდონი, პარიზი, ინსბრუკი, ვერონა და ვენეცია. დეკორი, რომელშიც ხის და ხავერდის მასალაა გამოყენებული, ხიბლს არ კარგავს, ხოლო მატარებლის ელეგანტური ლუქსი ძველ ეპოქაში დაგაბრუნებთ. გამორჩეულია მატარებლის რესტორანიც, რომელიც ფრანგული სამზარეულოს საუკეთესო კერძებს სთავაზობს სტუმრებს. 

 

Eastern & Oriental Express

Eastern & Oriental Express  ძვირადღირებული მატარებელია, რომელსაც მგზავრები სინგაპურში, მალაიზიასა და ტაილანდში გადაჰყავს. თუ სინგაპურიდან გაემგზავრებით, ამ მოგზაურობისას აღმოაჩენთ კუალა ლუმპურს, კამერონის მაღალმთიანეთს და ჰუაი იანგს. ტაილანდის, სინგაპურის, მალაიზიისა და ლაოსის მისტიკური პეიზაჟების პანორამული ხედები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. საინტერესოა მატარებლის დეკორიც - მწვანე და ოქროსფერი ფასადის მიღმა გვხვდება ოსტატურად შეხამებული ვინტაჟური დიზაინი აზიური მოტივებით. გაპრიალებულ ხის კედლებს ორგანულად ერწყმის აბრეშუმის ავეჯი კლასიკური აზიური დიზაინით. ეგზოტიკურ რესტორანში ჯაზ-კლუბის ატმოსფეროა, სტიუარდები კი შამპანურს, ღვინოს და კოქტეილებს შემოგთავაზებენ. 

 

Belmond British Pullman 


 

ისტორიული მატარებელი - Belmond British Pullman გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურების მსურველთათვისაა. Cygnus - ვაგონი, რომელიც 1950-იან წლებში აშენდა, Pullman-ის თერთმეტი ვაგონიდან ერთ-ერთია, რომელშიც სამეფო ოჯახის წევრები, სახელმწიფო მოღვაწეები ცხოვრობდნენ და მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურებასაც რამდენჯერმე გადაურჩა. თუმცა, მხოლოდ ეს არ გამოარჩევს მას სხვა ისტორიული მატარებლებისგან. ვაგონის დიზაინზე რეჟისორმა უეს ანდერსონმა იმუშავა. უესმა Cygnus-ის ვაგონის ისტორია საკუთარი თამამი და თანამედროვე ხედვით დააბალანსა - განსაცვიფრებლად სიმეტრიული, თამამი სწორი ხაზები და დახვეწილი ფერთა გამა. ჭერზე პასტელური ვარდისფერი დეტალებითა და ხალიჩებსა და სკამებზე მწვანე ტონების მრავალფეროვნებით, თითქოს რეჟისორის ერთ-ერთი ფილმის გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდებით. ხის პანო მზის სხივებს, ღრუბლებს, ვარსკვლავებსა და ტალღებს ასახავს. მკვეთრი ხაზები წარმოდგენილია სკამებისა და სარკეების სახით, რაც კუთხურ წონასწორობას იცავს და რეჟისორის ხელწერას გვახსენებს. Cygnus-ის ბილეთი ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დაბრუნდეთ მოგზაურობის ოქროს ხანაში და ამავდროულად, ისიამოვნოთ თანამედროვე დიზაინის მშვენიერებით. 

 

Belmond Andean Explorer, Peru

Belmond Andean Explorer სტუმრებს 1999 წლიდან მასპინძლობს. პირველ ძვირადღირებულ სადღეღამისო მატარებელს სამხრეთ ამერიკაში Belmond Andean Explorer-ს ვიზიტორები ანდესზე გადაჰყავს. კუპეებში კომფორტული,  დიდი ზომის საწოლები დაგხვდებათ ალპაკას მატყლის საბნებით. რესტორანში სტუმრებს უმასპინძლდებიან პერუს სამზარეულოს საუკეთესო კერძებით, რასაც შეფმზარეულები ანდებიდან მიღებული ინგრედიენტებით ქმნიან. მაქსიმალური განტვირთვისთვის კი Picaflor-ის სპაში მასაჟის პროცედურებით შეგიძლიათ ისიამოვნოთ. 

 

Maharaja Express, India

ინდოეთში Maharaja Express-ის ბორტზე ზღაპრული გარემო და ინდოეთის ულამაზესი პეიზაჟები გელით. მდიდრული მატარებელი ჩერდება ტაჯ მაჰალში, გვალიორის ციხესიმაგრეში, წმინდა ქალაქ ვარანასსა და სამეფო ქალაქ ლუკნოუში. ეს ერთგვარად  მოძრავი სასახლეა, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დაიკავონ ადგილები ინდური გემოვნებითა და ნოსტალგიით გაფორმებულ კაბინებში. სასტუმროს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა ბარი, რომელიც სამეფო ბუდუარს მოგვაგონებს. Maharaja Express ხუთი სამგზავრო სალონს აერთიანებს, რომელიც ოთხი დელუქს კაბინისგან შედგება. ყველა კაბინასა და საზოგადოებრივ ზონას აქვს დიდი პანორამული ფანჯრები, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ეგზოტიკური ხედებით დატკბნენ.

 

Pride of Africa by Rovos Rail

Rovos Rail-მა 1989 წლიდან, პირველივე რეისებიდან, მოიპოვა საერთაშორისო რეპუტაცია ჭეშმარიტად მსოფლიო დონის მოგზაურობის გამოცდილებით - მგზავრობის სერიაში, რომელიც 48 საათიდან 15 დღემდე გრძელდება, Rovos Rail კონტინენტის უდიდეს მიმართულებას ერთმანეთთან აკავშირებს. შეგიძლიათ აღმოაჩინოთ სამხრეთ აფრიკა, პრეტორიიდან ან თუნდაც კეიპტაუნიდან და დატკბეთ სამხრეთ აფრიკის ულამაზესი ხედებით. მატარებლის დეკორი ოქროს ხანის სულისკვეთებასა და თანამედროვე კომფორტს იდეალურად აერთიანებს. 

