Neptune - “კოსმოსური ხომალდი” დახვეწილი ინტერიერით

ფლორიდაში დაფუძნებული კომპანია Space Perspective მომხმარებლებს სტრატოსფეროში მოგზაურობას უნიკალური დიზაინის “კოსმოსური ხომალდის” - Neptune-ის საშუალებით სთავაზობს. პირველი მგზავრობა 2024 წელსაა დაგეგმილი, რომლის ღირებულება ერთ ადამიანზე 125 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. Neptune მსოფლიოში ერთადერთი კარბონ-ნეიტრალური “კოსმოსური ხომალდია”, რომლის კაფსულაში აღმოჩენილ ადამიანებს წინ 6-საათიანი მგზავრობა ელით - ისინი პლანეტას 30 კილომეტრის სიმაღლიდან გადმოხედავენ და კაფსულაში პანორამულად განლაგებული ფანჯრებიდან შთამბეჭდავ ხედებს დაათვალიერებენ. 


ახლახან კომპანიამ Neptune-ის LED განათებით წარმოდგენილი ინტერიერის ამსახველი სურათები გაავრცელა. კაფსულა მგზავრებისათვის განკუთვნილ სკამებს, ბარსა და სააბაზანოს აერთიანებს. როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, Neptune აღჭურვილია როგორც შიდა, ისე გარე კამერებით, რომლებიც მოგზაურობას ვიდეოებისა და ფოტოების სახით აღბეჭდავს. ამასთან სივრცეში მოქმედებს Wi-Fi, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს დედამიწასთან კავშირი შეინარჩუნონ. ადგილების დაჯავშნა უკვე დაწყებულია.

ავტორი: ანა გაბისიანი