ნაცნობი სივრცე ახალი აღმოჩენებისთვის - ინტერვიუ ხელოვან სანდრო ფაჩუაშვილთან

სანდრო ფაჩუაშვილი ახალგაზრდა არტისტია, რომელმაც აქტიურად ხატვა სამი წლის წინ დაიწყო. 

ხატავს  სხვადასხვა ზედაპირზე, განსხვავებული მასალებით. ხშირად მისი ტილოები საბოლოო ვიზუალის ძიებაში   თავიდან იქმნება, ყველაფერ ამას კი სანდროსთვის დამახასიათებელი საერთო სტილი  და აურა აერთიანებს.


Hammock Magazine გთავაზობთ ინტერვიუს ხელოვანთან, რომელიც საკუთარი ნამუშევრების და შემოქმედებითი პროცესის  შესახებ ვრცლად გვესაუბრა.





სანდრო,  როგორ დაინტერესდი მხატვრობით?


პირველად გრაფიტი დავხატე თბილისში. მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც  მთელი ცხოვრება უნდა მეკეთებინა და მას შემდეგ  არც გავჩერებულვარ, რადგან ქუჩის მხატვრობა და ანდენგრაუნდი საოცრად მომხიბვლელი და საინტერესო მეჩვენებოდა.



როგორ არჩევ კონკრეტული ნახატისთვის
ფერთა პალიტრას?

ბავშვობიდან ადამიანებს და ზოგადად, მოვლენებს ფერებად აღვიქვამდი. ჩემს გონებაში ადგილებს, ემოციებს და სიტყვებს...  ყველაფერს საკუთარი ფერი ჰქონდა. ახლაც ასეა, როცა ვხატავ, რამდენიმე დღე ფონის, მთავარი ბეგრაუნდის  შექმნას ეთმობა. შემდეგ ნელ-ნელა შემოდის  ფერები და ვითარდება მთავარი იდეა. დასაწყიში არასდროს ვიცი, როგორი იქნება ნამუშევრის საბოლოო სახე. ყველაფერი ხატვის პროცესში იცვლება და ვითარდება. 

გრაფიკულ პროგრამებს თუ იყენებ?

გრაფიკულ პროგრამებს მხოლოდ მაშინ ვიყენებ, როდესაც მუშაობის პროცესში რაღაცის დამატება მინდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ  რამდენად კარგი გამოვა. ამ დროს ტილოს ვუღებ ფოტოს და პროგრამაში ვნახულობ შესაძლო ვერსიებს. სხვა შემთხვევაში პირდაპირ ტილოზე ვმუშაობ.



შენი აზრით, არტისტისთვის  რამდენად მნიშვნელოვანია აკადემიური განათლება?

ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც არსებობს იდეა, მაგრამ მისი ტილოზე გადმოტანა არცთუ  იოლია. ამიტომ ვიწყებ იმაზე ფიქრს, თუ როგორ გავაკეთო ეს ტექნიკურად. ვეკითხები მეგობრებს, ვეძებ ვიდეოებს და ჩემთვის საჭირო ინფორმაციას. მიუხედავადა იმისა, რომ ეს ყველაფერი მეტ დროსა და  რესურსებს მოითხოვს, ძალიან საინტერესო პროცესია.


ნახატებში საკმაოდ  ხშირად იყენებ  წარწერებს. აქვს თუ არა მათ რაიმე საერთო კომიქსების სტილთან?


ბავშვობიდან მიყვარს კომიქსები და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხაზი ჩემს ნახატებშიც არსებობს, თუმცა წარწერებს ერთი კონკრეტული მიმართულება ნამდვილად არ აქვთ. ხატვის დროს თუ რომელიმე ფრაზა გამიელვებს თავში, ყოველთვის ვაწერ. ვფიქრობ,  ნახატებზე მისი დამატება საერთო ვიზუალს მსუბუქ, ბუნებრივ და მეტად აღქმად გამოსახულებად აქცევს.



ჩვენს ქალაქში, ყოველდღიურ გარემოში, რა ხდება შენთვის შთაგონების წყარო და რამდენად რეალურია ამ სივრცეში მუდმივად და სწრაფად ვითარდებოდე?

ხშირად მაქვს განცდა, რომ ჩაკეტილ სივრცეში ვარ და გაქცევა მინდა. მაგრამ არსებობს  მეორე მხარე, თავიდან აღმოვაჩინო ის, სადაც ვარ. სეირნობისას ვაკვირდები დეტალებს, რაც შეიძლება ერთი შეხედვით  შეუმჩნეველიც კი ყოფილიყო. ასეთი აღმოჩენები ისეთ აზრებს და ფიქრებს აღვიძებს, რომ საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები. თავს ყველგან კომფორტულად ვიგრძნობ, მოგზაურობის დროს ვიღებ ძალიან დიდ მასალას, ამ ყველაფერს ვაგროვებ და ვინახავ. სახლში ბევრად პროდუქტიული ვარ. სულ ვხატავ. კარანტინის პერიოდში სამი სერია გავაკეთე. სერიებს შორის ყოველთვის არის გარდამავალი ნახატები, რომელიც მაძლევს ყურადღების გადატანის საშუალებას და იდეების უკეთ გადამუშავებაში მეხმარება. 

რა არის შენი სერიული ნახატების მთავარი იდეა?

ეს არის დიდი მოცულობის ინფორმაცია, ნაფიქრი იდეა, რომელიც ძალიან მიტაცებს და რამდენიმე ნახატს აერთიანებს.  ხშირად ერთ ტილოზე ვხატავ რამდენიმე ნახატს. თუ ვგრძნობ, რომ  ზედმეტად  გადაიტვირთა, თავს ვანებებ. 



ალბათ ნებისმიერი არტისტისთვის მნიშვნელოვანია ბავშვური აღფრთოვანების უნარი, ენთუზიაზმი. მეორე მხარეს კი დგას პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა. შენ როგორ პოულობ ბალანსს?

ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ძალიან მიმართლებს, რადგან ყოველთვის მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვხატო და საყვარელი საქმე ვაკეთო. ძალიან ხშირად, როდესაც ახალი მასალები მჭირდება, ზუსტად ამ დროს იყიდება ჩემი რომელიმე ნახატი და ეს გზის გაგრძელებაში მეხმარება.




როგორ გარემოში ისურვებდი მუშაობას?

მინდა,  ხატვისას, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, მივიღო მაქსიმალური სიამოვნება და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდე.



რამდენად დიდ როლს თამაშობს ციფრული პლატფორმები შენი ნამუშევრების  პოპულარიზაციაში?

ციფრული სამყარო ძალიან მეხმარება. ამ ეტაპზე ძირითადად ყველა ჩემი ნახატი ინსტაგრამის დახმარებით იყიდება, ზაფხულში იგეგმებოდა, რომ ჩემი სერია  - ”სახეები“ -  წაეღოთ ლონდონში, მაგრამ რეისების შეზღუდვის გამო ეს პროექტი შეჩერდა.



როგორი წარმოგიდგენია შენი შემოქმედება ხუთი წლის შემდეგ?

იქიდან გამომდინარე, რომ  ყოველდღე ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვფიქრობ, რომ  ხუთი  წლის შემდეგ ჩემი ნამუშევრები იქნება მეტად სრულყოფილი როგორც  გრაფიკულად, ასევე ფერების და ტექსტურის მიმართულებით. რამდენიმე  წლის შემდეგ  ვიქნები სწორედ იქ, სადაც დასაწყისიდანვე  ვხედავდი  საკუთარ თავს.



ავტორი : ნინო საბაური