 

Seven Stars, Japan

მიუხედავად იმისა, რომ იაპონურმა სარკინიგზო მატარებლებმა სახელი სიჩქარით გაითქვა, Seven Stars-მა უფრო ექსკლუზიური რეპუტაცია მოიპოვა. მატარებელი კიუშუს მისტიკურ გარემოში ვულკანებსა და ონსენებს შორის გადაადგილდება, ხან კი ალუბლის მინდვრებში აღმოჩნდება. მატარებლის დეკორი დასავლური ფუფუნებისა და იაპონური ელეგანტურობის ნაზავია. ხის ინტერიერი და კლასიკური დიზაინის ელემენტები სხვა ეპოქას მოგაგონებთ. ”ყველაფერი უნიკალურია და შექმნილია სპეციალურად ამ მატარებლისთვის”, - ამბობს Seven Stars-ის დიზაინერი ეიჯი მიტოკა. “ჩვენი თემა იყო დასავლური და აღმოსავლური კულტურის ელემენტების შერევა, რათა შეგვექმნა ის, რაც აქამდე არასდროს გვინახავს“. 

 

Shiki-Shima, Japan

ვაგონები დიდი გეომეტრიული ფანჯრებითა და რბილი სავარძლებით - Shiki-Shima იდეალური მგზავრობას გვპირდება. მდიდრული მატარებელი მორთულია ტრადიციული მასალებით, როგორიცაა ხე და იაპონური ვაშის ქაღალდი, ხოლო იატაკზე ტატამია გამოყენებული. დიზაინერმა კენ კიიოიუკიმ ტრადიციული იაპონური ოსტატობისა და თანამედროვე მასალების არაჩვეულებრივი სინთეზი შემოგვთავაზა. მატარებლის რესტორანში იაპონელი შეფმზარეული კაცუშირო ნაკამურა მთელი მოგზაურობის განმავლობაში იმ რეგიონებისთვის დამახასიათებელ მენიუს შემოგთავაზებთ, სადაც მატარებელი გაივლის. ინტერიერის მთავარი ვიზუალური ელემენტი - დიდი მყარი სავარძელი მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს კომფორტულად მოკალათდნენ და დატკბნენ იმ პეიზაჟებით, რომლებიც ქალაქებს - ტოჰოკისა და ჰოკაიდოს შორის გვხვდება. 

 

Rocky Mountaineer, Canada

"პირველი გადასასვლელი დასავლეთისკენ" - ასე ჰქვია მარშრუტს, რომელსაც პანორამული მატარებელი - Rocky Mountaineer კრისტალურად სუფთა ტბების, ღრმა ხეობებისა და აზიდული კლდეების გასწვრივ გადის. მოგზაურობას ვანკუვერიდან ბანფამდე კანადის კლდოვანი მთების გავლით ორი დღე სჭირდება და მოიცავს ღამისთევას მატარებლის სასტუმროში. 5-ვარსკვლავიანი რესტორნით დაწყებული, პანორამული ფანჯრების მქონე კომფორტული კაბინების ჩათვლით, კანადურ Rocky Mountaineer-ში ყველაფერია სასიამოვნო დასვენებისთვის.

The Presidential Train, Portugal

The Presidential Train ფუფუნების მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა პორტუგალიაში. 1890 წლიდან მატარებელი პრეზიდენტებს, სახელმწიფოს მეთაურებს, მეფეებს და პაპებს ემსახურებოდა. ​“საპრეზიდენტო მატარებელი” მოიცავდა ხუთ მდიდრულ ვაგონს: სახელმწიფოს მეთაურის დარბაზი, მინისტრთა დარბაზი, თემისა და დაცვის ვაგონი, რესტორნის დარბაზი და ვაგონი ჟურნალისტებისთვის. The Presidential Train თითქოს დროის კაფსულია, რომელიც წარსულში გვამოგზაურებს. ეს ისტორიული მატარებელი 2010 წელს აღადგინეს. ავეჯი რკინიგზის ეროვნულ მუზეუმშია გამოფენილი, როგორც რკინიგზის ისტორიის ყველაზე თვალსაჩინო ნაწილი. 


South Africa Blue Train

ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პრეტორიიდან სამხრეთ აფრიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კეიპტაუნამდე მოგზაურობა Blue Train-ით კიდევ უფრო სასიამოვნოა. Blue Train-ით მოგზაურობა საუკეთესო გზაა სამხრეთ აფრიკის თვალწარმტაცი პეიზაჟების დასათვალიერებლად. მით უმეტეს, მაშინ  როცა მატარებელში მსოფლიო დონის რესტორანი და შესანიშნავი ღვინოები დაგხვდებათ. მატარებელს, რომელმაც პირველი რეისი 1920-იან წლებში შეასრულა, მგზავრები სამხრეთ აფრიკის მთიანი რეგიონის  ვენახებში, ეროვნულ პარკებსა და მომხიბვლელ ქალაქებში გადაჰყავს. მდიდრული ლუქსით და შთამბეჭდავი დიზაინით, როგორიცაა კლუბის ლაუნჯი, Blue Train ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ატმოსფეროს ქმნის.

 

ფოტო: Tourradar, Belmond, Follow Me Away, Rhino Africa, Tokyo Weekender, Japan.Travel, Spring Wise, Country Living, Borcad, Secrets From Portugal, Blue Train

ავტორი: მარიამ ქორიძე